ია აბულაშვილი
19.11.2021

რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს შიმშილობა სახალხო შიმშილობად გადაიქცევა და მოედება მთელს საქართველოს. ეს კი მართლაც ყურადსაღები გახდება მთელი მსოფლიოსთვის. მოვლენების ამგვარი განვითარება კი ხელისუფლებისთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება, აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კომენტირებისას. მისი აზრით, ქაოსიდან ქვეყანა დროზე უნდა ამოვიდეს და მოუწოდებს მხარეებს, დროულად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

„რეზონანსი": „ნაციონალური მოძრაობა", „გირჩი- მეტი თავისუფლება", „ლელო", „დროა" პერმანენტულ მასობრივ აქციებს აანონსებენ. რისი იმედი აქვს ოპოზიციას? აქვს რესურისი დანაიპრები შეასრულოს, ამ ფორმით დაღალოს ხელისუფლება და ყოვლდღიურად დისკომფორტი შეუქმნას?

იგორ კვესელავა: დღეს საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს ადგენს მოხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა - „ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". მათმა დაპირისპირებამ და აჟიოტაჟმა ყველაფერი გადაფარა, პანდემიაც კი, რომელიც მძვინვარებს და ყოველდღიურად ამდენი ადამიანი იღუპება.

რაც შეეხება რესურსს და იმედს, ამ მოვლენებმა ოპოზიციას დაანახა, რომ მხარს უჭერ მოსახელეობის გარკვეული ნაწილი და შეიძლება ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. იმედი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის; იმედი აქვს, რომ მთელ ამ პროცესში ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს. ყველაზე დიდი იმედი ოპოზიციის არის მიშას ფენომენი, რომელიც ძალაუფლების მოპოვების, თუ ძალაუფლების დაბრუნების საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არის ამ სცენარის შემოქმედი, მას უჭირავს კომპასი ხელში. ამას ემატება შიმშილობის აქცია, რომელიც დაიწყო პარლამენტიდან, შეუერთდნენ საკრებულოს წევრები, შიმშილობა დაიწყო პაატა ბურჭულაძემ, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს შიმშილობა სახალხო შიმშილობად გადაიქცევა და მოედება მთელს საქართველოს. ეს კი მართლაც ყურადსაღები გახდება მთელი მსოფლიოსთვის. მოვლენების ამგვარი განვითარება კი ხელისუფლებისთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება...

„რ": რამდენად სწორად მოქმედებს ხელისუფლება?

ი.კ: იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მე პირადად არ ვიზიარებ. არ არის საჭირო ასეთი ხისტი განცხადებები, უფრო დიპლომატიური განცხადებებია საჭირო და დიპლომატიური გზების ძიება. სიტუაცია ძალზედ მძიმეა და დამშვიდება სჭირდება. ეს ხისტი განცხადებები კი ხალხს აღიზიანებს. ხელისუფლებამ უნდა გათვალოს და გაანალიზოს ოპოზიციის ნაბიჯები. აქციები, პარალელურად იწყება შიმშილობა, დისკომფორტს გიქმნის ყოველდღე და შეიძლება პროტეტსტის უფრო მწვავე ფორმებს მიმართოს. მოვლენების დრამატიზირებას არ ვახდენ, მაგრამ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობის და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ვხედავ. ხელისუფლება კი მხოლოდ მიშას ებრძვის.

„რ": შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს როგორ ხედავთ?

ი.კ: ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ და დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ სიტუაციაში ეკლესიას. ვფიქრობ, საპატრიარქო და საზოგადოება უნდა ჩაერთოს პროცესების დარეგულირების საკითხში; მეცნიერები, მწერლები, ავტორიტეტული ხალხი და არა შარახვეტიები. საქართველო არცერთ პარტიას არ ეკუთვნის, ამიტომ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა და ამოვიყვანოთ ამ პოლიტიკური ქაოსიდან. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ოპოზციიას დროულად დასხდნენ მოლაპარების მაგიდასთან, შუამავალი იქნება ეკლესია და საზოგადოება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×