ელზა პაპოშვილი
19.11.2021

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ განიმუხტება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კირიზისი და ახლა რას იზამს ოპოზიცია? ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც გორის ჰოსპიტალტან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალეს. საბოლოო ჯამში „ოცნება“ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააკაშვილი სათანადო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, რისი საშუალებაც გლდანის ციხეში არ არის. ხოლო ოპოზიცია მიხვდა იმას, რომ ყოფილი მთავარსარდლისთვის ყველაზე კარგი ადგილი სწორედ,  გორის სამხედრო ჰოსპიტალია.  

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სწორი და ლოგიკურია, რადგანაც კრიზისის განმუხტვაზე მთავარი პასუხისმგებელი ისაა. ქვეყნის ინტერესები ერთ კონკრეტულ პარტიას და მის ლიდერს არ უნად გადაჰყვეს. ამიტომაც გორის ჰოსპიტალი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისითაც გამართლებულია. ხელისუფლებამ „ნაციოანლურ მოძრაობას“ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს და მოვლენების განვითარებას არ უნდა დაელოდოს. მოელიან, რომ პროცესები ცოტა ხნით განიმუხტება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამ მუხტის განელებას არა ელიან, რადგანაც სააკაშვილის  ფაქტორის ბოლომდე გამოყენება სურთ. 

19 ნოემბერს ზუსტად სამ საათზე, როდესაც „ნაციოანლური მოძრაობის“ აქცია რესპუბლიკურ მოედანზე უნდა დაწყებულიყო, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთვაზა. მალევე ექსპრეზიდენტთან ეკა ხერხეულიძე შევიდა, რომელიც წინადადებას გარკვეული დათქმით დასთანხმდა. მან შეხვედრა ნიკა გვარამიასთან და უკრაინის კონსულთან მოითხოვა. 

მინისტრ ბრეგვაძის  თქმით, გორის ჰოსპიტალში გადასაყვანად სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მისმა მხარდამჭერებმა კი უარი თქვან, მისივე თქმით, დესტრუქციულ ქმედებებზე. 

„რაც შეეხება გარანტიებს - ეს არის შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და, ასევე, ყოველგვარ პროვოკაციაზე უარის თქმა, იქნება ეს სხვადასხვა სახის აქციები გორის ჰოსპიტალთან თუ  რაიმე სხვა დესტრუქციული ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც ექიმების მუშაობას, ისე პატიმრის უსაფრთხოებას,“ - აცხადებს მინისტრი.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტს სურს გარეთ მყოფი ხალხის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რომლებიც მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ეს მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არ არის. როგორც ის აცხადებს, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან და ადვოკატ ნიკა გვარამიასთან ერთად გაივლის ტექნიკურ დეტალებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებას გვარამია გაახმოვანებს.

„მას სურს, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას, მაგრამ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არ არის მისი არჩევანი. არც გორი და არც ერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი აგრძელებს ბრძოლას.

მაგრამ, ის, რაც დღეს ყველას გვაღელვებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მან შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი ნიკა გვარამია, მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ხერხეულიძემ.  

სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს არის ადგილი, რომელიც სრულად აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების კუთხით. პრეზიდენტი ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტას ეხმაურება და ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. 

„ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში. მივესალმები, ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტაზე. მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ. დღევანდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს,“ - წერს სალომე წურაბიშვილი.  

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიხეილ სააკაშვილისტვის გამზადებელი პალატა გორის სემხედრო ჰოსპიტალში უკვე მოინახულა. 

