ხატია ბერიძე
21.11.2021

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშილის პირადმა ექიმმა მისი სრულფასოვანი მკურნალობის მიზნით სააკაშილისათვის პატიმრობის გადავადება მოითხოვა. ექიმების ნაწილი კი მის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას აყენებს. რა შემთხვევაში შეუძლია პატიმარს პატიმრობის გადავადების მოთხოვნა და აკმაყოფილებს თუ არა სააკაშვილი ამ კრიტერიუმებს?

ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მკურნალობის პროცესს დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ სააკაშვილს სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით ის ახალ ინიციატივას აჟღერებს: „იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და იმკურნალოს ნორმალურად".

„ჩემი აზრით, ასეთ პირობებში მკურნალობა შეუძლებელია, რადგან სააკაშვილს ესაჭიროება რამდენიმეთვიანი მკურნალობა, მისი რეაბილიტაცია უნდა გაგდძელდეს საკმაო ხანი. ამიტომ, ჩემი პირადი აზრია, რომ მას მკურნალობის უფლება მივცეთ ციხის გარეთ, არ ვგულისხმობ საზღვარგარეთ მკურნალობას.

„თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეში, არა ბადრაგის თანხლებით, დასწრებით და ა.შ... არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. ადამიანს უნდა მისცე საშუალება თვითონ გადაწყვიტოს სად იმკურნალოს, ვისთან იმკურნალოს.

„ასე გაგრძელება შეუძლებელია. რამდენი ხანი უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე?! ხომ შეიძლება გადავადდეს (პატიმრობა)... ეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში, თუ გინდა ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, კიდევ ათი კონსილიუმი დავნიშნოთ. დამიჯერეთ, ასე იქნება.

„მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების - თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ, მე შემომაქვს ასეთი კითხვა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშეძემ.

ექიმების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაგრძელდეს, რადგან საქართველოში ექსპრეზიდენტზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც მიმდინარეობს, რაც მკურნალობის პროცესს აფერხებს.

„რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის პატიმრობის გადასავადებლად არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პატიმრობის გადავადების შესაძლებლობას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში პატიმარს უკვე მისჯილი უნდა ჰქონდეს სასჯელი. სააკაშვილის შემთხვევაში იგი ბრალდებულია რამდენიმე საქმეზე. ამათგან სასამართლო ჯერ მხოლოდ ორზე ჩატარდა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სხვა საქმეებზე ჯერ არ გამოუტანია მოსამართლეს სასჯელი, მაშინ მოუწევს, რომ იგი გაასამართლონ, სასჯელი მიესაჯოს და შემდეგ გადაავადონ პატიმრობა, რადგან კანონი მხოლოდ ამ შემთხვევას ითვალისწინებს. მისი ამ სტატუსით პატიმრობა ვერ გადავადდება, ეს არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებს.

„საზღვარგარეთ მკურნალობის თემას რაც შეეხება, ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელლი მტკიცებულებები, რომელიც აჩვენებს, რომ ამ დაავადებების მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. ამის შემდეგ კი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმარის გადაყვანა საზრვარგარეთ", - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×