თამთა ჩაჩანიძე
18.11.2021

„პაქსლოვიდი" და „მოლნუპირავირი" - აბები, რომლებიც შესაძლოა პანდემიის მართვის პროცესში მთავარ იარაღად იქცეს. კვლევების თანახმად ისინი კოვიდ-19-ით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებენ, ჯანდაცვის ექსპერტების მოსააზრებით კი, ეს იქითკენაა მიმართული, რომ „ციტოკინური შტორმი" როგორმე გააჩეროს.

"ცოტონიკური შტორმი" სამედიცინო ტერმინია და ნიშნავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ციტოკინების ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით გამოთავისუფლებას, რაც ხდება ვირუსის გავლენით და ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობენ ძლიერი ანთებითი რეაქციის განვითარებას.

სამშაბათს ფარმაცევტულმა კომპანია „ფაიზერმა" აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტოში (ეფ-დი-ეი) შეიტანა განაცხადი, რომ კოვიდ-19-ის სამკურნალო მისი ექსპერიმენტული ანტივირუსული პრეპარატის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცენ, რომელიც კომპანიის თქმით, ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობის რისკს 89%-ით ამცირებს. სავარაუდოდ პაციენტები ახალ პრეპარატზე წვდომას წლის ბოლომდე შეძლებენ.

მედიკამენტი, რომელზედაც ნებართვას კომპანია აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტოსგან ელოდება, ესაა „პაქსლოვიდი" - გავრცელებული ცნობებით კომპანიამ მარეგულირებელს კლინიკური კვლევების მონაცემები უკვე მიაწოდა.

პერორალური მედიკამენტი, რომელიც აბების სახითაა, შეიძლება პანდემიასთან ბრძოლაში ახალი იარაღი გახდეს, რადგან მისი მიღება შესაძლებელია დაავადების ადრეულ ფაზაში და სახლში სამკურნალოდ. თუმცა, ნებართვას მარეგულირებელი როდის გასცემს, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ასევე, კომპანია „მერკმა" კოვიდ-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტის „მოლნუპირავირის" გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაციის მინიჭებისთვის აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს მიმართა.

„ეფ-დი-ეის" გარე ექსპერტების ჯგუფი განაცხადებების განსახილველად 30 ნოემბერს შეიკრიბება და სავარაუდოდ პრეპარატი სამედიცინო არსენალში ამ წლის ბოლოს მოხვდება.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პოტენციური მკურნალობის საშუალება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს, „ეფ-დი-აი"-სთან მუშაობას მოუთმენლად ველით, რათა მსოფლიოს სხვა მარეგულირებლებთან ერთად ჩვენი განაცხადი განიხილონ," - განაცხადა „პფაიზერის" აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.

კომპანია „ფაიზერის" მედიკამენტ „პაკსლოვიდის" გამოყენებაზე ნებართვის გაცემის პროცესი რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ კორეაში, განაცხადის შეტანა სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. „ფაიზერი", საკუთარი კოვიდ-19-ის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას, გაეროს მიერ მხარდაჭერილ სხვა მწარმოებლებსაც აძლევს. ეს ნაბიჯი აბებით მკურნალობის საშუალებას მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მისცემს.

ფარმაცევტული კომპანიის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მწარმოებელი ანტივირუსული აბებისთვის ლიცენზიას ჟენევაში დაფუძნებულ მედიკამენტების საპატენტო ფონდს გადასცემს. ეს გენერიკული წამლების კომპანიებს საშუალებას მისცემს, აბები 95 ქვეყანაში გამოყენებისთვის აწარმოონ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს შეადგენს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ზემოტ აღნიშნული მედიკამენტები ეფექტური აღმოჩნდა, მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილიანობის თავიდან არიდება შესაძლებელი გახდება.

„პანდემია ინფექციის გავრცელებაა, თუ წამალი ეფექტური და კარგი იქნება, მივაღწევთ არა პანდემიის გაჩერებას, არამედ სიკვდილიანობის შემცირებას, ერთადერთი ამაზეა მიმართული, რომ ამა თუ იმ პრეპარატმა ციტოკინური შტორმი როგორმე გააჩეროს. რაც შეეხება პანდემიის შეჩერებას, ერთადერთი, რაც ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას ხელს უშლის და აჩერებს, ეს ეპიდემიოლოგიური თავდაცვაა, გინდა ყვავილი ავიღოთ, გინდა ქოლერა.

„ინდოეთში ქოლერა ვერაფრით ვერ მოსპეს, რადგან განგის წყალს სვამენ, ამ წყალში ბანაობენ, რეცხავენ და გარდაცვლილებს რომ წვავენ, იქ ყრიან, ეს კი ინფექციის წყაროდ იქცევა. ჩვენთან ქოლერა იმიტომ არაა, რომ ეპიდემიოლოგიური თავდაცვა ძალიან ძლიერი იყო და ამ ამბავს ასე მოვერიეთ, ამიტომ წამალს ეს ხალხი განსაკუთრებულ პანაცეად ნუ უყურებს, თუმცაღა ეს ძალიან დიდი იმედი იქნება იმისა, რომ მძიმე პაციენტი არ გარდაიცვალოს.

„საერთოდ, წამლის დამტკიცებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ვაქცინას, რადგან აბს შესაძლოა ძალიან ბევრი უკუჩვენება ჰქონდეს. ვაქცინა დაახლოებით მაინც ვიცით რა არის, შესაბამისად დაზუსტებით როდისთვის იქნება ეს მედიკამენტი არ ვიცი, მაგრამ ეს ის არაა, რაც პანდემიას შეაჩერებს, არამედ ისაა, რაც სიკვდილიანობას და მძიმე შემთხვევებს თავიდან მნიშვნელოვანწილად აგვარიდებს," - განაცხადა მან.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ აღნიშნული მედიკამენტები სპეციალური დანიშნულების მიხედვით გაიყიდოს, ხმალაძე ამბობს, რომ აფთიაქებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აბები სპეციალური დანიშნულებით გაიყიდება.

„ჩვენამდე როდის მოაღწევს, ამის თქმა ძნელია, თუმცა, ერთ-ერთი პირველი ქვყანა საქართველო იყო, „ფაიზერის" ვაქცინა რომ შემოვიდა. რა თქმა უნდა დანიშნულებით იქნება, ჯერჯერობით რა პრეპარატებიც იქმნება, ყველა პრეპარატი მხოლოდ მძიმე შემთხევების პრევენციისკენაა მიმართული, წამლები გართულებებს ებრძვიან და არა ვირუსს, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი არ არსებობს.

„რაც შეეხება ანტივაქსერების რეაქციას ამ აბების გამოჩენის შემთხვევაში, ანტივაქსერი, ესაა ადამიანი, რომელიც თავის ქმედებას ყველანაირად ამართლებს, როცა ვაქცინაა, იძახის, რომ ტაბლეტი რომ ყოფილიყო დავლევდიო, აბაბი თუ გამოვა, მერე იტყვიან, რომ ეს აბები ისეთი ეფექტური არააო, ან რამეს მოიგონებენ - იტყვის ტაბლეტში ჩიპი დევს რადგან ნემსში ვერ ჩაატიესო და კუჭის კედელს ან ნაწლავს მიემაგრებაო, დარწმუნებული ვარ რომ ანტივაქსერი ანტივაქსერად დარჩება, ეს უკვე ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარეა," - განაცხადა ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×