ექსპრეზიდენტთან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ, რათა მისი პასუხი პირადად მოისმინონ
ხატია ბერიძე
19.11.2021

დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის გარემოება, რომ მისი მომხრეები და თანამებრძოლები ამ შესაძლებლობას ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ, შეიძლება იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ შეიძლება დათანხმდეს და კრიზისის ეს ეტაპი ქვეყანამ მშვიდობიანად დაიძლიოს.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ნაცმოძრაობის წევრები არიან შესული მიხეილ სააკაშვილთან, რომ მისგან პირადად გაიგონ, თანხმდება თუ არა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას.

„უნდა დაველოდოთ მის პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი და რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე, რომ ძვირფასია პირველ რიგში მისთვის, ეს ყველაზე კარგად მან იცის და მისი სიცოცხლე, რომ დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც ძალიან კარგად იცის. ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ. ამის შემდეგ, ვიდრე ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ. ამ ხელისუფლებას და რეჟიმს არ ვენდობი. დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამის შემდეგ სხვა გეგმებზე ვისაუბრებთ," - განაცხადა ოპიოზიციის აქციაზე ნიკა მელიამ.

მისი თქმით, „ოცნება" პროტესტის შიშითა და ოპოზიციის წნეხის გამო გახდა იძულებული ამ ნაბიჯზე.

„თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება პრაქტიკულად საათობრივად აკეთებს მხარდამჭერ განცხადებებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ. „ქართულ ოცნებას" უნდოდა, რომ ჩვენ ძალადობრივ პროცესებში ჩავეთრიეთ და პროცესები ძალადობრივად წარმართულიყო მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში და ადგილობრივი საზოგადოების თვალში „ქართულ ოცნებას" თავი აქვს მოჭრილი. მთელი მორალური უპირატესობა არის საზოგადოების მხარეს და ოლიგარქს აღარაფერი დარჩა, გარდა თოფიანი ადამიანებისა. ისინი ეძებდნენ საბაბს, როგორ გამოეყენებინათ ძალა, კიდევ უფრო უმძიმეს პირობებში ემყოფებინათ მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც ახლა დატყვევებული ჰყავთ, მაგრამ მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. არ ავყევით რეჟიმს ძალადობრივ პროცესებში და სისხლი არ დავაღვრევინეთ. „რუსული ოცნება" მორიგ ჯერზე არ ავუხდინეთ ქვეყანაში, რომელიც სამოქალაქო, სისხლიან დაპირისპირებას გულისხმობს," - თქვა მელიამ.

ხატია დეკანოიძე კი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე სააკაშვილს ესაუბრა, რაზეც ექსპრეზიდენტმა უთხრა, რომ გაიზიარებს პირადი ექიმის რეკომენდაციებს.

„მე გულწრფელად არ ვიცი, ახლა რა პოზიცია აქვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი, მისი მოსაზრებაც იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ ექიმები თვლიან, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის კარგი, შეესაბამება სტანდარტებს, იგი გაიზიარებს სახალხო დამცველის ექსპერტებისა და პირადი ექიმის რეკომენდაციებს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

კიდევ უფრო ორაზროვანი განცხადება გააკეთა გიგი უგულავამ. როგორც ამბობს, სააკაშვილმა რომ შიმშილობა შეწყვიტოს, ამისთვის მთავარია გლდანის ციხიდან გადაიყვანონ. ამბობს, რომ ოპოზიცია პირობას შეასრულებს და იმ საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილს მოათავსებენ, აქციებს არ გამართავს.

,,ჩვენ ვიცით ერთი - სააკაშვილი თავის სიტყვას შეასრულებს, თუ ის იქნება გადაყვანილი გლდანის ციხიდან, შიმშილობას შეწყვეტს და თუ არ გადაიყვანენ, არ შეწყვეტს. ასევე, ხოშტარიას პოზიციაც ვიცით, რომ თუ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი გლდანის ციხიდან, არ შეწყვეტს შიმშილობას.

„რაც შეეხება პროტესტის ნაწილს, როგორც კი სააკაშვილი დატოვებს და გადავა სამკურნალო დაწესებულებაში, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება. პირიქით, ყველას მოვუწოდებთ და გავაფრთხილებთ და პოლიციასაც მივეხმარებით, რომ მსგავსი რამე არ იყოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, რიგგარეშე არჩევნებისთვის და ოლიგარქის წინააღმდეგ," -განაცხადა უგულავამ.

იუსტიციის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე სააკაშვილს გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა და განმარტა თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რას მოითხოვენ სანაცვლოდ.

,,ამ გადაწყვეტილებით ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც შიმშილობენ. ოპოზიციის მხრიდან, ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე",- განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×