თეონა ვეშაგური
04.12.2021

რუსეთს შესაძლოა ახლო მომავალში ნატოს მოკავშირე სახელმწიფოების, პირველ რიგში უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია აქვს დაგეგმილი და ამას „ნატოს გაფართოების პრევენცია" დაარქმევს. ასე აფასებს ანალიტიკოსი მოსკოვის მოთხოვნას, რომ ნატომ იურიდიული ვალდებულებების შემცველი ოფიციალური დოკუმენტით თქვას უარი თავის რიგებში საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე.

სტოკჰოლმში 2 დეკემბერს ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს შემდგომი გაფართოების შეჩერების მიზნით „იურიდიულად სავალდებულო" შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე მოსკოვის პოზიცია გააჟღერა.

„აშშ-სთან და ჩვენს მოკავშირეებთან დიალოგის დროს, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას, რომელიც გამორიცხავს აღმოსავლეთით ნატოს ნებისმიერ გაფართოებას და რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს ისეთი შეიარაღების სისტემების განთავსებას, რაც საფრთხეს გვიქმნის", - განაცხადა ლავროვმა.

ის ამბობს, რომ მოსკოვი შესაბამის წინადადებებს უახლოეს მომავალში წარადგენს და ეს აუცილებელი პირობაა კონფრონტაციული სცენარის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ნაღმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.

ამ განცხადებას დასავლეთში უკვე მოჰყვა კრიტიკული რეაქცია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის მკაფიო განცხადების ერთგულია და მისი კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვისაც.

რუსეთის ქმედებებში შანტაჟის ელემენტებს ხედავს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი და „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ, შესაძლოა, ეს მოთხოვნა, ირიბად უკავშირდებოდეს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას. ‘

„ასეთი დოკუმენტის შეთავაზება არის ყოველგვარი საეთაშორისო ნორმების, პირველ რიგში კი ეუთოს ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის პრინციპების დარღვევა. ამიტომ ნატო ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ხელს არ მოაწერს.

„აშკარაა, რომ რუსეთის მხრიდან რაღაც შანტაჟს აქვს ადგილი, რასაც არ ახმაურებენ. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ ჯარების კონცენტრაცია ხდება უკრაინის საზღვარზე. რუსეთის მოთხოვნა შესაძლოა ამ მოვლენასთან ირიბად არის დაკავშირებული.

„დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე უარის თქმა შესაძლოა უკრაინაზე აგრესიული მოქმედებების საბაბი გახდეს. არ არის გამორიცხული რუსეთმა ნატოს მოკავშირე ქვეყნის მიმართ სამხედრო აგრესია მოახდინონ რასაც „ნატოს გაფართოვების პრევენციას" დაარქმევენ.

„რუსეთს საერთოდ არ აქვს ამგვარი შეთავაზების გაკეთების უფლება, რადგან ამ ქვეყნის მოსაზღვრე სახელმწიფოები სუვერენული სახელმწიფოებია და უნდათ ნატოში გაწევრიანდებიან და უნდათ სადმე სხვაგან", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×