თამთა ჩაჩანიძე
22.04.2022

ოკუპანტის ჯარი დონბასს კვლავ ბომბავს - უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს, არის დიდი მსხვერპლი. თუმცა მიუხედავად ამისა აშშ აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ბრძოლის ველზე თავის გრანდიოზულ ამბიციებს ვერ ახორციელებს. ამის პარალელურად დასავლეთის ქვეყნები უკრაინას შემტევითი ტიპის იარაღს აწვდიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 24 საათის განმავლობაში განადგურდა რუსული ძალების 6 ტანკი, 8 ჯავშანტექნიკა, 15 მანქანა და ოთხი საარტილერიო სისტემა. გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

"გასულ ღამეს რუსეთის 58 არმიის შემადგენლობაში შემავალი 136-ე მოტომსროლელმა ბრიგადის ტაქტიკურმა ქვედანაყოფმა კურახოვსკის მიმართულებით მოქმედების დროს დიდი მსხვერპლი განიცადა (250 ადამიანი) და ასევე განადგურდა მათი 10 ერთეულ სარაკეტო და საარტილერიო სისტემა,"-ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ამავე პერიოდში უკრაინელმა სამხედროებმა, რუსი ოკუპანტების 15 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. 21 აპრილის შედეგების თანახმად, განადგურებულია: 3 თვითმფრინავი (სუ-34, სუ-35, სუ-25); 3 ვერტმფრენი (ორი მი-8 და ერთი კა-52) და 9 უპილოტო საფრენი აპარატი ("ორლან-10").

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ერთობა უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს, რომ ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპაციას.

„პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შეუერთდნენ მამაცი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას.

„ჩვენი ერთობა შინ და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელ ხალხთან უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს: ის ვერასოდეს შეძლებს უკრაინაზე გაბატონებას და მის ოკუპაციას. ეს არ მოხდება", - წერს ბაიდენი.

მოუხედავად დიდი წინააღმდეგობისა საოკუპაციო ჯარები ცდილობენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში თავისი კონტროლი გააფართოვოს.უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბის უფროსის თანაშემწე ოლენა სიმონენკომ ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა გასულ 24 საათში დონეცკის აღმოსავლეთში, 42 სოფელი დაიკავეს.სიმონენკოს თქმით, უკრაინულმა ძალებმა სოფლები შესაძლოა, ,,ხვალ დაიბრუნონ".

რაც შეეხება მარიუპოლს, რუსული მხარე აცხადებს, რომ რეგიონზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადებით,სანამ ბატალიონი „აზოვსტალშია" მარიუპოლი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

„აზოვსტალის" ტერიტორიაზე ყველა შენობა პრაქტიკულად განადგურებულია. ისინი ყრიან ბომბებს, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს, რაც იწვევს უზარმაზარ ნგრევას. ჩვენ გვყავს დაჭრილები და დაღუპულები ბუნკერებში. მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი დანგრეული შენობების ქვეშ რჩება", - აღნიშნა პალამარმა „ბიბისისთან"

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი უკრაინელი დამცველი დარჩა მარიუპოლში, კაპიტანმა პალამარმა უპასუხა "თავდასხმების მოსაგერიებლად საკმარისი".

„სანამ ჩვენ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება,"- განაცხადა „აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ.

ამბობს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები მებრძოლებისგან მოშორებით, სარდაფებში იმყოფებიან, თითოეულში 80-100 ადამიანი, საერთო რაოდენობა უცნობია, რადგან რამდენიმე შენობა განადგურებულია და მებრძოლები დაბომბვის გამო იქამდე ვერ აღწევენ. სვიატოსლავ პალამარმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ბუნკერის შესასვლელი დაბლოკილია მძიმე ბეტონის ფილებით, რომელთა გადაადგილება მხოლოდ მძიმე ტექნიკას შეუძლია.

„ვაგრძელებთ კონტაქტს იმ მშვიდობიან მოქალაქეებთან, რომლებიც რჩებიან ისეთ ადგილებში, სადაც შეგვიძლია მივიდეთ. იქ სამი თვის ასაკის ჩვილებიც კი არიან", - აღნიშნა მან.

გუშინ პუტინმა "აზოვსტალზე" შტურმის ბრძანება გააუქმა, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ პუტინის გადაწყვეტილება „აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის ბლოკადის შესახებ, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ მას სურს მარიუპოლში უკრაინელების წინააღმდეგობა შეაკავოს და რუსული ძალები აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე განლაგების მიზნით გამოათავისუფლოს.

„აღმოსავლეთ დონბასში, მძიმე დაბომბვა და ბრძოლები გრძელდება, რადგან რუსეთი ცდილობს წინსვლას დასახლებებისკენ, მათ შორის კრასნი ლიმანის, ბუჰაიკვას, ბარვინკოვეს, ლიმანისა და პოპასნას მიმართულებებით, რაც რეგიონში მათი გეგმების ნაწილია.

„რუსული ძალები კვლავ განიცდიან ზარალს, როგორსაც ისინი კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე განიცდიდნენ. რესურს გამოლეული ძალების აღდგენის მიზნით, მათ გამოუსადეგარი აღჭურვილობის რუსეთში, შეკეთების მიზნით გადატანას მიმართეს,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ეერთებული შტატები უკრაინას Phoenix Ghost-ის ტიპის 121 დრონს მიაწვდის, რაც მათ დონბასში ბრძოლაში დაეხმარებათ.

„ეს არის დრონი, რომლის შექმნის პროცესი რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მიმდინარეობდა. ის შეიქმნა იმ საჭიროებებისთვის, რომელიც ძალიან ემთხვევა იმას, რაც უკრაინელებს ახლა დონბასში აქვთ,"- აღნიშნა კირბიმ.

მისივე განმარტებით, დრონი შექმნილია სამიზნეებზე თავდასხმების განსახორციელებლად და ის ერთი გამოყენების შემდეგ ნადგურდება.

პენტაგონის პრესსპიკერის ინფორმაციით, Ghost-ის დრონების გამოყენებისთვის უკრაინელ სამხედროებს ისეთივე წვრთნა ჩაუტარდებათ, როგორც მათ ე.წ. „კამიკაზე" დრონებთან დაკავშირებით ჩაუტარდათ, თუმცა, ჯონ კირბიმ არ დააკონკრეტა, როგორ ჩატარდება წვრთნა და რამდენი უკრაინელი სამხედრო მიიღებს მასში მონაწილეობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×