თამთა ჩაჩანიძე
26.12.2021

იმ საკრებულოების ნაწილში, სადაც უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, კრიზისი ისევ გრძელდება. კვორუმის არარსებობის გამო, საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ ირჩევენ სენაკში, ზუგდიდისა და წალენჯიხაში. აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე არჩევიდან სამი კვირის თავზე თანამდებობიდან გადადგა, ჩხოროწყუს საკრებულოში კი ენმ-სა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას შორის ალიანსი შედგა და თავმჯდომარედ გახარიას თანაპარტიელი აირჩიეს.

რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ აქვს. ჩხოროწყუ ჯერჯერობით ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომლის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. ორი დღის წინ საკრებულოს სხდომაზე თანამდებობა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წარმომადგენელმა შოთა წურწუმიამ დაიკავა ენმ-ს მხარდაჭერით.

სენაკის საკრებულო 33 წევრისგან სედგება, საიდანაც 16 „ქართული ოცნების", 13 „ნაციონალური მოძრაობის", 4 კი პარტია „საქართველოსთვის" წევრია. თავმჯდომარის არჩევა აქ ვერც გასულ კვირას მოხერხდა და სხდომა 28 დეკემბრისთვის გადადო.

რც შეეხება ზუგდიდს, საკრებულოში სულ 45 წევრია. აქედან 20 მანდატი „ქართულ ოცნებას" აქვს, 22 „ნაციონალურ მოძრაობას", 3 კი გახარიას პარტიას. აქაც გასულ კვირას კვორუმი ვერ შედგა და სხდომა 12 იანვრისთვის გადაიდო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის არცევა მესამედ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. სხდომა 11 იანვრამდე გადაიდო. საკრებულო 27 წევრისგან შედგება., საიდანაც „ქართულ ოცნებას" და ენმ-ს 11-11 დეპუტატი ჰყავთ, პარტიას „საქართველოსთვის" 3 და „ლელოს" - 1 დეპუტატი. ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

24 დეკემბერს კი სამკვირიანი მუშაობის შემდეგ, აბაშის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან მაკალათია თანამდებობიდან გადადგა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო, თუმცა „ქართული ოცნების" გუნდში რჩება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, იმ მუნიციპალიტეტების საკითხზე, სადაც კვორუმის არარსებობის გამო თავმჯდომარეებს ვერ ირჩევენ, „ქართულ ოცნებაში", მათ შორის რეგიონალური პარტიული ორგანიზაციის დონეზე, კონსულტაციები მიდის და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩხოროწყუს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა სახეზეა. ამას აღარც არანაირი ქვეტექსტი სჭირდება და აღარც დამატებითი კომენტარები. ამას ჩვენ ადრეც ვამბობდით. გახარიას პარტია უარყოფდა, მაგრამ ახლა უკვე საჯაროდ გახდა ცნობილი.

„რაც შეეხება აბაშის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამ ეტაპზე გადადგომის ზუსტი მიზეზი არ ვიცი, თუმცა ესაა ჩვეულებრივი ბუნებრივი ცოცხალი პროცესი. ამდენი მუნიციპალიტეტია, ამდენი თანამდებობის პირი და ვიღაცას თანამდებობიდან წასვლა მოუნდება, ვიღაცას გადაადგილება და ვიღაცას პირიქით, მუშაობა.

„რამდენადაც ვიცი ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოების საკითხზე კონსულტაციებია, მათ შორის „ქართული ოცნების" ადგილობრივ საოლქო ორგანიზაციაში. არ მინდა მოვლენებს დავასწრო," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი ინფორმაციით, კონსულტაციები მხოლოდ გუნდის შიგნითაა და არა გახარიას პარტიასთან.

„მე რაც ვიცი, ჩვენთან, გუნდში, „ოცნებაში" შიგნითაა კონსულტაციები. მათ შორის ჩართულია ზუგდიდის „ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაცია. კონსულტაციები ამ საკითხზეც და მათ შორის ბევრ სხვა საკითხებზეც მიდის. გადაწყვეტილება როგორი იქნება, ამას საჯაროდ ნახავს საზოგადოება," - თქვა პარლამენტარმა.

მაჭარაშვილი ამ საკრებულოებში პარტიის „საქართველოსთვის" და „ქართული ოცნების" ალიანსს ამ ეტაპზე გამორიცხავს.

„ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. არ მგონია პარტიული შიდა სამზარეულო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. მთავარია, რომ საზოგადოებამ, მუნიციპალიტეტებმა ის სიკეთეები მიიღონ, რაც „ქართულ ოცნებას" აქვს პოლიტიკაში მოსვლის შედგომ. ესაა მოქალაქის ინტერესი და დანარჩენი შიდა პოლირიკური თემები საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×