თამთა ჩაჩანიძე
27.12.2021

პანდემიასთან ბრძოლაში კოვიდ-19-ის სამკურნალო აბები შემოდის, რომლებიც ფარმაცეპტულიკომპანიების კვლევების თანახმად, ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს. „ფაიზერის" მიერ შემუშავებული მედიკამენტი "პაქსლოვიდი" აშშ-მა და ისრაელმა უკვე დაამტკიცა - უცნობია საქართველოში როდის შემოვა, თუმცა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუ აბებს სერიზული გვერდითი მოვლენები არ ჰქონდა, მძიმე პაციენტების სიკვდილიანობას შეამცირებს.

კომპანია „ფაიზერი" აცხადებს, რომ პრეპარატ „პასქლოვიდს" მსუბუქი გვერდითი ეფექტები აქვს და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თითქმის 90 პროცენტით შემცირებას აჩვენებს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადებები.

აღნიშნული მედიკამენტი ისრაელმა დაამტკიცა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერთან" გაფორმებული შეთანხმების თანახმად, შეკვეთილი მედიკამენტების პირველ ნაწილს ქვეყანა მომდევნო დღეებში მიიღებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანამ „ფაიზერისგან" 100 000 აბი „პაქსლოვიდი" შეიძინა. წამალი ბლოკავს ძირითად ფერმენტს, რომელიც ვირუსებს სჭირდებათ ადამიანის ორგანიზმში გასამრავლებლად.

გასულ კვირას კი „პასქლოვიდს" ავტორიზაცია აშშ-ის „საკვების და წამლის სააგენტომ" მიანიჭა. მედიკამენტის გამოყენება 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის არის რეკომენდებული.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღნიშნული აბები მძიმე პაციენტებზეა გათვლილი და მხოლოდ სიკვდილიანობას შეამცირებს. პანდემიაში მთავარი მაინც ვაქცინაცია და ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაა.

„ნებისმიერ წამალს გვერდითი მოვლენები აქვს და ეს გასაკვირი არაა, როცა ანტივირუსულ პრეპარატს ეხება. ძალიან ბევრ ანტივირუსულ პრეპარატებს საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს, მაგალითად, „ინტერფერონი" ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენდა გავლენას. ლაპარაკია სხვადასხვა გვერდით მოვლენებზე, შესაძლოა ერთს ერთი ჰქონდეს, მეორეს მეორე.

„თუმცა ცე ჰეპატიტის სმკურნალო ახალი თაობის პრეპარატები რომ გამოვიდა, იმას პრაქტიკულად უკუჩვენებები არ გააჩნია. მეორე ისაა, რომ კოვიდის სამკურნალო პრეპარატები, რომელიც გამოუშვეს, მძიმე პაციენტებზეა გათვლილი. ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ რადგან პრეპარატი არსებობს, მან პირბადე მაინც უნდა გაიკეთოს და თავი უნდა დაიცვას.

„ისევ და ისევ ბრძოლის ერთადერთ უნიკალურ მეთოდად ეპიდემიოლოგიური თავდაცვა რჩება. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ წამალი შემოვა და რასაც მინდა იმას გავაკეთებო. თან კაცმა არ იცის როდის შემოვა და როდის დატკიცდება. ნებისმიერი პრეპარატის დამტკიცებას ჯანდაცვის სამინისტროში მინიმუმ რამდენიმე თვე მაინც სჭირდება და ეს არ უნდა იყოს აქტიურად უკუჩვენების წარმომქმნელი პრეპარატი.

„უნდა გვახსოვდეს, რომ პრეპარატი არაა გათვლილი მასიური მიღებისთვის, როგორც ანალგინი. პანდემიის დასრულება, ესაა გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა. პრეპარატი თუ მძიმე პაციენტებისთვის იქნება, ის ან ხელოვნურ სუნთქვაზეა, ან იზოლირებული და ასეთ შემთხვევაში გადამცემლობას დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. ის იზოლირბებულია და მისგან მის ირგვლივ მყოფი ყველა დაცულია, ამიტომ, ამით ჩვენ სიკვდილიანობას შევამცირებთ და არა პანმდემიის გავრცელებას.

„შვებაა ისაა, რომ კაცი არ მოკვდება და პანდემიასთან ბრძოლაში კი გადაცემის ჯაჭვი უნდა გაწყდეს. გადაცემის ჯაჭვი კი უნდა გავწყვიტოთ ეპიდემიოლოგიური თავდაცვით, აცრით და ჰიგიენური ნორმების დაცვით."- განაცხადა მან.

