ელზა პაპოშვილი
17.11.2021

რატომ შეცვალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ რიტორიკა? ის ხელისუფლებას ლამის პირდაპირ მოუწოდებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესები განიმუხტოს. მოხდა თუ არა ევროპაში მყოფ პრეზიდენტზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან ზეგავლენა, რის შემდეგაც ზურაბიშვილმა მედიატორის როლის მორგება სცადა? და რა შედეგს გამოიწვევს მისი მოწოდება? 

„დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და გავაცნო ამ სერიოზულ საკითხზე ჩემი შეხედულება - პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამიტომ, იმ კადრების გავრცელება, რომელიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტინეციურ სისტემაში, ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში წინამორბედს დაემსგავსოს. გულგრილობა, დაცინვა და ქილიკი მიუღებელია არამხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ მთელი საზოგადოებისთვის. 

ასევე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ეს იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოების ინტერესს, რადგან ყველა ხვდება რომ პრეზიდენტების ჯანმრთელობა სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე. ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზეზი კი, შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა გახდეს... 

ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, ისევე როგორც სხვა რიგითი პატიმრები გადაყვანილი იყოს სამოქალქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ აქვთ წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს და რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევათ, რომ გადაყვანილები იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას,“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასება მესამე პრეზიდენტის დედის მხრიდან. გიული ალასანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიო განცხადება არ იყო, მიეცა იმედი, რომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

„ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უნდა იყოს პროცესი საჯარო, გამჭვირვალე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი და არაფრთხილი გამოთქმა იწვევს მერე ღელვას საზოგადოებაში და რო შეიძლება ეს ავიცილოთ რაღაცნაირად თავიდან და ლაპარაკი იყო მთლიანად იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს ჯანმრთელობა ადამიანის. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,“ - ამბობს გიული ალასანია. 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის  განცახდება ადეკვატური და სწორია, რადგანაც ქვეყანაში ვიღაცა კრიზისის  განმუხტვას უნდა ცდილობდეს. მიაჩნია, რომ ზურაბიშვილი დასავლეთში სხვა  მთავრობის  წევრებზე  მისაღები ფიგურაა და კომუნიკაციაც სწორედ მასთან ხდება. არ გამორიცხავს, რომ საფრანგეთში მყოფ პრეზიდენტისგან ევროპელებმა სააკაშვილთან დაკავშირებით უფორ მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს. 

„სალომე ზურაბიშვილის ფიგურა ჩანს, რომ ევროპელებისთვის უფორ მისაღებია. მას უფრო კონკრეტულად და მკაცრადაც შეიძლება ესაუბრებიან. მეორეც ზურაბიშვილს სულაც არ უნდა, რომ ამ ხელისუფლებას ჩაჰყვეს და მათ  გაუთვალისწინებელ შეცდომებზე პასუხი აგოს. პრეზიდენტი ცდილობს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი როგორღაც განიმუხტოს და ამის ინიციატორი იყოს. არ ვიცი ხელისუფლება ამას რამდენად გაითვალისწინებს, მაგრამ ფაქტია, რომ ზურაბიშვილი ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით რისკებს უფორ ადეკვატურად აფასებს. ამასთანავე მოსახლეობაში დაზიანებული იმიჯის აღდგენას  ცდილობს და სულაც არ ფიქრობს, რომ „ოცნებასთან“  ვალშია. ამიტომ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ყალიბდება, რაც დასავლეთისთვის მისაღებია. შესაძლოა ჩვენმა პარტნიორებმა ხელისუფლებიდან მხოლოდ მასთან იკონტაქტონ, რადგანაც მოვლენები ისე ვითარდება ყველაფერია მოსალოდნელი,“ -ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×