ელზა პაპოშვილი
21.04.2022

უკრაინელები აცხადებენ, რომ პუტინი ალყაშემორტყმული მარიუპოლის აღებას ვერ ახერხებენ და სწორედ ამას უკავშირდება პუტინის ინიციატივა, რომელმაც რუსეთის არმიას ქალაქის ციტადელის, „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომპლექსის შტურმი აუკრძალა, რასაც რამდენიმე ათასი უკრაინელი მებრძოლი რამდენიმე კვირაა მედგარ წინააღმდეგობას უწევს რუსეთის არმიას.

 „პუტინის განცხადებები იმის შესახებ, რომ „აზოვსტალს“ არ სჭირდება შტურმი, ნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები ფიზიკურად ვერ ახერხებენ მის აღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ზარალს განიცდიან. მტერი ვერ ახერხებდა წინსვლას რაიმე მიმართულებით. სავარაუდოდ, მარიუპოლიდან ჯარების ნაწილი ჩრდილოეთით გადაიყვანეს ძალების გაძლიერების მიზნით, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს უნდა მიაღწიონ.

შემდეგ ჩვენ გველოდება პოზიციური ომი: რუსეთის ფედერაცია შეეცდება გამოაცხადოს ზავი, მოლაპარაკება, ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა და ძალების დაგროვება შემდეგი ეტაპისთვის, მაგრამ ეს ძალები წვევამდელები არიან. სანამ რუსეთის ფედერაცია მოამზადებს მათ, რუსეთს სანქციები და უკრაინის შეიარაღებული ძალები დაანგრევს,“ - ამბობს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პუტინთან მორიგი ანგარიშის დროს, მას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარია შოიგუს განცხადებაზე, თითქოს რუსულმა არმიამ მარიუპოლი უკრაინელი ნაციონალისტებისგან გაათავისუფლა. 

„რუსულმა ჯარმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული მილიციის ქვედანაყოფებმა მარიუპოლი გაათავისუფლეს, 2 ათასზე მეტი ბოევიკი კი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არიან ჩაკეტილები,“ - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პუტინთან მორიგი ანგარიშის დროს განაცხადა.

„ქალაქში მშვიდი ვითარებაა, რაც წესრიგის დამყარებისთვის, მოსახლეობის დაბრუნებისა და მშვიდობიანად ცხოვრების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება მათ, ვინც „აზოვსტალის“ ქარხანას შეაფარა თავი და ჩაკეტილია ტერიტორიაზე, ჩვენ 3-4 დღე გვესაჭიროება იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს სამუშაოები,“ - ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

ამის საპასუხოდ პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმის შეჩერების ბრძანება გასცა რუსულ ჯარში მსხვერპლის შემცირების საბაბით.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ  ჩვენი სამხედროებისა და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო იქ კატაკომბებში და მიწის ქვეშ ძრომიალი. ჩაკეტეთ ის ზონა ისე, რომ ბუზმაც არ გაიფრინოს. უბრძანეთ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუყრია იარაღი, დაყარონ. რუსული მხარე მათ სიცოცხლესა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად ღირსეული მოპყრობის გარანტიებს მისცემს,“ - განაცხადა პუტინმა.  

ხუთშაბათს შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნების გავლით მარიუპოლი მხოლოდ ოთხმა ავტობუსმა დატოვა. საუბარია 70 ადამიანზე, მაშინ როდესაც ოფიციალური წყაროებით ყველა რესურსის გარეშე თითქმის ორი თვეა ადგილზე ათეულობით ათასი მოქალაქე იმყოფება.

ქალაქის მერი ღიად აცხადებს, რომ დამალული მოსახლეობა ვერ ბედავს ევაკუაციის წერტილში მისვლას და ამ გადაწყვეტილებას მათთვის სიცოცხლის რისკის ფასი აქვს, ვინაიდან ისვრიან ყველა მხრიდან.

„სიტუაცია ძალიან რთულია, დღეს ითქვა, რომ ბევრი ავტობუსი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ 7 ავტობუსი იყო, გვეგონა, რომ უფრო მეტიც იქნებოდა და უფრო მეტი ადამიანი დატოვებდა ქალაქს, მაგრამ როგორც ჩანს რუსებს სხვანაირი გეგმა ჰქონდათ. მათ საევაკუაციო ტერიტორია გადაკეტილი აქვთ ტანკებით და ტექნიკით, შესაბამისად ევაკუაციისთვის საჭირო ადგილამდე მიღწევა ძალიან რთულია. ამ ეტაპისთვის მხოლოდ 4-მა ავტობუსმა შეძლო ევაკუაციის განხორციელება, 80 ადამიანი უკვე უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი.

პრობლემა კიდევ იმაშია, რომ რუსები ავტობუსებს ანადგურებენ, რომ მოქალაქეებმა ქალაქის დატოვება ვერ შეძლონ, დღეს საუბარი იყო, რომ 22 ავტობუსი იქნებოდა, მაგრამ აქ ვერცერთს ვხედავთ. ვიფიქრეთ, რომ ევაკუაცია მოხდება პრიორიტეტის შესაბამისად, მაგალით ჯერ ბავშვები და ქალები.

რუსი სამხედროები ცდილობენ ომის დანაშაულის გადაფარვას, მაგალითად ბევრი დაღუპულის ცხედარი ქუჩებიდან ქრება. გვინდა რომ ერთი დღე ცეცხლი შეწყდეს, რომ ვაცნობოთ ქალაქის ნანგრევებში დამალულ მშვიდობიან მოქალაქეებს, ევაკუაციის შესახებ, ასევე გვინდა ჩვენმა სამხედროებმაც თავიანთი იარაღით დატოვონ ტერიტორია,“ - აცხადებს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.

ყოველდღე იბომბება ხარკოვიც. ქალაქის მერის თქმით, ოკუპანტებმა სარაკეტო დაბომბვების მიმართულება შეცვალეს და ახლა უკვე ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ბომბავენ:

„24 თებერვლიდან დღემდე ხარკოვი ფაქტობრივად ყოველ დღე იბომბება, როგორც ჰაერიდან, ასევე ხმელეთიდან. გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულმა დაბომბვებმა საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა, საჭიროა ხალხის დაუყოვნებლივ ევაკუაცია.

ვითარება უკიდურესად დაძაბულია, შესაძლოა ითქვას, რომ სარაკეტო დაბომბვების მიმართულება შეიცვალა, ამ დრომდე მტერი მხოლოდ ქალაქის გარშემო, წრიულად ახორციელებდა დარტყმებს, ახლა კი ძირითადად ქალაქის ცენტრალური ნაწილი იბომბება,“ -  განაცხადა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×