ელზა პაპოშვილი
17.11.2021

რატომ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომ ოპოზიციური ერთობის ილუზია შექმნას და რამდენიმე პარტიასთან ერთად საპროტესტო აქციები დაგეგმოს? ხომ არ არის მისი მხრიდან იმის მცდელბა, რომ ცალკე ოპოზიციური ფლანგი შექმნას, რომელიც მას ენმ-იდან წამოსვლის შემდეგ დასჭირდება? მელიას პარტიიდან გაშვების ინფორმაცია არა ერთხელ გავრცელდა, რადგან ის სულ უფრო ხშირად ხდება ნაციონალების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექი, აბრალებენ, რომ აქციების იმიტაციას ახდენს და სააკაშვილის გასათავისუფლებლად რეალურად არაფერს აკეთებს. 

ნაციონალური მოძრაობა, „ლელო“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“ 19 ნოემბერს, 15:00 საათზე მეტროსადგურებიდან „ავლაბარი“, „ვაგზლის მოედანი“ და „უნივერსიტეტი“ მსვლელობას გამართავენ. 

„ვაგრძელებთ საპროტესტო, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარასკევს, 15:00 საათზე თბილისში, სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია გაიმართოს.

მეტროსადგურ „ავლაბართან“, პარასკევს 15:00 საათზე შეიკრიბება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი და ვიქნებით იქ წარმომადგენლები. მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანთან“ იმავე დროს მსვლელობას სათავეში ჩაუდგებიან „ლელოს“ წარმომადგენლები და ლიდერები, მეტროსადგურ „უნივერსიტეტთან“ კი მსვლელობას სათავეში ჩაუდგებიან „გირჩისა“ და „დროას“ ლიდერები,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.  

„დღეს ჩვენ კოალიციურ რეჟიმში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა, ზეპარტიული მოძრაობა იმიტომ, რომ ხდება ქვეყნის კურსის შეცვლა, ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება. ამას ჩვენ არ დავუშვებთ!“ - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძესთან, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად, ქართველი ხალხის გენოციდი მოახდინა.

„ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე, ეს არის თითოეული მოქალაქის საქმე; ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და შემოუერთდით ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად მანიფესტაციას. თავისუფალმა ადამიანებმა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამ პლატფორმას ექნება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელსაც „ქართული ოცნება“ რამდენიმე წელია ჩვენს საზოგადოებას თავს ახვევს და უცვლის ამ ქვეყანას კურსს. ამას არ დავუშვებთ! პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, პოეტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ექიმებს, ყველას მივმართავ, რომ შემოგვიერთდით! ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ზეპარტიული ღონისძიება იმიტომ, რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს, სად იქნება ჩვენი ქვეყანა, სად ვიქნებით თითოეული ჩვენგანი და ჩვენი შვილები იქნებიან თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები, თუ ისევ მოსკოვში გადაწყდება, როგორი ფილმი უნდა იქნას გადაღებული საქართველოში“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

„ევროპული საქართველო“ პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ოპოზიციის მხრიდან კოორდინაცია და თანამშრომლობა სჭირდება.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“ ცხადია, პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა ბობოხიძემ.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ნიკა მელია შესაძლოა ახალი გუნდით სხვა თამაშის წამოწყებას ცდილობდეს, თუმცა ელექტორალური თვალსაზრისით ამას რამდენად შეძლებს, საკითხავია. ამბობს, რომ მელია ამ კოალიციური ერთობით სხვა ოპოზიციური მხარდამჭერების მოხმობას ცდილობს. იმ ამომრჩევლის, რომლისთვისაც „ნაციონალური  მოძრაობა“ რადიკალურად მიუღებელია. თუმცა ამ პარტიებს არ ჰყავთ იმ რაოდენობის მხარდამჭერები, რომ ქუჩაში გამოსვლისას სურათი რადიკალურად შეცვალოს. 

„მელია კარგად ხვდება, რომ მხოლოდ ენმ-ის რესურსით უწყვეტი აქციების ტემპს ვერ შენარჩუნებს. ეს საკმაოდ რთულია და ძალიან ბევრ რესურს მოითხოვს. რასაც თვალს ვადევნებდი, ამ აქციებში ჩართული ხაზარაძე, ჯაფარიძე და ხოშტარიაც იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს ახლა ორგანიზაციებმა და პარტიებმა მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს.  თუმცა ელექტორალურად ეს მათ რას შეჰმატებს რთული სათქმელია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მელია ცალკე თამაშის წამოწყებას ცდილობდეს და ახალ გუნდს ქმნიდეს. თუმცა მას, როგორც პოლიტიკოსს, არა აქვს ის რესურსი, რომ ამომრჩეველი გაჰყვეს. მან ძალიან კარგად იცის, ადრე თუ გვიან ენმ-იდან გაუშვებენ,  ამიტომაც ახალი გუნდი სჭირდება. რაც შეეხება იმას, ეს აქციები რა შედეგს გამოიღებს, ძალიან მეეჭვება რომ რამე ეფექტი ჰქონდეს. როგორც გავიგე, ისევ ქუჩებში სირბილს აპირებენ და ასეთი აქცია რა შედეგს მოიტანს, ვერ ეგტყვით“, - ამბობს „რეზონანსთან“ ძაბირაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×