თამთა ჩაჩანიძე
17.11.2021

რუსეთს ამ ეტაპზე აზერბაიჯან-სომხეთს შორის ახალი დაძაბულობა არ აწყობს, რადგან თურქეთსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე დიპლომატიური მოლაპარაკებები მიდის, სადაც განიხილებოდა 3+3 ფორმატის ახალი ინსტიტუციონალური მომენტების გამოკვეთა, ანუ მხარეებმა მიაღწიეს იმას, რომ შესაძლოა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ამ ფორმატის ფარგლებში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს, ეს ყველაფერი კი ჩვენს ზურგს უკან კეთდება, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკებების კომენტირებისას.

სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით სასაზღვრო ზოლში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მხარეები 16 ნოემბრის შეტაკების შედეგად გამოწვეულ დანაკარგებზე საუბრობენ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 13 სომეხი ჯარისკაცი ტყვედაა აყვანილი, ერთი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, კომუნიკაცია კიდევ 24 სამხედროსთან შეწყდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სასაზღვრო ზოლში შეტაკების შედეგად გარდაცვლილია შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, ათი კი დაჭრილია. ვითარება სასაზღვრო ზონაში ამჯერად სტაბილურია.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ მოწინააღმდეგეს კონტროლის ქვეშ მოექცა სომხური სამხედროების ორი სამხედრო ლოკაცია. უწყებისვე ინფორმაციით, რუსეთის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიტუაციის მოსაგვარებლად და ტყვედ აყვანილი სომეხი სამხედროების დასაბრუნებლად. სომხური მხარის მტკიცებით კი აზრებაიჯანელი სამხედროების როცხვი, რომლებც მოკლული, ან დაჭრილი 70-მდეა.

როგორც ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, სომხეთმა ბრძოლის შედეგად სასაზღვრო ზოლში ორი მნიშვნელოვანი ლოკაცია დაკარგა, რაც მისთვის სერიოზული ტაქტიკური დამარცხებაა.

„სომხეთმა მიმართა რუსეთს, რუსეთმა თავისი ბერკეტები აამოქმედა და თავდაცვის მინისტრ შოიგუს უშუალო ჩართულობით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის ვადა ოთხშაბათს ექვს საათზე იწურება. სომხეთმა იმიტომ მიმართა დახმარების თხოვნით, რომ მან ემ12 და ემ 13 ტრასის მიმართულებით სტრატეგიული სიმაღლეები დაკარგა. შესაბამისად ეს მისთვის სერიოზული სამხედრო ტაქტიტური დამარცხებაა.

„ეს სომხეთის ტერიტორიაზე ხდება, მაგრამ ეს ასევე აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიებია, ლაჩინის კორიდორი კი ესაა ერთადერთი სივრცე, რითაც მთიანი ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. გასული წლის ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, ეს რუსეთის ფედერაციის ჯარებისა და სომხეთის კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო. აზერბაიჯანი შეეცადა, რომ როგორმე ამ კორიდორთან არსებული სიმაღლეები დაეკავებინა, რადგან ის რუსულ მხარეს მაინცდამაინც არ ენდობა.

„ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი სომეხ ტყვეებს ჩვენი შუამდგომლობის გარეშეც დაუბრუნებს, რუსეთს ამ ეტაპზე აზერბაიჯან-სომხეთს შორის ახლა დაძაბულობა არ აწყობს, რადგან თურქეთსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე დიპლომნატიური მოლაპარაკებები მიდის, სადაც განიხილებოდა 3+3 ფორმატის ახალი ინსტიტუციონალური მომენტების გამოკვეთა.

„ანუ მხარეებმა მიაღწიეს იმას, რომ შესაძლოა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ამ ფორმატის ფარგლებში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. ესყველაფერი კი ჩვენს ზურგს უკან კეთდება, აქ ჩვენი ინტერესები შებღალულია, რადგან რუსეთი და თურქეთი რეგიონალურ ჰეგემონებად ყალიბდებიან. ამ ეტაპზე რუსეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს პოლონეთთან და უკრაინასთან და სამ ფონზე ერთდროულად სიტუაციის მართვა არ შეუძლია.

„ამის ფონზე კი აღმოსავლეთ პარტრნიორობის ფორმატი, შესაძლოა ითქვას, რომ გაუქმდა, ბელარუსი უკვე რუსული გავლენის ქვეშაა და დასავლეთს დაუპირისპირდა, უკრაინაში საკმაოდ რთული პროცესებია და ა.შ. ჩვენ კი მხოლოდ ერთ საკითხზე ვართ გადართულები და ამ ფონზე კი ჩვენს საგარეო მიმართულების ბედს რა ელის არ ვიცი," - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×