თამთა ჩაჩანიძე
16.10.2021

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარია პარტია „საქართველოსთვის" იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც ადგილების უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიიღო, სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტებს მოითხოვს. მმართველ პარტიაში ამას „მოლაპარაკების არასამართლიანად დაწყებად" აფასებენ, მაგრამ საკითხის განსახილველად მზად არიან. „ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „რეზონანსს" განუცხადა, რომ თანამშრომლობას, ენმ-ს გარდა, ყველასთან განიხლავენ.

პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ რიგ მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტები მოითხოვონ. აღნიშნულის შესახებ კითხვას მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" უპასუხა.

„ვნახოთ, როგორ დასრულდება მეორე ტური, როგორი იქნება არჩევნების საბოლოო შედეგები. სადაც დავინახავთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო აქტიურ როლში მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობებს გამოვიყენებთ", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, მათი პარტიის მთავარი პრინციპი ძალაუფლებებს შორის ბალანსის დაცვა იქნება.

„ბალანსის დაცვა ძალაუფლებებს შორის, ის პრინციპია, რომლითაც ვიმოქმედებთ არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ გრძელვადიანად, მთლიანად სახელმწიფოს კონტექსტში", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

უმრავლესობის წევრი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი „რეზონანსთან"საუბარში აღნიშნავს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასტან კონსულტაციები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს, თუმცა არასამართლიანს უწოდებს იმას, რომ შესაძლოა პარტიამ „საქართველოსთვის" საკრებულოებში თავმჯდომარის პოსტები მოითხოვოს.

„თუ გახარიას პარტია ენმ-სთან გაერთიანდება, ეს არ გაგვიკვირდება, რაც სამწუხაროა. ყოველ შემთხვევაში ვერ გეტყვით, რომ რაღაც კონსულტაციები მიმდინარეობს. საკრებულოები ჯერჯერობით არ შეკრებილა. თვითონ განცხადებაც უცნაურია, რადგან აცხადებდნენ, რომ არც ერთი გვინდა და არც მეორეო. ამ ფონზე რანაირ კოალიციაზე უნდა იყოს საუბარი, ვერ ვხვდები.

„მერე ვნახოთ რა იქნება. შემოთავაზების ფორმა რა იქნება, სამომავლო ურთიერთობა როგორი იქნება, ამაზეა დამოკიდებული. აქედან გამოდინარე მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ „ოცნება" გახარიას პარტიის შემოთავაზებას დათანხმდეს და კოალიციის ფორმირების სანაცვლოდ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობები დაუთმოს, მაჭარაშვილმა თქვა:

„ჩვენ ზოგადად არავისთან თანამშრომლობის პრობლემა არ გაქვს, „ნაცმოძრაობის" გარდა, მაგრამ ამ წინადადების წინაპირობები რა არის - ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჯერჯერობით ეს კონკრეტიკა არ ჩანს და როცა იქნება, ამის მერე შეიძლება საუბარი.

„თუ, პირობითად, თანამშრომლობა უნდათ და კოალიციის შექმნა, მაშინ თავმჯდომარე რატომ უნდა იყვნენ? ეგ ხომ თავიდანვე ნიშნავს, რომ მოლაპარაკებას არასამართლიანად იწყებ. თავმჯდომარე ხომ, როგორც წესი, ის ადამიანი ხდება, რომელიც უმრალვესობის წარმომადგენელია.

„შენ რომ აქედანვე პირობას აყენებ, მოქმედებას უკვე არასამართლიანიანად იწყებ. არასამართლიანად მოქმედებას იმ საზოგადოების წინაშეც იწყებ, რომელთა უმრავლესობამ „ქართული ოცნება" აირჩია. ამ ხალხს რა უნდა ვუთხრათ - უმრავლესობით ჩვენ ვიყავით, მაგრამო რვაპროცენტიანი პარტიის კანდიდატია თავმჯდომარედო? ამიტომაც დეტალებს აქვს მნიშვნელობა.

„რაღაცა პოლიტტექნოლოგიები არსებობს და რაღაც გამოცდილება. რამეს როგორმე მოვახერხებთ, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ, თანამშრომლობა პრობლემა არაა, მაგრამ პირობებსა და კონკრეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×