თეონა ვეშაგური
28.12.2021

ორშაბათს საღამოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ გორის ჰოსპიტალში რჩება, სადაც 19 ნოემბრის შემდეგ აგრძელებს მკურნალობას. ადრე თუ გვიან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ბუნებრივია, მისი საპატიმროში დაბრუნების საკითხი დადგება დღის წესრიგში. გამოიწვევს თუ არა ეს მისი მხარდამჭერების ახალი აქციების სერიას და რამდენად მძლავრი იქნება ეს პროტესტი?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა, ის ჯერჯერობით საავადმყოფოსი რჩება. 28 დეკემბერს გვიან ღამით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მასთან შავ ფორმაში ჩასმული პირები შევიდნენ და გადაყვანის შესახებ აცნობეს, რაზეც უარი განაცხადა და წნევისა და პულსის გაზომვა მოითხოვა, შემოწმების სემდეგ კი ორივე მაღალი აღმოჩნდა.

ექსპრეზიდენტის თქმით, უცხო პირების მიერ ძალის გამოყენების შემდეგ და წინააღმდეგობის გაწევის პროცესში, გონება დაკარგა.

„გონზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ საკითხზე სამშაბათს საგანგებო განცხადება გააკეთა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ ექსპრეხიდენტის ჰოსპიტლიდან კანონიერად გადაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა მისი ჰოსპიტლიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღო.

მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაყვანაზე კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, აღელვების ნიადაგზე კი წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა. მისი ციხეში გადაყვანა პენიტენციურმა სამსახურმა სწორედ ამის გამო გადადო.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან სააკაშვილის ციხეში დაბრუნების საკითხი მაინც დადგება. ამიტომ გაუგებარია რა მოტივით უნდა მოჰყვეს ამას რაიმე სახის პროტესტი.

„თუ ციხეში გადაყვანით სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, არ ვიცი რა უნდა იყოს საპროტესტო გამოსვლების ზუსტი და რეალური საფუძველი. ბუნებრივია, მისი მომხრეებისთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა. თუმცა, თუ მის მომხრეებს მიუღებელი პოზიცია აქვთ მის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ეს უკვე სხვა ასპექტია და საერთოდ გაუგებარი გახდება მათი პოზიცია.

„თავის დროზე, ექსპრეზიდენტის ციხეში ყოფნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იყო მიუღებელი. თუ ეს პრობლემა მოიხსნა, აუცილებლად დადგება უკან გადაყვანის საკითხი. სააკაშვილი ახლაც ციხეშია, ციხის ისეთ ვარიანტში, სადაც სამედიცინო მომსახურეობაც გააჩნია. რაც შეეხება საკითხს, ციხეში უნდა იყოს თუ არა, ეს სხვა ჭრილში და კონტექსტშია განსახილველი.

„ვფიქრობ, მის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას აუცილებლად მოჰყვება სააკაშვილის მხარდამჭერთა უკმაყოფილება, პროტესტი და აქციებიც, მაგრამ არ მგონია ეს გამოსვლები მასშტაბური იყოს", - განაცხადა საყვარელიძემ.

ის, ექსპრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელ ახალ შიმშილობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მსგავსი რამ სუიციდის მცდელობა იქნება.

„შიმშილობის განახლება პრაქტიკულად სუიციდისმაგვარ ნაბიჯს წააგავს. არ მგონია ასეთი რამ ან გამართლებული იყოს, ან თავად სააკაშვილმა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×