ია აბულაშვილი
16.11.2021

პარლამენტარ ელენე ხოშტარიას შემდეგ, რომელიც 14 დღეა, შიმშილობს; პარლამენტში შიმშილობა დაიწყო 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა; „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი გია ბარამიძე „ენმ“-ის ოფისში შიმშილობს;  მოშიმშილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ასევე დაიწყეს შიმშილობა რუსთავის, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოების ოპოზიციურმა წევრებმა; შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძე. ყველა მათგანი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

საქართვლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში პარლამენტისა და საკრებულოს წევრების მიერ დაწყებულ  შიმშილობას  სოლიდარობის შიმშილობას უწოდებს და პარალელს ავლებს მაჰათმა განდის შიმშილობასთან.

„მივესალმები ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების მოშიმშილე წევრებს, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს სოლიდარობის უმაღლეს აქტში - შიმშილობაში. ეს იმეორებს მსოფლიო ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია და გაათავისუფლა საკუთარი ქვეყანა. ახლა შევიტყვე, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური პაატა ბურჭულაძე იწყებს სოლიდარობის შიმშილობას. მას უხდება შიმშილობაში ჩართვა - ეს სამარცხვინოა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე  არ მიიჩნევს, რომ შიმშილობის ეს აქტი ოპოზიციის ბრძოლის ახალი ტაქტიკაა. იგი არ გამორიცხავს, რომ თუ ხელისუფლება გონიერ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პროტესტანტთა რაოდენობა გაიზარდოს,  რასაც შეიძლება, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.

„შიმშილობის სერია დაიწყო. ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ  ერთი პოლიტიკური ძალის საბრძოლო ტაქტიკაა. ამ აქტს უერთდება პრაქტიკულად ყველა პარტია, რომლებიც ერთმანეთს არ ელაპარკებოდნენ ან სააკაშვილი დამნაშავედ მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ ის უნდა იჯდეს ციხეში. ყველა ერთსა და იმავე განცხდებას აკეთებს მას შემდეგ, რაც ხელისუფლება არ აპირებს, გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო  საავადმყოფოში. 

„ხელისუფლებას კონსტიტუცია ავალდებულებს, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. თუ სიჯიუტეს გააგრძელებს და თავის  პოზიციას შეინარჩუნებს, მაშინ, მაღალი ალბათობით, პროტესტანტთა რაოდენობა გაიზრდება და ღმერთმა დაიფაროს, რომელიმე მოშიმშილე დაიღუპოს. პირადი ტრაგედიის გარდა, ეს შეიძლება, ტრაგიკული აღმოჩნდეს ქვეყნისთვის.  

„შეიძლება, სიმძაფრის ხარისხი იყოს ძალიან მაღალი, მმართველი პარტიისთვის კი იყოს კატასტროფა. ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი რატომ არ მუშაობს, ვგულიხმობ ხელისუფლებას, არ ვიცი. იმ შემთხვევაში, თუ ამანაც არ მოიტანა შედეგი, გამოუვალი მდგომარეობის გამო,  როცა სხვა გამოსავალს არ ტოვებს ხელისუფლება, შეიძლება, გამოჩნდეს პროტესტის სხვა მძიმე ფორმებიც“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×