თეონა ვეშაგური
17.11.2021

გაჩერებაზე ვიდექი და ამ დროს აქციის მონაწილეთა კოლონამ ჩაიარა. ჩემთან ერთად მდგომი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მათ აგინებდა და ისმოდა შეძახილები, რომ უკვე ყელში ამოუვიდათ მსგავსი ვითარება. მე ვერ შევატყვე, რომ აღტაცებულები იყვნენ „ოცნების" მმართველობით, მაგრამ ჩანს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა" სურთ, აცხადებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას. მისი თქმით, საზოგადოება დაიღალა მასობრივი აქციებით, რის გამოც ენმ-ის საპროტესტო რესურსი მალე ამოიწურება. ამბობს, რომ ობიექტურად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის, მაგრამ მთავრობას აწყობს ამ კრიზისის ილუზიის შექმნა.

„პოლიტიკური კრიზისია, როდესაც სახელისუფლო შტოები ერთმანეთთან არ თანამშრომლობენ. ჩვენს ქვეყანაში კი სასამართლო, პარლამენტი, პრეზიდენტი მმართველი პარტია, ყველა შტო თანხვედრაშია და ერთი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობით მოქმედებს. ასე რომ, აქ არსებობს მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი.

„თუმცა, ვინაიდან ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, სიღარიბის, კორონა ვირუსისა და სხვა პრობლემების სახით, ხელისუფლებას ურჩევნია, არსებული ვითრება შენარჩუნდეს. ამის მხარდასაჭერადაც კი ჰყავს „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ვერ აყალიბებს, რა უნდა, მაგრამ მუდმივად ცდილობს ქვეყნის პოლარიზებასა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობას გამოხატავს.

„ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ცინიკურად და უტიფრად ამბობს უარს იმ ვალდებულებებზე, რასაც საზოგადოება აკისრებს და მთელი ყურადღება ამ ვითომ კრიზისზე გადააქვს, რომლის წარმოქმნასაც ძალიან კარგად უწყობს ხელს ენმ-ის ყოფილი ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი და ბელადი მიხეილ სააკაშვილი თავისი შიმშილობით.

„ამ ყველაფერმა საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა ქვეყანას. დასავლეთი ხედავს, რომ ორივე მაღალრეიტინგული პარტია სრულიად უპასუხისმგებლოა. ჩვენ თუ რაიმე უარესს ველით, ამაზე უარესი რაღა გვინდა? - ჭაობში ვართ და „ვყიყინებთ". ასე ცხოვრობს სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ვერ გადავდივართ დემოკრატიაში, ამას ხედავენ დემოკრატიული სახელმწიფოებიც. ვერაფრით ვერ ვუერთდებით მათ კლუბს. ჩვენ ერთ-ერთი ჰიბრიდული, დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, სადაც არის დემოკრატიის ნიშნები, პარლამენტი, ხელისუფლება და ა.შ. სინამდვილეში კი ერთი პოლიტიკური ძალა მართავს სიტუაციას.

„ამიტომ, ცხადია, რომ ჩვენგან დემოკრატია არ გამოდის, მხოლოდ მოჯადოვებულ წრეში ვტრიალებთ. ასე იქნება, სანამ საზოგადოება არ მიხვდება, რომ ამ ორ წამყვან ძალას, „ოცნებასა" და ენმ-ს, არ მისცეს ხმა არჩევნებზე," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის აქციები შესუსტებულია, საზოგადოებას კი მობეზრდა არსებული ვითარება. გამოსავალი სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტა და მისი უკრაინაში დაბრუნებაა, თუმცა, როგორც ჩანს, არც უკრაინას აქვს მისი დაბრუნების დიდი სურვილი. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი შესაძლოა მოშიმშილეთა ძლიერი ნებისყოფა აღმოჩნდეს.

„აქციები საკმაოდ შესუსტებულია და ოპოზიციას არ ჰყოფნის რესურსები. ამიტომ სიარული უწევთ რათა შექმნან პროტესტის იმიტაცია. მაგალითად: გუშინ, ქუჩაში, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და ამ დროს აქციის მონაწილეთა კოლონამ ჩაიარა. ჩემთან ერთად მდგომი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მათ აგინებდა და ისმოდა შეძახილები, რომ უკვე ყელში ამოუვიდათ მსგავსი ვითარება. მე ვერ შევატყვე, რომ აღტაცებულები იყვნენ „ოცნების" მმართველობით, მაგრამ ჩანს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა" სურთ. სავარაუდოა, რომ ეს აქციებიც მალე მიილევა.

„დღეს ეს ვითარებაა შექმნილი. ხალხი გასულია მომსახურეობის ზონიდან. ორი პარტია ერთმანეთს უპირისპირდება, მოსახლეობა კი დარჩენილია შიმშილის, სიღარიბისა „და პანდემიის ამარა. ეს არ დასრულდება, სანამ ან სააკაშვილი არ შეწყვეტს შიმშილობას ან არ მოხდება მისი უკრაინაში დაბრუნება. თუმცა ფაქტია, რომ არც უკრაინა ცდილობს მის უკან დაბრუნებას.

„არ ვიცი, ამას რამდენად დაწერთ. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილი ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, პაგანინის გვამს დაემსგავსა. როდესაც ის გარდაიცვალა, ანტიქრისტედ ჩათვალეს და მის გვამს არცერთი სასაფლაო არ იღებდა. მისი ჩასასვენებელი კი თვეების განმავლობაში დაჰქონდათ, რათა სადმე დაეკრძალათ. როგორც ჩანს, არც სააკაშვილს არ იღებენ არსად. ერთადერთი, რამაც შესაძლოა გაამართლოს, ესაა შიმშილობის სერიები ოპოზიციაში. არ ვიცი, რამდენად პრინციპული მოშიმშილეები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ამ ფორმის მომხრე არ ვარ, ვფიქრობ, თუ არ დანებდებიან, ეს ნამდვილად მოიტანს შედეგს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნება" სამარცხვინოდ ექცევა სააკაშვილს, რითაც მის პოპულარობას აძლიერებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×