თამთა ჩაჩანიძე
28.12.2021

პრეზიდენტი ნეგატიურად აფასებს მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებულად ინიცირებას. ეს ნიშნავს, რომ თავისი პრეზიდენტობისას პირველად, სალომე ზურაბიშილმა შესაძლოა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადოს. ანალიტიკოსთა ნაწილი ამას რეალურად მიიჩნევს, რადგანაც პრეზიდენტი „ბოლო ორი წელია გადაწყვეტილების მიღებისას დასავლეთისკენ იყურება".

როგორც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა".

„მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას.

„მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა. მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთი მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც რეალურად დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის!

„მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, რისთვისაც გთავაზობთ: შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, ინსპექტორს კი მიეცეს საშუალება პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, ყოველივე ამის საფუძველზე, მიღებულ იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში მოხსნის კითხვებს!

„ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად", - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში უკვე დაიწყო. ოპოზიცია კი პრეზიდენტ სთხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს, მისი მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს.

„მიბაძოს სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს - მან გამოიყენა ვეტოს უფლება და შეაჩერა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც მედის თავისუფლებას ზღუდავდა. ამბობენ ხოლმე - ვეტოს ხომ უმრავლესობა დაძლევს?! კი, მაგრამ ამას პოლიტიკური შედეგი მოსდევს.

„ვეტოს რეზონანსი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. რასაც ეროვნული თანხმობის შესახებ ვისმენთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სურვილებია, მას არავითარი კონკრეტული შინაარსი არ აქვს. დღეს ექნება მას კონკრეტული შინაარსი, თუ განაცხადებს, რომ ვეტოს დაადებს",- განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

„მე მგონია, რომ თუკი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს, ჩვენ უნდა შევეგებოთ და ვეტო დავძლიოთ, ვინაიდან გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩამოყალიბებული და იმ ინტერესების შესაბამისი, რაც სახელმწიფოს აქვს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, კატეგორიულად გამორიცხულია, რომ ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად წარმოშობილი ორი უწყების დამოუკიდებლობას ან თავად სტრუქტურას რამე დაემუქროს. შესაბამისად, ვოლსკის შეფასებით, გაუგებარია ლონდა თოლორაიას მხრიდან ხისტი შეტევა და განცხადებები.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, შანსი, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადოს, 50/50-ზეა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა შეძლებს ამ ვეტოს დაძლევას.

„პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ ვეტო დაადოს, ამისი შანსი 50/50-ზეა. ზურაბიშვილმა იცის, რომ მისი ვეტო ვერაფერს შეცვლის, თუმცა, შესაძლოა, უბრალოდ იმიტომ დაადოს, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„მას აქამდე ჯერ არცერთ კანონზე ვეტო არ დაუდია. ახლა, იქიდან გამომდინარე, რომ „ოცნებისგან" საკუთარი თავის დისტანცირებას ცდილობს, შესაძლოა „ბრჭყალები გამოაჩინოს" და ვეტო დაადოს, მით უმეტეს, რომ დასავლეთის პოზიციაც იცის. მაგრამ პარლამენტს შეუძლია, რომ ეს დაძლიოს, რადგან, რამდენადაც ვიცი, „ოცნებას" ამისთვის საკმარისი უმრავლესობა აქვს.

„აქ პრეზიდენტის ორი მცდელობა იკითხება. პირველი ის, რომ რაღაცნაირად საკუთარი პერსონის, როგორც პრეზიდენტის აქტუალიზაცია მოახდინოს, მისი როლი დააფიქსიროს. მით უმეტეს, რომ საზოგადოებისგან გაისმოდა ასეთი მოწოდებები და ის ამას უნდა გამოხმაურებოდა.

„მეორეს მხრივ კი პრეზიდენტმა უშუალოდ ლონდა თოლორაიას, როგორც ქალის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. ამას გენდერულ სოლიდარობას დავარქმევდი, რადგან წმინდა ადამიანური კუთხითაც რომ შევხედოთ, დეკრეტულ შვებულებაში იყო და პრინციპში არც კი შეატყობინეს. ბოლოს და ბოლოს ერთი მეილის, ან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნა ალბათ შეიძლებოდა. ელემენტარულად ვფიქრობ, რომ ეს კარგი პრაქტიკის მაჩვენებელია - როცა სამსახურს რეფორმირებას უკეთებ, ბუნებრივია მისი ხელმძღვანელი საქმის კურსში უნდა იყოს მიუხედავად იმისა, მას რა პოზიცია აქვს.

„ჩემი აზრით, ეს იყო პრეზიდენტის ის რეაქცია, რასაც ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ელოდენენ. აშშ-ის საელჩომ, გაეროს ოფისმა შეშფოთება გამოთქვეს.

„ზურაბიშვილი ბოლო ორი წელია გადაწყვეტილებების მიღებისას საქართველოს ფარგლებს გარეთ იყურება. ცდილობს თქვას ის, რაც ევროპასა და ამერიკაში მოეწონებათ. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენი საერთასორისო პარტნიორების მიმართ რაღაც ვალდებულებებითაა დატვირთული და ცდილობს, რომ მათ თვალში უარყოფითი კუთხით არ გამოჩნდეს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის პროტესტის მიზანშეწონილობას, განხილვა დაჩქარებული წესით რომ მიდის, ალბათ ამის გადადება შეიძლებოდა. როგორც ჩანს, მმართველ პარტიასა და ქალბატონ თოლორაიას შორის გადაულახავი წინააღმდეგობები წარმოიშვა და ამითაა ეს განპირობებული, რადგან მე, როგორც მოქალაქეს და ანალიტიკოსს, თოლორაიას ბოლო დასკვნამ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ იქ რაღაც სუბექტური მომენტები იყო ჩადებული.

„ამიტომაც, ჩემი აზრით, საქმე არა იმდენად სამსახურის რეფორმირებაშია, არამედ თავად თოლორაიას პერსონაში. საერთოდ ვისურვებდი, რომ კანონპროექტების განხილვა ასეთი დაჩქარებული წესით არ ხდებოდეს. არაა ისეთი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული, რომ ახალი წლის წინ მოხდეს, ამის გაკეთება საშობაო დღესასწაულების შემდეგ შეიძლებოდა, ჩემთვის გაუგებარია ხელისუფლება რატომ აძლევს კრიტიკის საფუძველს იგივე ოპოზიციას, საელჩოებსა და საერთაშორისო მისიებს, როცა მას შეეძლო, რომ უმტკივნეულოდ იანვარში გაეკეთებინა," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×