ხატია ბერიძე
16.11.2021

სტრასბურგის სასამართლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე პრესრელიზი გაავრცელა. მასში საერთოდ არაა საუბარი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. სასამართლო სააკაშვილს შიმშლობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, სახელმწიფოს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს და ამავდროულად აუცილებლად მიიჩნევს სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი ზომების მიღებას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", მომჩივანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით, დროებითი ზომების მითითება გადაწყვიტა. ორივე მხარეს - მომჩივანსა და მოპასუხეს ორკვირიანი ვადა მიეცათ იმისთვის, რომ თავისი აზრგუმენტირებული მოსაზრებები წარმოადგინონ იმაზე, თუ რა უნდა იყოს ეს დროებითი ზომები. მანამდე, 24 ნოემბრამდე კი საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს სააკაშვილის მკურნალობის გეგმა და ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„სასამართლომ მოითხოვს, რომ მთავრობამ აცნობოს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად, შეუძლია დროებითი ზომები მიუთითოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს.

„დროებითი ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც, სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი".

როგორც „რეზონანსთან" საუბრისას სამართალმცოდნე კახა კოჟორიძე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ამ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა.

„ეს პრესრელიზი სტრასბურგის წინა განცხადების გაგრძელებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგი გარემოებების გამო, სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. პრესრელიზს სასამართლო მხოლოდ პრიორიტეტულ საქმეებზე ავრცელებს.

„გარდა ამისა ამ განცხადებით სასამართლომ სახელმწიფოს მიმართა, რომ პატიმრი სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს დაცული და ეს დაევალა სახელმწიფოს, ამასთან დაკავშირებით კი სახელმწიფომ პერიოდულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ევროპულ სასამართლოს.

„რაც შეეხება არგუმენტებს, თუ რა შეიძლება წარადგინოს დროებით ღონისძიებასთან დაკავშრებით ერთმა მხარემ და მეორემ, სავარაუდოდ ეს იქნება, პირველ რიგში ანალიზები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, რასაც ორივე მხარე წარადგენს - დაცვის მხარე იმის მტკიცებულებად, რომ ვერ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მოთხოვნას და ბრალდების მხარე პირიქით.

„ასევე დაცვის მხარე წარადგენს გარემოების აღსაწერ ფაქტებს, რაც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას შეეხება. ამ ფაქტების გათვალისწინებით კი სასამართლო შესაძლოა გადაწყვეტს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხს, რასაც სავარაუდოდ დაცვის მხარე მოითხოვს", - ამბობს კახა კოჟორიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×