კითხვაზე, იქნება თუ არა „ომიკრონი" პანდემიის ისტორიაში ბოლო შტამი, ხმალაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამის თქმაადრეა.

„არის თუ არა ომიკრონი პანდემიის ისტორიაში ბოლო შტამი, ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან მასში ყველა შტამის მონაცემები ფიქსირდება. შანსი ყოველთვისაა კარგი სცენარისკენაც და ცუდისკენაც, გააჩნია ჩვენ როგორ მოვიქცევით, ბავშვი ან კარგად დაამთავრებს სკოლას, ან ცუდად, გააჩნია მშობლები როგორ მიხედავენ და თავად როგორ ისწავლის, ასეა პანდემიაც.

„ჩვენ პირველ რიგში რეალობა უნდა გავითავისოთ - ჯერ რომელ პრეპარატებზეა საუბარი, როცა ნახევარ საქართველოზე მეტი აუცრელია, როცა ყველა აიცრება, გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტაზე მერე ვილაპარაკოთ, სანამ აუცრელთა ასეთი დიდი რაოდენობა იქნება, იქ ყველაფერი გამრავლდება," - განაცხადა ხმალაძემ.

სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი ხარებავა კი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე ქიმიური პრეპარატების გრძელვადიანი ეფექტის განსაზღვრა ძნელია, ამიტომაც სიფრთხილეა საჭირო.

„სამკურნალო აბებთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია, რომ როცა საზოგადოების ნაწილი ვაქცინის წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ შესაძლოა რამე პრობლემა შეიძლება მოჰყვეს. ვაქცინის შემთხვევაში ეს შიშები გაუმართლებელია, მაგრამ ახალი პრეპარატების შემთხვევაში უფრო ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან საწყის ეტაპზე ქიმიური პრეპრატების გრძელვადიანი ეფექტის განსაზღვრა ძალიან ძნელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეპარატი შეიძლება უშუალოდ კოვიდის წინააღმდეგ ეფექტური იყოს, მისი სისტემურ გრძელვადიან მიღებას, შესაძლოა უამრავი სხვა გვერდითი ეფექტი მოჰყვეს, რომელიც წინასწარი კვლევებით მოკლე პერიოდში ვერ იქნა გამოვლენილი.

„რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად პროგრესია და საქმე წინ მიდის, ამას ყველანაირად მივესალმები, თუმცა ამ პრეპარატის მიმართ სიფრთხილეს გამოვიჩენდი. საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს.

„ამ პრეპარატს რა გვერდითი მოვლენებიც აქვს, ეს ფაქტიურად მის სპეციფიკაციაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, ალბათ არის კიდეც. ამ სპეციფიკაციას ამ ეტაპზე გაცნობილი არ ვარ, მაგრამ გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში რეალურად გვერდითი მოვლენები რა იქნება, დღეს ძნელი განსასაზღვრია, რადგან ესაა ქიმიურად სინთეზირებული პრეპარატი, რომელიც აბსოლუტურად ნატურალური წარმოშობის არაა.

„ძალიან ხშირადაა შემთხვევები, როცა დიდი ფარმაცევტული კომპანიები პრეპარატს გამოუშვებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ირკვევა, რომ რაღაც მოულოდნელი ეფექტები ჰქონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს პრეპარატი დასაწუნებელია, უბრალოდ მხოლოდ სიფრთხილეზე მაქვს აქცენტი. მე პირადად ამ პრეპარატს მივიღებდი, მაგრამ გრძელვადიანად, ხშირად, ან დიდი დოზებით მიღებას მოვერიდებოდი,"- განაცხადა გიორგი ხარებავამ.

მანამდე 4 ნოემბერს კი გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის რეგულატორმა დაამტკიცა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკ, შარფ და დოჰმეს" (MSD) მიერ წარმოებული მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი". თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, აცხადებდა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „მოლნუპირავირსა" და „პაქსლოვიდს" მიიღებს.

„მოლნუპირავირის" კლინიკური ცდებისას გამოჩნდა, რომ მისი მიღება 50%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს. მედიკამენტი დღეში ორჯერ მიიღება. აბები პაციენტმა ხუთი დღის განმავლობაში, სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიიღოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×