ელზა პაპოშვილი
28.12.2021

წელს ოკუპაციის ხაზიდან საქართველოს მოქალაქეთა გატაცების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. ეს კლების ტენდენცია 2017 წლიდან იწყება, როდესაც, არაოფიციალური ინფორმაციით, ოკუპანტებმა 150-მდე ადამიანი გაიტაცეს. 2021 წელს კი ასეთი ფაქტების რაოდენობა 60-ს არ აღემატება. ანალიტიკოსთა ნაწილი ამას ქართული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების გააქტიურებით ხსნის, ნაწილი კი იმით, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე კარგად შეისწავლა ოკუპანტთა ქცევა და მეტ სიფრთხილესაც იჩენს.

გატაცებების არაოფიციალური სტატისტიკა ასეთია: 2017 წელს - 150-მდე მოქალაქე; 2018 წელს - 86, 2019 წელს - 86, 2020 წელს - 63 და 2021 წელს - 60-მდე.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გატაცება ყველაზე ხშირად საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხდება. 

„წლევანდელ რაოდენობას  ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ,  ციფირი 60-მდე აღწევს. გატაცებები უფრო ხშირად ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ჩვენი მოქალაქეები ოკუპაციის  ხაზს კვეთენ და ოკუპირებულ ნაწილში ხვდებიან. გათავისუფლება კი გამოსასყიდის შედეგად ხდება. ამას ოკუპანტები ჯარიმას ეძახიან. ეს შეიძლება სხვადასხვა რაოდენობის თანხა იყოს - ე.წ. სასამართლოს უტარებენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ უშვებენ.

„თუმცა, არის შემთხვევები, როცა არ უშვებენ, მაგალითად, ბესტაევის შეთხვევაში როგორც მოხდა. სანამ ლამის არ შემოაკვდათ, მანამდე არ გადმოგვცეს. ზაზა გახელძის თემაც ძალიან რეზონანსული იყო და შემდეგ იძულებულები გახდნენ რაღაც გამოსავალი ეპოვათ. 1 წელი ჰყავდათ და შემდეგ ვიღაცაში გაცვალეს. 

„თუ საქმე რეზონანსული არ ხდება, სამწუხაროდ, ადამიანი „სასჯელს“ ბოლომდე იხდის. ეს არის რეალობა და ჩვენი ხელისუფლება ამის შესაცვლელად ვერაფერს და არაფერს აკეთებს“, - ამბობს ქაცარავა „რეზონანსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება გატაცებების პიკურ წლებს, ქაცარავა ამბობს, რომ ამ მხრივ კველაზე კრიზისული 2012-დან 2017 წლამდე პერიოდი იყო. 

„მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ზონასთან ახლოს სამოქალაქო პატრულირება დაიწყო, საზოგადოების და ჟურნალისტების გააქტიურება მოხდა, ამის შემდეგ კლების ტენდენცია წამოვიდა. თითოეული გატაცება რაც უფრო რეზონანსულია, მით უფრო დიდია ჩვენს ხელისუფლებაზეც და ოკუპანტებზეც ზეწოლა. 

„2012 დან 2017 წლამდე წლის განმავლობაში 150-მდე ჩვენს თანამოქალაქეს იტაცებდნენ, ხოლო უკვე 2018 წელს 86 ადამიანი გაიტაცეს. დაახლოებით იგივე  რაოდენობა 2019 წელსაც შენარჩუნდა. 2020 წელს კი 63 ადამიანი გაიტაცეს. წელს კი როგორც უკვე აღვნიშნე, 60-მდეა. 

„კლების ტენდენცია არის, მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად ზოგადად საზოგადოების აქტიურობის დამსახურებაა. რაც შეეხება გატაცების მიზეზს, ეს მოსახლოებაში შიშის დათესვას ემსახურება, რაც საბოლოოდ ოკუპაციის ხაზთან ცხოვრების დეპოპულარიზაციას იწვევს. რუსებს უნდათ, რომ ეს ტერიტორიები ქართველებისგან დაიცალოს. ამისთვის კი საძოვრებს, მიწებს, ბაღებს ართმევენ, რათა ნებისმიერი საარსებო წყარო ჩაუკეტონ. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური მიმართულებით აქტიურობა არ შეინიშნება. ამიტომ კარგის არაფრის თქმა არ შემიძლია“, - ამბობს დავით ქცარავა „რეზონანსთან“. 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი საოკუპაციო ხაზიდან მოქალაქეების გატაცების ფაქტების კლებას ადგილობრივი მცხოვრებლების სიფრთხილით ხსნის - მათ ისწავლეს როგორ უნდა იურთიერთონ ოკუპანტებთან და დაიმახსოვრეს ადგილები, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც მათ დააკავებენ. 

„ოკუპანტებზე კარგი წარმოდგენის არ ვარ. არ მგონია, რომ ისინი ჩვენი ხმაურითა და აჟიოტაჟით  შეშინებული არიან და ქართველებს საოკუპაციო ხაზიდან ამის გამო აღარ იტაცებენ. მგონია ხალხი უფრო ფრთხილად არის და ეს უფრო სამწუახრო ფაქტია. 

„რუსებს უხერხულობის განცდა არ გააჩნიათ. შეხედეთ უკრაინაში როგორ იქცევიან. თუ საშუალება ექნებათ, უფრო მეტ ადამიანს დააკავებენ. უბრალოდ, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო ფრთხილი გახდა. რუსების მიზანიც ეს იყო - ადგილობრივები მიეჩვიათ სად და როგორ  უნდა იარონ. ოკუპაციის ხაზის გავლების მიზანიც ეს არის - ქართველს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილება აუკრძალო და საზღვრები დაუწესო. მთელს მსოფლიოს აშანტაჟებენ და შიდა ქართლის მოსახლეობა რომ დააშანტაჟონ, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგ წელს ეს ციფრი არ გაიზრდება. 

„უკეთესობისკენ დინამიკას ვერ ვხედავ. არსებითად ოკუპაციის ბუნება და რუსების უტიფარი ქცევა არ იცვლება“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ის დავით ქაცარავას მხოლოდ იმაში ეთანხმება, რომ ხმაურია საჭირო და არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან ასე მსოფლიო  რუსეთი რეალურ სახეს ხედავს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით პოლიტიკა არ გააჩნია და უბრალოდ ხალხი საკუთარ თავს თავად უვლის. სტატისტიკის კლებაც ამით არის განპირობებული.  

„სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა კიდევ უფრო ჩუმი და ჩამოუყალიბებელი გახდა. მართალია, ამას პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ირიბად ხომ ეხება ხანგოშვილის თემა. ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იყო, გერმანიაში რუსებმა მოკლეს. მთელი გერმანია და ევროპა ამ ფაქტს გადაჰყვა და ჩვენს გაჩუმებული ვართ. საქართველოდან უდღეურზე უდღეური განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. რა სამარცხვინო და გაუაზრებელი პოლიტკაა, არ მესმის. იგივე  ხდება ამ ოკუპაციის პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ზუსტად ისაა, რომ ხმაური არ ატყდეს, ჩუმად, ჩვენთვის ვიყოთ და არავინ შევაწუხოთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×