„მე მინდა ყველა იმ ექიმს მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობას იღებდა შექმნილ კონსილიუმებში. მათი როლი იყო დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობა ყველა იმ ექიმს, რომლებიც მკურნალობის პროცესში იყო ჩართული, ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი და რთული გზა გაიარეს. პაციენტს, როგორც რუსთავის, ასევე 18-ე დაწესებულებაში ყველაფერი უტარდებოდა, რაც მას სჭირდებოდა, ამიტომ ეს მღელვარება იყო ზედმეტი. ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბოლო პერიოდში ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა. ეს კლინიკა არის დაცული და მისთვის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება. ჩაითვალა, რომ გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. ჰოსპიტალი არ გადაიკეტება. ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, აქაც გააგრძელებენ მის მკურნალობას,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება. 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გორის ჰოსპიტალი ნამდვილად მაღალი დონის მულტიფუნქციური დაწესებულებაა, სადაც სააკაშვილის სათანადო მკურანლობა მოხდება. მისი აზრით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ სწორი და შემხვედრი ნაბიჯი გადადგა, ამიტომაც ახლა ჯერი  ოპოზიციაზეა, რომლის დათმობითაც კრიზისი უნდა განიმუხტოს. თუმცა ანჯაფარიძე ეჭვობს, რომ ენმ-ის ბუნებიდან გამომდინარე  მოთხოვნებს  და ქუჩაში გამოსვლებს არ  შეწყვეტენ. 

„ხელისუფლების  ეს გადაწყვეტილება ნამდვილად  კარგია, რადგანაც ოპოზიციას საბაბი სააკაშვილის  შიმშილობის შესახებ ხელიდან გამოაცალა, ამიტომაც ახლა მთელი ისრები ოპოზიციაზე ინაცვლებს. ფაქტია, რომ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადადის, მაგრამ არ მგონია ნაციონალურმა მოძრაობამ აქციები შეწტყვიტოს და პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს. ოპოზიციას პაკეტში სხვა მოთხოვნებიც აქვს, ეს არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. მათი საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლების დამხობაა, ამიტომაც არ მგონია სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანით ეს პოლიტიკური ტემპერატურა დაწიონ. 

ამ ფაქტს ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად გაასაღებს და მელიამ ეს განცახდება აქციაზე უკვე გააკეთა. აქედან გამომდინარე შეეცდება, რომ უფორ მეტი ადამიანი მიიმხროს. ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი კი დასავლეთის თვალში ჩაწერილი ქულა იქნება, რომელმაც მათი რეკომენდაციები და საზოგადოების  ერთი ნაწილის  მოთხოვნა გაიზიარეს. ხელისუფლებამ ამით საკუთარი პასუხისმგებლობა აიღო  და ამომრჩეველთანაც მართალია, რადგანაც უსაფრთხოების ზომები გორის ჰოსპიტალში უფრი დაცულია“, - ამბობს ზაალ ანაჯფარიძე „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ თავისი პასუხისმგებლობა აიღო და ამით ყველას აჩვენა, რომ სააკაშვილის სიკვდილი, წამება და ათასი სისულელე ხელისუფლებას ნამდვილად არ სურს. 

„როდესაც მიხეილ სააკაშვილის  მგდომარეობა რეალურად დამძიმდა, ხელისუფლებამ  მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. კონსულტაციები იყო იმ ჯანდაცვის ექსპერტებთან და „ოცნების“ დეპუტატებთან, რომლებსაც სამედიცინო ბექგრაუნდი აქვთ და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე  ოპტიმალური გორის ჰოსპიტალში  გადაყვანაა.

 ალბათ კარგად შენიშნეთ, ოპოზიციამ გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით პოზიცია როგორ შეცვალა. გახსოვთ, ამბობდნენ, რომ ოსი სპეცრაზმელები მის გატაცებას გეგმავდნენ. ახლა კი დამოკიდებულება სრულად შეცვალეს და ამბობენ, რომ ყოფილი მთავარსარდლისთვის ნამდვილად ყველაზე შესაფერისი ადგილია. მიხვდნენ, რომ ამით შეურაცხყოფას ჯერ ერთი ქართველ პოლიციელებს აყენებდნენ, მერე სადამკვირვებლო მისიას და იმ სამხედროებს, რომელბიც აქ მკურნალობენ. მიუხედავად ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებისა, ოპოზიციის მხრიდან დიდად პოზიციის შეცვლას არ ველი. იქნება პატარა შოუების და ფეიკების დადგმა, მაგრამ სააკაშვილის შიმშილობის თემა უკვე გათამაშებული კარტია და ზამთრის მოსვლათსან ერთად გარეთ დაქირავებული ხალხის გამოყავნასაც ვეღარ შეძლებენ“, - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×