თეონა ვეშაგური
20.11.2021

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალშ გადაყვანის შემდეგ, ენმ, სავარაუდოდ, ახალი მოთხოვნებით გააგრძელებს აქციებს. ამაზე განცხადება უკვე პარასკევის აქციაზე გაკეთდა - მერმან დუმბაძის განცხადებით, ეს ახალი მოთხოვნა სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა იქნება. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აქციების გაგრძელებაცა და ახალი მოთხოვნების გაჩენაც მოსალოდნელი იყო.

19 ნოემბერს, მაშ შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ, მურმან დუმბაძემ პარლამენტის შენობის წინ, ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მათ მიხეილ სააკაშვილი, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი, ისე სჭირდებათ და არა როგორც პატიმარი.

„არასდროს არ მითქვამს, რომ მიშა მოხვდება საავადმყოფოში და გავჩერდებით. არა, მიშა არ გვჭირდება საავადმყოფოში, მიშა გვჭირდება აქ, გარეთ, მოქმედი პოლიტიკოსი, მოქმედ საქართველოში.

„კიდევ ერთხელ ჩვენს გონებაში შევუშვათ, არ დავიშლებით, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა. უკრაინის მოქალაქეს ვმკურნალობთ საავადმყოფოში, თუ რა გვჭირს? ეს ხომ პოლიტიკური საკითხია, ძალიან მარტივი საკითხი. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, კაცმა, რომელმაც დააფუძნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, მას ერგება საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ქალბატონო სალომე, ისრები გადმოვა თქვენკენ, მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, ნუ უჯერებთ იმ ცრუ ივანიშვილს.

„მეორე ამოცანაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს საქართველოშივე პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება. ძალიან მარტივი მოთხოვნაა, ხომ იძახით - „არ გვეშინია", ხომ იძახით - „გულადები ვართ", ხომ იძახით - „ეს ქვეყანა ჩვენი ასაწყობია", მიეცით ადამიანს საშუალება, იმოქმედოს თავისუფლად. მიეცით საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საშუალება, რომ საქართველოში გადაადგილდეს თავისუფლად, არავითარი რთული მოთხოვნა ეს არ არის", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ოპოზიცია ბრძოლის ერთადერთ საშუალებად არეულობასა და საპროტესტო აქციებს მიიჩნევს, რაც სამწუხაროა.

„ეს შეიძლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყოს და ეს რომც არ ყოფილიყო, აუცილებლად იქნებოდა სხვა. რა თქმა უნდა, არ გაჩერდება აქციები. ამის პროგნოზირება ძნელი არც იყო და არც ახლა არის. პროტესტი გაგრძელდება და სხვადასხვა მოთხოვნები იქნება. ვერ გეტყვით წინა პლანზე რა საკითხს წამოსწევენ, მაგრამ ოპოზიციის მთავარი მიზანი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. შესაბამისად, ყველა ხერხს გამოიყენებენ, რათა ამ ზეწოლით მიაღწიონ შედეგს.

„სხვა თემაა რამდენად შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა და ეყოფათ თუ არა ამის რესურსი. მაგრამ მცდელობები იქნება მუდმივი, რომ როგორმე აიძულონ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე წავიდნენ.

„ის, რომ დაიწყება საუბარი სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ერთ-ერთი მოთხოვნა ეს იქნება, ახალი არ არის. თუმცა მეეჭვება ოპოზიციას დღეს იმის რესურსები გააჩნდეს, რომ ხანგრძლივი და პერმანენტული აქციები გამართოს.

„იქნება აქციები, მაგრამ არა უწყვეტი, სადღაც ალბათ დეკემბრის შუა რიცხვებში ამგვარი პროტესტი შეწყდება და შეიძლება თებერვალში განახლდეს. ასეთ ვითარებაში ვიქნებით", -განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ ვითარებას მშვიდად და ზედმეტი რადიკალიზმის გარეშე თუ შეხვდება, ეს აქციები მძიმე შედეგებს ვერ მოიტანს.

„თუ „ოცნება" მშვიდად შეხვდება ამ ყველაფერს, არც არაფერი მოხდება. რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მასობრივი აქციების რესურსი ოპოზიციას არ გააჩნია და შესაბამისად, არც გართულებები იქნება. მთავარია ხელისუფლებამ რადიკალიზმის გარეშე გააგრძელოს ოპოზიციასთან ურთიერთობა.

„რაც შეეხება ქვეყანას, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ყოველდღე, თუნდაც ყოველ კვირას აქციების გამართვა, მაგრამ ასეთი პოლიტიკური მოცემულობაა და ვერაფერს ვიზამთ", -განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×