“კრემლს დაანახა საქართველოს მიმართ სერიოზული ინტერესი - ჩვენ კი, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ საითკენ ვიყურებით”
თამთა ჩაჩანიძე
18.10.2021

ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცე მხარდაჭერა, დემკრატიული ინსიტუტებისა და თავდაცვის სფეროს კიდევ უფრო გაძლიერება - ეს გზავნილები გააჟღერა საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ქართველ კოლეგასთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც 3+3 ფორმატზე საუბრისას, დასძინა, რომ სჯობს რუსეთმა2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივი სცეს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ქართულ მხარესთან მოეწერა ხელი, ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ახლა უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მსახურობდა როგორც ჩვენი ძალისხმევის საფუძველი, რომ ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მზადყოფნის ზრდისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს. დღეს მაქვს პატივი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავადაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა.

„ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური აშშ-ს დეპარტამენტს ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისათვის.

"ეს აღნიშნავს ამაღელვებელ ახალ ფაზას უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბაზად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში, გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისათვის. ხელს შევუწყობთ, ასევე, საქართველოს ურთიერთთავსებადობას ნატოსთან.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შეირაღებული ძალების მოდერნიზებითა და განვითარებით, ეს ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში ჩვენს პარტნიორობას. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს" - განაცხადა ოსტინმა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა იმ მემორანდუმზეც ისაუბრა, რომელზეც მან და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხელი ერთობლივად მოაწერეს.

„ახლა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ თავდაცვის მინისტრთან ერთად, კვლავ ადასტურებს მნიშვნელობას ჩვენი სამუშაოსი და არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთობლივად ვართ განწყობილი და ერთგული ამ ინიციატივის წარმატების, ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისთვის.

„3+3 ფორმატზე აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრეს", - აღნიშნა ოსტინმა.

ამასთანავე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუახადა და აღნიშნა, რომ საქართველომ, რომელსაც აღნიშნულ მისიაში 32 დაღუპული სამხედრო ჰყავს, დიდი მსხვერპლი გაიღო.

საქართველოს და აშშ-ის ურთიერთთანამშრომლობა არის სინქრონულ რეჟიმში. ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს ურთიერთობაში სიურპრიზები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა. ამასთან, კითხვაზე იღებს თუ არა საქართველო აშშ-ისგან ყველაფერს, რაც ქვეყანას სჭირდება, ბურჭულაძის თქმით „დიახ, იღებს".

„რაც შეეხება კითხვას, ვხედავთ თუ არა ზეწოლის ზრდას რუსეთის მხრიდან, ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრის ფორმატში, რომ ოკუპაცია არის ყოველდღიური. ჩვენ შეიძლება ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ ოკუპაციის სხვა მეთოდი, მომდევნო კვირას, შესაძლოა, ვიხილოთ კიბერთავდასხმა. სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,"- აღნიშნა ბურჭულაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ოსტინის გამოსვლაში ამერიკის გზავნილები ძირითადად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და შავი ზღვის რეგიონის მხარდაჭერა იყო.

„ადრე ვახსენე, რომ 3+3 ფორმატზე ისაუბრებდა და პროგნოზი გამართლდა, ისიც ვთქვი, რომ დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებაზე იქნებოდა აქცენტი, რადგან ბოლო დროს საქართველოში დემოკრატიული პროცესები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, ეს ბუნებრივიცაა.

„ასევე ბუნებრივი იყო, რომ ჩინეთის ფაქტორზე ისაუბრა, რადგან სამწუხროდ გარედან ისეთი ტენდენციები ჩანს, რომ ნატოს თემატიკის შესუსტება ხდება, დღეს ამერიკელებისთვის მთავარი ჩინეთის შეკავებაა, რომ შეზღუდვა მოხდეს, არა მხოლოდ წყნარი ოკეანის, არამედ შავი ზღვის აუზის მიმართულებითაც - გარკვეულწილად რეგიონში ჩინეთის კონტურები იკვეთება.

„ჩინეთი კი ინვესტიციებს საკმაოდ მიზანმიმართულედ და ინტენსიურად დებს, ის ჭკვიან ძალას იყენებს. სამწუხაროდ ჩვენთან ამერიკული ინვესტიციები არ ხორციელდება. მემორანდუმი ესაა პოლიტიკური დეკლარაცია, ეს იურიდული ძალის მატარებელი არაა, ესაა კიდეევ ერთხელ იმის მანიშნებელი, რომ საქართველო პოლიტიკურად ამერიკასთანაა მიბმული, განსაკუთრებით თავდაცვის პოლიტიკის სფეროში.

„თუ საქართველოს უნდა, რომ მაპი მიიღოს, მაშინ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ფუნდამენტური თემაა. ესაა - სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, შედარებით ძლიერად სამხედრო სფეროში ვართ. ამერიკის მძლავრი ბერკეტი ისაა, რომ მას დამოუკიდებელი სასამართლო აქვს.

„ოსტინი შემთხვევით არსად არ დადის, ის შავი ზღვის რეგიონში იმიტომ ჩამოვიდა, რომ კრიზისის მართვის სადავეები აიღოს. ეს იმდენად მეგობრული ვიზიტი არაა, რამდენადაც კიზისების მართვაზეა ორიენტირებული. რაც პრესკონფერენციაზე თქვა, ის ერთია, მაგრამ რაც კულისებში უთხრა მმართველ პოლიტიკურ ძალას, ეს იქნება საინტერესო. ჩემი აზრით აქ უფო მეტად იქნებოდა გამახვილებული ყურადღება იმ პობლემებზე, რაც საჯაროდ ისაუბრა.

„ამერიკლებს შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ჩართულობით უნდათ, რომ რუსეთის შეკავება მოხდეს - აშშ-მა კრემლს ამ ვიზიტით დაანახა, რომ ჩვენ საქართველოს მიმართ საკმაოდ სერიოზული ინტერესი გვაქვსო, ჩვენ კი დაგვანახა ის, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ საითკენ ვიყურებით" - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×