თამთა ჩაჩანიძე
16.10.2021

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები რუსთავის საპყრობილესთან, ასევე სხვადასხვა ლოკაციებზე პერმანენტულ აქციებს მართავენ. ასევე გააქტიურებულები არიან მისი ციხიდან გათავისუფლების მოწინააღმდეგეები. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის საქართველოში დარუნებამ საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხი გაზარდა, რაც სამოქალაქო დაპირისპირებების რისკებს ზრდის.

16 ოქტომბერს სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციაზე მისული ადამიანები აცხადებდნენ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა. მათივე განცხადებით, აქცია პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების მიერ იყო ორგანიზებული.

მანამდე 14 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი აქცია გამართა ენმ-მ, ლოზუნგით „თავისუფლება მიშას". ამის პარალელურად სოცქსელში ვრცელდება მეორე პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები სააკაშვილის გასამართლებას ითხოვენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა და თუ პროცესები არჩევნების შემდეგ არასასურველი მიმართულებით წავიდა, დაპირისპირებების დიდი საფრთხეა.

„პოლარიზაცია რომ დიდია და საზოგადოება რომ მნიშვნელოვნადაა ორად გაყოფილი, ეს ფაქტია. სამწუხაროდ, პოლარიზებულ საზოგადოებაში უკვე ათეული წლებია ვცხოვრობთ, 2012 წლიდან კი ამან უკვე სხვა მიმართუილება და ხარისხი შეიძინა.

„სააკაშვილის ჩამოსვლამ, რა თქმა უნდა, პოლარიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა და ამასთანავე, გარკვეული პროტესტი გააჩინა. ციხიდან მისი გათავისუფლების მოწინააღმდეგეების პროტესტიც სრულიად ბუნებრივია - ერთია სასამართლომ რა მიუსაჯა და ეს რამდენად სამართლიანია თუ არა, მაგრამ მეორეა ის რეალობა, რომელშიც ცხრა წელი ვცხოვრობდით და ვიცით, რომ ბევრი უბედურება ხდებოდა.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილისადმი დამოკიდებულელები დაპირისპირებებამდე ვერ მიიყვანს, მაგრამ თუ პროცესები არჩევნების შემდეგ ძალიან არასასურველი მიმართულებით განვითარდება, მაშინ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე შესაძლოა ძალიან რეალურად იდგეს. ჩვენ ყოველთვის ასეთი პრობლემის წინაშე ვდგებით ხოლმე, ასე იყო 2003 და 2012 წლებში. მაშინ ამას ხელისუფლებების ცვილებები მოჰყვა, მაგრამ მაშინდელი ვითარება დღევანდელისაგან სრულიად განსხვავებული იყო.

„ზოგადად, კონტრაქციები არ ამართლებს, მაგრამ დღეს ამ ადამიანებს სკუთარი სატკივარი აქვთ და რა თქმა უნდა, დაკარგულ და ციხეში გატარებულ წლებს ასე იოლად ხაზს ვერ გადაუსვამენ და ვერ გაჩუმდებიან", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე აზრით, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე დაპირისპირების საფრთხე ნაკლებია.

„არ მგონია, რომ არჩვენებამდე ეს დაპირისპირებები დაიწყოს. თუმცა, თუ არჩევნების შემდეგ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე წესიერად მოიქცა, არც მის შემდეგ მგონია. იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იყოს, პასუხისმგებელი პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლებაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოპიქცევბა ოპოზიცია, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობა".

„თუ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციას დღეს რამე არ მოსწონს და თუ რაღაც ნიუანსებია, რომელიც არჩევნების პირველ ტურში გამოვლინდა, ეს საჯაროდ უნდა თქვას და ნიუანსების გამოსწორება მოითხოვონ ისე, რომ არჩევნების შემდეგ თუ ვინ რამდენი ხმა მიიღო და როგორ, ამის პრეტენზია არ გაჩნდეს. ამაზე ლაპარაკი დღესვე უნდა იყოს და არა 31-ში", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×