ელზა პაპოშვილი
17.10.2021

გამწვავდება თუ არა ვითარება ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ? ანალიტიკოსთა ვარაუდით, ბოლო დღეების მოვლებენმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხი მეტად მაღალია და თუკი 30 ოქტომბრის შემდეგ კვლავ ვიხილეთ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ენმ-ის საპროტესტო აქციები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კონტრ-აქციები, ეს ქვეყანას მძმე შედეგებს მოუტანს.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, პერმანენტული აქციებით „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავის რეიკარნაციას ახდენს, ხოლო თუკი ხალხმა დაინახო, რომ სააკაშვილი არც ისე საფრთხობელაა, როგორადაც მას „ოცნება“ ხატავდა, მაშინ მათი რებრენდიგი მოხდება. ამის ნიშნები კი თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს უკვე გამოჩნდა. ამიტომაც ხელისუფლებას მოუწოდებენ მათ არ აჰყვნენ და მეორე ტურების შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობის ორად გაყოფას და დაპირისპირებას ხელი არ შეუწყონ. 

ისევ აქცია და კონტრ-აქცია

მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის პატიმრობის მე-16 დღეს, 16 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან მის წინააღმდეგ ციხესთან საპტოტესტო აქცია გაიმართა. ისმოდა მისი ციხეში სამუდამოდ დატოვების მოთხოვნა.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, სულხან მოლაშვილის ძმა და ის პირები შეიკრიბნენ, ვინც 2003-12 წლებში ჩატარებული სპეცოპერაციების, თუ სხვადასხვა ძალადობრივი პროცესების შედეგად შვილები და ოჯახის წევრები დაკარგეს.

აქციაზე არაერთი გახმაურებული საქმე გაიხსენეს. გარდა ამისა, ციხესთან შეკრებილები საუბრობდნენ სისტემურ დანაშაულებზე, რომელიც ადამიანებს მასიურად ეხებოდა.

ამას ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა და პატიმარ სააკაშვილის საქინააღმდეგო აქცია „ქართული ოცნების“ მორალურ კოლაფსად შეაფასა. ამასთან, მამ 30 ოქტომბერს დანიშნული მეორე ტურის შემდგომ მოვლენებზეც ისაუბრა.

„ვხედავთ, რომ პატიმარს უწყობს აქციას „ქართული ოცნება“ და მათ მიერ ორგანიზებული, მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები, მათ სახელი და გვარებით იცნობს საზოგადოება. მორალური კოლაფსი განიცადა „ქართულმა ოცებამ“, როდესაც პატიმარს აქციას უწყობენ. თუ ვცდები მითხარით, ან თუ გაგიგიათ და გინახავთ კი, ბატონო, შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ არც თქვენ არ გაგიგიათ და გსმენიათ მსგავსი სისაძაგლე. 

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს და გაიზაროს ის მოცემულობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება მათ ყოველ ნაბიჯს. როგორც მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან იქნება ადეკვატური და სრულად შესაბამისი. აპირებს ბიძინა ივანიშვილი იძალადოს? ეს მას ძალიან ძვირი ფასის გადახდად დაუჯდება“, - განაცხადა მელიამ.

რას უნდა ველოდოთ 31 ოქტომბრიდან

ანალიტკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სიტუაცია აშკარად დაძაბულობისა და ესკალაციისკენ მიდის. მისი აზრით, მეორე ტურების შემდეგ, რა თქმა უნდა, ენმ აქციებს გააგრძელებს და ხელისუფლება ამას არ უნდა აჰყვეს და კონტრაქციები არ უნდა ჩაატაროს, რადგანაც მსგავსი ქმედება ქვეყანაში სიტუაციის პოლარიზებას ხელს უწყობს. მისი თქმით, „ნაციონალები“ საკუთარი თავის რეიკარნაციას ცდილობენ და ხელისუფლება ამაში არ უნდა დაეხმაროს. 

„ოპოზიცია რასაც აკეთებს, ეს მას ან აძლიერებს ან კიდევ ასუსტებს. ხოლო ხელისუფლება როცა ამას აყვება, ეს ქვეყანაში მოსახლეობის ორად გახლჩას და დაპირისპირებას უწყობს ხელს. 

„ენმ-ს თავისი დღის წესრიგი აქვს და მას „ოცნება“ არ უნდა აყვეს, მაგრამ კონტრქაციების დაანონსებითა და ჩატარებით სწორედაც რომ ჰყვება. თუ მოჭიდავეს პარტნიორი არ ეყოლება, ვის დაეჭიდება? ასეა პოლიტკაშიც. ამ ორ ძალას ერთმანეთი აწყობთ და ქვეყანა არ ადარდებთ. ამიტომ ერთმანეთის ჭიდაობაში შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგი მივიღოთ და ეს იქნება ხალხის დაპირისპირება. 

