ია აბულაშვილი
27.12.2021

"ქართული ოცნება" მზად არის აქტიურად ჩაერთოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ საყოველთაო შერიგების პროცესში. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ შეთანხმება მხარეებს შორის მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხებში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, პრეზდენტმაც დაადასტურა; რომ ამ პროცესის მთავარი მიზანი არა პარტიებს შორის შერიგება, არამედ ეროვნული თანხმობის მიღწევაა. კობახიძე არ უარყოფს, რომ საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა ამბიციური მიზანია და რთული იქნება ამ მიზნის მიღწევა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ინდივიდუალურად ხვდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს და მათთან ერთად შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს.

"ნაცმოძრაობაში" აცხადებენ, რომ კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა შეაჯამოს იდეები და პარტიებს შესთვაზოს გეგმა; კერძოდ, "პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით".

ანალიტიკოსები ეროვნული თანხმობის მიღწევას რთულ პროცესად აფასებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიას ბევრი შერიგების პროცესის დაწყება ახსოვს, თუმცა, შედეგი არ დამდგარა.

"საქართველოს უახლოეს ისტორიაში ბევრი შეთანხმების დაწყება გვახსოვს, მაგრამ, შედეგი არა. ხშირად დაპირისპირებული მხარეების მორიგებაში ვინმე ერევა, ან თავად მხარეები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ მორიგება მათთვის სასარგებლოა.

"გააჩნია რა საკითხებში უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეროვნული თანხმობის საკითხი გადაწყვეტილია - ქვეყნის არჩევანი არის ევროპული გზა. ეროვნული თანხმობის მიღების შედეგად სააკაშვილის გათავისუფლებას თუ გულიხმობენ, მაშინ ეროვნული თანხმობა დეკორაციაა და გამოდის პოლიტიკური შეთანხმება.

"მე დიდი პატივს ვცემ სალომე ზურაბიშვილს და არა მგონია, მან თავისი პოზიცია შეცვალოს. ვფიქრობ, რომ უფრო პარტიებს შორის მოხდება შეთანხმება და ეს იქნება მოულოდნელი და შედეგიანი, რადგან იმდენი ადამიანი ჩაერთო პოზიტიური მოლოდინით და არავინ გაებუტა ამ პროცესს, რომ ეროვნული იქნება თუ პარტიული, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება კარგი"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყარელიძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინციატივა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, თუ შეინარჩუნებს მტკიცე პოზიციას, რომელიც განაცხადა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

"ზურაბიშვილის ინიციატივა ნამდვილად შედეგიანი იქნება ქვეყნისთვის თუ შეინარჩუნებს სიმტკიცეს სააკაშვილის შეწყვლებასთან დაკავშირებით, რაზედაც განაცხადა "არა, არასდროს".

"პრეზიდენტის შემოთავაზების ფარგლებში ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითონ უნდა თქვან და ჩამოაყალიბონ ზუსტად რა უნდათ, რა კომპრომისზე მიდიან და რა საკითხებთან დაკავშირებით; მაშინ ბევრი რამ გაირკვევა და მოხდება სრული ლუსტრაცია ე.წ. ოპოზიციის დიდი ნაწილისა, რომ კვლავ მოითხოვენ არჩევნების შედეგების გაუქმებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.

"აგრეთვე, ითხოვენ ციხიდან გამოუშვან, სააკაშვილი, ბაჩო ახალია, მეგის ქარდავა და სხვები, როგორც პოლიტიკური პატიმრები. ამით დადასტურდება, რომ ე.წ. ოპოზიციას არ აინტერესებს ერისთვის საჭირბოროტო საკითხები და თავისი პირადი და ანტიეროვნული ინტერესების დაკმაყოფილება სურთ.

"კარგია თუ ოპოზციის მოთხოვნები წერილობით გაფორმდება. ქართული საზოგადოება დასავლეთთან ერთად ნახავს რა წერია ოპოზიციის მოხოვნებში... ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობია"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×