ხატია ბერიძე
18.11.2021

პარტია ,, გირჩი" შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნაში ხედავს, ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ამ ინიციატივას ხელისუფლება არ განიხილავს და დიდი ალბათობით ვერ განხორციელდება - რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, იურისტის აზრით, პატიმრის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება ისეთი დაავადება, ან საჭიროებს ისეთ მკურნალობას, რასაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.

„გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კლინიკასთან დაიწყება ის ხმაური, რაც სააკაშვილს ციხეში ესმის. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის არათავისუფალ მდგომარეობაში ყოფნით კი ის პროცესები გაგრძელდება, რაც ქვეყანაში ახლაც მიმდინრეობს.

,,ამიტომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ და იქ თუ უნდა კონსილიუმი შეიკრიბოს და თუ უნდა -სხვა რამ. ხომ შეიძლება ამდენი აქციებით, მიტინგებით, ხმაურით და თუნდაც ,,გაჯინებით" დაიღალონ?

„ხომ უშვებთ, რომ ამით ,,ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი დაიღალოს. ამ დროს კი სწორი გამოსავალია, რომ ექსპრეზიდენტი საზღვარგარეთ გაუშვან",- განაცხდა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც სააკაშვილი იქნება გადაყვანილი აქციებს არ გამართავენ, აღნიშნული ინიციატივა ხელისუფლებას და საზოგადოებას ოპოზიციონერმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრძემ შესთავაზა.

„მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება და ინიციატივა, ხელისუფლებამ მოახდინოს სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა გლდანის ციხიდან სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიასთან არ დაიგეგმება არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობები და შეკრებები.

„ამით, ერთი მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოფთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვას, მის გადაყვანას საავადმყოფოში და მეორე მხრივ უზრუნველვყოფთ, რომ ხელისუფლების ის შიში, რაღაც ე.წ. საავადმყოფოდან გატაცების სცენარის შესახებ ასევე იყოს ადრესირებული. უკვე როცა გვეცოდინება, რომ ადამიანის სიცოცხლე არის გადარჩენილი, ამის შემდეგ ვისაუბროთ პოლიტიკურ ნაბიჯებზე.

„ჯერჯერობით, მთავარი ამოცანა გახლავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, რადგან ღმერთმა დაგვიფაროს, თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართა დღეს გლდანის ციხეში, არჩევნებიც, რეფორმაც, სასამართლოც, ნატოც და ყველაფერი ამ ქვეყანას გვერდზე დაგვრჩება და აღმოვჩნდებით საშინელ 90-იანების უფსკრულში", - განაცხადა ბაქრაძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ,,რეზონანთან" აცხადებს, რომ იაგო ხვიჩიას ინიციატივა სავარაუდოდ ვერ განხორციელდება.

,,სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას პირველ რიგში ხელისუფლება არ განიხილავს, რადგან სააკაშვილი არის პატიმარი და როცა მისი ჯანმრთელობისთვის ეს არ არის საჭირო, ვიღაცის ინიციატივით, რომ პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტოს, მისი გადაყვანა საზღვარგარეთ არ მოხდება.

"მინიმუმ იმიტომ, რომ ეს არ შეესბამება იურიდიულ ნორმებს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასეთ საქმეზე პასუხისმგებლობას, როგორიც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჩაბარებაა, არცერთი ქვეყანა არ აიღებს. ასე რომ, სავარაუდოდ ეს ინიციატივა ვერ განცხორციელდება",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

იურისტი კახა კოჟორიძე ,,რეზონანსთან" ხვიჩიას ინიციატივას სამართლებრივად განიხილავს და აცხადებს, რომ პატიმარი სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება.

,,იურიდიულად პატიმრის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება ისეთი დაავადება ან საჭიროებს ისეთ მკურნალობას, რასაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.

"ადამიანის სიცოცხლე უპირატესია, ამიტომ, თუ მის ჯანმრთელობას დასჭირდება სხვა ქვეყანაში მკურნალობა, ამ შემთხვევაში მისი გადაყვანა სავსებით შესაძლებელია, მაგრამ, არა იმ შემთხვევაში, რომ პოლიტიკური დაძაბულობა განმუხტოს.

"ხვიჩიას ინიციატივას, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ სიტუაციის გასანეიტრალებლად უნდა გადაიყვანონ, ან ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სამოქალაქო კლინიკაში ვერ უზრუნველყოფენ სააკაშვილის უფაფრთხოებას და ამიტომ არ გადაიყვანენ, ორივე არის აბსურდი. ანუ, ამით კობახიძე პირდაპირ აცხადებს, რომ სახელმწიფო მისი პატიმრის უსაფრთხოებას ვერ ახდენს",- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×