„ენმ „ოცნებას“ საფრთხობელასავით ჰყავს. ეს პარტია არის რეზინის ჩაფუშული ფიგურა, რომელსაც ჰაერი თუ არ მიაწოდე, ვერ გაიბერება. ამ ჰაერს კიდევ ხელისუფლება უკვე წლებია აწვდის. 

„ის, რაც თავისუფლების მოედანზე ვიხილეთ, ქართველი ხალხის პირველი გაფრთხილება იყო. თუ მოსახლეობამ ჰაერი ჩაისუნთქა, ხელიუფლებას სააკაშვილის საფრთხობელად გამოყვანა ვეღარ უშველის. 14 ოქტომბერს მხოლოდ პარტაქტივი არ მისულა, იქ მოსახლეობაც მივიდა. ამიტომაც მეორე ტურები ისე უნდა ჩატარდეს, რომ კითხვის ნიშნები ნაკლები იყოს და ენმ-ის აქციებს ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს. მშვიდად უნდა მიადევნოს თვალი და გონებით იმოქმედოს. ხალხის პრობლემებზე იმუშავოს და არა „ნაცებთან“ ჭიდაობაში დრო დაკარგოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას. 

მისივე თქმით, თუკი ამ ხელისუფლებას ვინმე გაუშვებს, უკვე ისე დაიღალა მოსახლეობა, რომ აღარ ადარდებთ ეს ვინ იქნება. ეს კი კვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. „ოცნების“ თამაშმა იქამდე მიგვიყვანა, რომ 2012 წლის შემდეგ ქუჩაში ამ როდენობის ხალხი აღარ გამოსულა, მითუმეტეს „ნაციონალების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე. 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს დესტაბილიზაცია აღარ სურს. ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ სააკაშვილის სურვილია ნებისმიერი საშუალებით ციხიდან გამოვიდეს და ამიტომაც თავისი პარტიისგან ხელისუფლებაზე მასქიმალურ ზეწოლას ითხოვს. ხედავს, რომ საამართლებრივი გზებით მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება და უნდა აქციებით ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს. ამიტომ არაა გამორიცხული, როგორც კი დაინახავს მეორე ტურები წააგო, უფრო დესტრუქციული მეთოდი ჰქონდეს ჩაფიქრებული. 

„ექსპრეზიდენტს შიმშილობა იმისთვის სჭირდება, რომ მისი პიროვნების კიდევ უფრო მეტი აქტუალიზება მოხდეს. სააკაშვილი იმპულსური ადამიანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მოკლევადიანი შედეგი. ამიტომაც მელიას ახლა ახალი დავალება მისცა და ყოველდღიური აქციები უნდა. 

„როგორც ჩანს, სააკაშვილი 14 ოქტომბრის აქციის მუხტმა არ დააკმაყოფილა. ამიტომაც უნდა, რომ ციხიდან მალე გამოვიდეს. მას აწვდიან მცდარ ინფორმაციას, რომ აქციის მერე ხელისუფლება შეშინებული და დათრგუნულია. როგორც მას სჩვევია, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ ახლაა დრო და ხელისუფლებას მაქსიმალურად უნდა მიაწვეს. 

„ასეთ რეჟიმში პარტიის ყოფნამ შესაძლოა პირიქით, მოსახლეობაში უკურეაქცია გამოიწვიოს. ხალხი იფიქრებს, რომ ენმ არ შეცვლილა, ისევ იგივე ძალად დარჩა და მისი უკან დაბრუნების შემთხვევაში უარეს სიტუციაში აღმოვჩნდებით. ამიტომაც ეს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის ამომრჩევლის მობილიზებას იწვევს. 

„ენმ ისეთივე დესტრუქციულ გზაზე დგას, როგორშიც ამ წლების განმავლობაში იყო და სააკაშვილის შერიგების ამბავს არავინ დაიჯერებს. ამიტომ ყველაზე სახიფათო მეორე ტურის შემდეგი მოვლენებია. ენმ თუ ისევ ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებს, არაა გამორიცხული ჩვენი მოსახლეობის ნაწილში ამან აგრესია გამოიწვიოს. კონტრაქციები კი ქვეყანაში დაპირისპირების რისკებს ზრდის“, - ამბობს ანალიტიკოსი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×