თეონა ვეშაგური
17.10.2021

როგორც ჩანს, დასავლეთს არ სურს პოლარიზებული საქართველო. ეს უნდა გაიგონ პოლიტიკურმა პარტიებმაც, რათა მე-2 ტურის შემდეგ სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ავიცილოთ - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საუბრობს და აშშ-ის სენატის და საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიცისა და მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს აფასებს.

შაბათს თბილისში, სასტურმო „რუმსში" აშშ-ის სენატის და საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიცისა და მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ისინი „ნაციონალური მოძრაობის", „ლელოს", „გირჩისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს შეხვდნენ. ამასთან, დილის საათებში დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის წევრებიც.

რამდენიმე პარტიის წევრი აღნიშნავს, რომ საუბარი ადგილობრივი არჩევნების მე-2 ტურის მშვიდობიანი ჩატარების საკითხზე და პოლიტიკურ პოლარიზაციაზე გაიმართა. ამასთან, საუბარი იყო საქართველოს მე-3 პრეზიდებტ მიხეილ სააკაშვილზეც, თუმცა ამერიკელ პარტნიორებს საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

როგორც პარტია „ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, საუბარი შეეხებოდა პოლიტიკურ გეგმებს, იმ გამოწვევებს რაც დემოკრატიის მიმართულებით არის.

„ეს შეხვედრა იყო მორიგი დადასტურება ჩვენი ამერიკელი მეგობრების და პარტნიორების მხრიდან, რომ ვაშინგტონი ძალიან ახლოს და ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით არჩევნების მეორე ტურის წინ. ყველა ნათლად ხედავს რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 30 ოქტომბრის არჩევნებს და შედეგებს.

„ვისაუბრეთ იმ მეთოდებზე და ფორმებზე, რაც გამოიყენება ხალხის ნების შესაცვლელად. ასევე საარჩევნო მანიპულაციაზეც, რაც მრავლად ვნახეთ როგორც გასულ წელს, ისე პირველ ტურზე.

„ამასთან, საუბარი იყო ჩვენს სტრატეგიაზე, პოლიტიკურ გეგმებზე, იმ გამოწვევებზე, რაც არის დემოკრატიის მიმართულებით და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანა მეორე ტურის მეშვეობით დიდ ქალაქებში გადავიდეს კოალიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთბალანსის მართვის მეთოდზე.

„რა თქმა უნდა, იყო მესამე პრეზიდენტის თემაც, ასევე ყველა ის თემა, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის მსხვილი შემადგენელი ნაწილია. მათი მხრიდან პოზიციის დაფიქსირება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით არ ყოფილა. ეს იყო ჩვენი პოზიციების და პოლიტიკური ხედვების გაცნობა მათთვის. იმ გეგემბის, რომელიც აქვს ჩვენს პარტიებს მეორე ტურამდე და გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

იგივეს ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, შეხვედრისას გამახვილდა ყურადღება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და ნორმალურ გარემოში.

„ჩვენ ვუთხარით, რომ მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში, ძალადობის გარეშე. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგთან დაკავშირებით არ გაჩნდეს კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები, ვიდრე დღეს არის. გარდა ამისა, პირადად ვუთხარი, რომ „სტრატეგია აღმაშენებელის" კომისიის წევრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის ხმა იყოს დაცული.

„ზოგადად, მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არის პოლარიზება, უპერსპექტივობა, ეკონომიკური განუვითარებლობა, 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობა და ყველა ამ საკითხზე ვილაპარაკეთ, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე, სასამართლო რეფორმაზე, რომელიც აუცილებელია, რომ მძიმე პოლარიზებული გარემო დასრულდეს ამ ქვეყანაში.

„სააკაშვილზეც იყო საუბარი, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გეტყვით, რომ ამ საკითხზე დეტალური საუბარი შედგა. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ამ ქვეყანაში პოლარიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე პირადად დავსვი ეს საკითხი", - აცახდებს ვაშაძე.

შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც ისაუბრა.

,,რა თქმა უნდა შევეხეთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს და ასევე საარჩევნო გარემოს, მეტად დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მედიისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ოპოზიციის გარდა ელჩებს ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც შეხვდა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, დასავლეთი ცდილობს განმუხტოს საქართველოში არსებული სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს უყვართ არჩევნების წინ დაპირისპირბულ მხარეთა განწყობების ნახვა და გაფრთხილება, რომ არჩევნების შედეგებს არ უნდა მოჰყვეს დესტაბილიზაცია. გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული ეს შეხვედრაც.

„ვფიქრობ, ყველა მხარემ დაინახა, რომ დასავლეთს სტაბილური პოლიტიკური ვითარება სჭირდება ქვეყანაში, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ბოლო დროს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა დასავლეთის მხრიდან და უნდა შეეცადონ ვითარება არ გამწვავდეს. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ დასავლეთს პრეტენზიები არ ჰქონდეს არჩევნების მიმართ", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×