თეონა ვეშაგური
20.11.2021

ამ დროისთვის საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 34.3%-ია სრულად ვაქცინირებული, რასაც ეპიდემიოლოგები დიდ მიღწევად არ თვლიან და აცხადებენ, რომ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო პანდემიის დასამარცხებლად. როგორც „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, ლეტალობის ზრდის შეწყვეტისა და ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისათვის მოსახლეობის 50%-ის სრული ვაქცინაცია საჭირო, გარდამტეხი შედეგის მისაღებად კი - 60%-ისა და უფრო მეტის აცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შაბათს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 293 ადამიანი აიცრა. მათივე ცნობით, 20 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 090 036 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 103 141 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 38.8 %. სრულად ვაქცინირებულია 978 208 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%.

ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ კარგია ბოლო დღეების განმავლობაში მომატებული აცრის მაჩვენებელი, თუმცა იდეალურ შედეგამდე ჯერ შორს ვართ.

„სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 34.3% -ს, სამწუხაროდ, დიდი გავლენა არ ექნება ლეტალობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებაზე. ჩვენ თუ გვინდა ვაქცინაციის გავლენა დავინახოთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაზე, ამისთვის მოსახლეობის 50% და მეტი უნდა იყოს აცრილი, თუმცა კარგია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აცრის ტემპმა ასე თუ ისე იმატა, მაგრამ იდეალური მაჩვენებლისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.

„პანდემიის დასამარცხებლად აქტიურად უნდა გაგრძელდეს პროცესები. მოსახლეობის 60%-ისა და უფრო მეტის ვაქცინირებაა აუცილებელი, რაც, სამწუხაროდ, წლის ბოლომდე ვერ მოესწრება.

„ამასთან, ცნობილია, პირველი დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე საშვების" შემოღების საკითხიც, რაც ვფიქრობ საგრძნობლად კარგ შედეგს მოიტანს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ნამდვილად უზრუნველყოფს საჭირო პროცედურების დაცვას.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება „მწვანე ბარათებთან" დაკავშირებული პროცესის აღსრულება და კონტროლი. ჩვენ ვიცით, რომ არ ხდებოდა იმ რეგულაციების აღსრულება, რაც აქამდე არსებობდა და ამას არც სახელმწიფო აკონტროლებდა მკაცრად. ამიტომ, თუ ის წესები, რაც ამ ბარათს უკავშირდება, მხოლოდ ფურცელზე დარჩა, შედეგს არ გამოიღებს.უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ წესებს ზედმიწევნით დაცვას გარდამტეხი შედეგი ექნება ეპიდსიტუაციაზე", - განაცხადა გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი პროგნოზით, რომ „მწვანე საშვების" შემოღება ვაქცინაციის ტემპის აწევასაც შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, ამ საბუთს შეუძლია გავლენა იქონიოს ვაქცინაციის ტემპზეც. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და კვლავ აუცილებელია აქტიური მუშაობა, მოსახლეობასთან შეხვედრები და ა.შ. ჩვენ საზოგადოებამდე ჩვენი მთავარი სათქმელი უნდა მივიტანოთ, რომ ვაქცინაცია იცავს ადამიანს ვირუსის მძიმე მიმდინარეობისაგან და ერთადერთია, რასაც საბოლოო ჯამში პანდემიის დამარცხება შეუძლია", - განაცხადა გოგინავამ.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში კიდევ ერთი პოზიტიური ტენდენცია შეიმჩნევა - თანდათან მცირდება დადებითობის მაჩვენებელი. 20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,15%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9,39%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9%.

20 ნოემბერს კორონავირუსი კიდევ 4318 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2457 პაციენტი. გარდა ამისა, გარდაიცვალა კიდევ 70 კოვიდინფიცირებული.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 808 889 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 743 927, გარდაიცვალა 11 422 პაციენტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×