თეონა ვეშაგური
17.10.2021

ეს კანონი ვერ იმუშვებს, სამაგიეროდ, დააზიანებს სიტყვის თავისუფლებას - ასე აფასებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ავტორობით მომზადებულ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება და შესაბამისი ჯარიმები შემოდის.

კანონპროექტის საფუძველზე იკრძალება „სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების, მაგალითად, სტენდის, შენობა-ნაგებობის ფასადის, სხვა უძრავი ნივთის/კონსტრუქციის გამოყენებით, ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებით ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად".

აგრეთვე, კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით საჯარო სივრცეში ზემოხსენებული საშუალებების გამოყენებით გავრცელებული სააგიტაციო მასალა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, კანონპროექტის მიღების შედეგად, ერთი მხრივ, გაიზრდება საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჯანსაღი კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებით წარმოების შესაძლებლობა და, მეორე მხრივ, შემცირდება დღესდღეობით საზოგადოებაში არსებული მწვავე პოლარიზაცია. ეს კი, საბოლოოდ, უკეთესი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას განაპირობებს.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტით იკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით გავრცელებული წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

მოთხოვნათა დარღვევისათვის კანონპროექტით განისაზღვრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ დაჯარიმებული პირი არ უზრუნველყოფს შესაბამისი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას, იგი აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ყოველი 3 დღის გასვლისთანავე დაჯარიმდება 4000 ლარის ოდენობით, ვიდრე არ უზრუნველყოფს ამ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას.

ამ პროექტზე საუბრისას ანალიტიკოსი პააატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ეს დემოკრატიის ნორმებიდან გამოსვლას ნიშნავს.

„ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ეს კანონპროექტი ბევრს არაფერს შეცვლის. სამაგიეროდ, დააზიანებს სიტყვის თავისუფლების კონცეფციას. მე არ მიმაჩნია სწორად ეს. ამ ფორმით ვერ მოხდება სიძულვილის ენის გამომხატველი ქმედებების რეგულირება.

„შესაძლოა ეს ქმედება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრეცედენტი აღმოჩნდეს და არ არის სწორი მიმართულება. აღნიშნული კანონის დადგენა დემოკრატიიდან წამოსვლა უფროა, ვიდრე დემოკრატიაში შესვლა. იმის ნაცვლად, რომ დიალოგის საშუალებით, ერთმანეთთან საუბარი და სიძულვილის ენის აღმოფხვრის მცდელობები გვქონდეს, ჩვენ ვაკანონებთ კონტროლს თავისუფალი სიტყვის რეალიზაციაზე. ეს არ არის სწორი ქმედება", -განაცხადა ანალიტიკოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×