თამთა ჩაჩანიძე
19.11.2021

მმართველ გუნდს მოუწევს საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიურად იმუშავოს, რადგან შეუძლებელია, რომ დამახინჯებული გზავნილები დასავლეთში უაპელაციოდ მიდიოდეს და მის საპირწონედ ობიექტური არგუმენტები არ იყოს, რომლებიც ჩვენ ვიცით, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ არა, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას.

განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას სამედიცინო ჯგუფის შექმნას და მთავრობას მოუწოდებს, რომ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ.

„მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო მუშაობას დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნის კუთხით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას შესამოწმებლად.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ის, რომ ბატონი სააკაშვილი დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

„ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ ის ამას მოითხოვს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

გია აბაშიძე ამბობს, რომ შესაძლოა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,სახალხო დამცველის ინფორმაციის საპირწონედ „ოცნებამ" თავისი ანგარიში დასავლეთში და მათ შორის შეერთებუილ შტატებში არ გაგზავნა, რაც მმართველ გუნდისადმი პრეტენზიებს იწვევს და ის ოპონენტებს საინფორმაციო ომში „ცოტათი ჩამორჩება".

„სახელმწიფო დეპარტამენტი, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, დაინტერესებულები არიან პატიმარ სააკაშვილის უფლებების დაცვითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით. ის, რომ ნინო ლომჯარია წლებია დეზინფორმაციულ მოქმედებას ეწევა, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ცხადია.

„არაერთხელ ვთქვი, რომ ლომჯარიას მიერ დაკომპლექტებული კონსილიუმი აბსოლოტურად ტენდენციურია და მასში შედიან „ნაცმოძრაობის" აქტიური გულშემატკივრები, ისეთები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დადიან და მთავარი არხის მესიჯბოქსს იმეორებენ.

„რაც შეეხება სახემწიფო დეპარტამენტის განცხასდებას, ბუნებრივია ის პატივს სცემს ინსტიტუტს, როგორიცაა სახალხო დამცველი, იღებს იმ ინფორმაციას, რომელიც სახალხო დამცველმა მიაწოდა, მაგრამ ეს ინფორმაცია მიწოდებული აქვს საკმაოდ ტენდენციურად და დამახინჯებუად, აქ კიდევ მნიშვნელოვანია ის, რომ ლომჯარიასნაირ დეზინფორმატორებს გააფთრებულ საინფორმაციო ომში მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უნდა დაასწრონ ხოლმე.

„ვერ ვიტყვი მმართველმა გუნდმა თავისი ანგარიში რატომ არ გაუგზავნა, მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ. ვარაუდის დონეზე კი ის ფაქტია სახეზე, რომ ამ გააფთრებულ საინფორმაციო ომში მმართველი გუნდი ცოტათი ჩამორჩება, როცა მის ხელში ობიექტური სიმართლე და მოცემულობა აქვს, არ შეიძლება, რომ ლომჯარიასნაირმა დესტრუქციულმა აქტორებმა სახელმწიფოს ზიანი მიაყენონ.

„აქ გარკვულწილად „ოცნებისადმი" პრეტენზიებია, რომ ამ საინფორმაციო ომში ცოტათი ჩამორჩება, რადგან ქართულმა საზოგადოებამ მშვენივრად იცის ლომჯარია ვინაა და რას აკეთებს, მაგრამ ეს ქმედებები სამწუხაროდ დასავლელი პარტნიორების ყურებამდე დასაბუთებულად ვერ მივიდა. ფაქტიც სახეზეა.

„მმართველ გუნდს მოუწევს საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიურად იმუშავოს, რადგან შეუძლებელია, რომ ის დამახინჯებული გზავნილები დასავლეთში უაპელაციოდ მიდიოდეს და მის საპირწონედ ობიექტური არგუმენტები არ იყოს, რომლებიც ჩვენ ვიცით, მაგრამ ფართო საერთაშორისო თანამეგობრობამ არა," - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×