ელზა პაპოშვილი
15.10.2021

დაიწყო თუ არა საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღა? - სპეციალისტები ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრებას აანონსებენ და ამბობენ, რომ თუკი ერთი კვირის  განმავლობაში დაავადებულთა რიცხვმა არ დაიკლო, ეს იმას ნიშნავს, რომ  ქვეყანაში მე-5 ტალღაა დაწყებული.  

ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არ ჩაერთვება და ამავდროულად არ მოხდება ვითარების კონტროლისთვის საჭირო სპეციფიკური ღონისძიებების დაცვა, დამატებითი შეზღუდვები გარდაუვალი იქნება. სპეციალისტები საზოგადოებას მოუწოდებენ  შეიკავონ თავი ხალხმრავალი ღონისძიებებისგან.  

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ახალი 3 270 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციას ემსხვერპლა 26 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 298 პაციენტი. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 34 394-ია.

გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 843 ადამიანი აიცრა. სულ ჩატარებულია 1 899 938 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა ბოლო 1 კვირაში 8,75 შეადგინა, ხოლო ბოლო 14 დღეში 7,58. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი გადავიდა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა.

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სტატისტიკური მონაცემები იზრდება. განათლების სამინისტრო აგრძელებს წერტილოვნად პროცესების მართვას. მიმდინარეობს მონიტორინგი სკოლებში, გადაცდომების შემთხვევაში სკოლებს ეძლევათ გაფრთხილებები და რეკომენდაციები,“ - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დღებუაძე. 

მინისტრის მოადგილის თქმით, 14 სექტემბერს სკოლების გახსნა ნაადრევი არ ყოფილა. ეკა დგებუაძე რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის საჭიროებაზე  ყურადღებას  ამახვილებს და მოუწოდებს მოსწავლეთა მშობლებსა და მოქალაქეებს გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია, რათა არ შეწყდეს სწავლა საკლასო ოთახებში.

მინისტრის მოადგილის თქმით, დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების პერსონალის 69%-ია აცრილი, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან განათლების სამინისტროში შიშობენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია და უფრო მოიმატებს.  

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, „დელტა“ შტამი ბევრად დამაზარალებელია, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები. ამის დასტურად კი ის კანადის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას იშველიებს:

„ვიცით, რომ „დელტა“ შტამი ბევრად დამაზარალებელია. კანადამ გამოაქვეყნა 2 დღის წინ კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ამ შტამის შემთხვევაში ინფექციები 2-ჯერ სწრაფად ვრცელდება. ასევე, თითქმის 3-ჯერ უფრო მაღალია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრის რისკი და თითქმის 2-ჯერ იზრდება „დელტა“ შტამის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს დაავადების მართვის კუთხით,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, მიმართვიანობა კოვიდკლინიკებში ისევ გაიზარდა. განსაკუთრებით მომატებულია ბაღისა და მცირე ასაკის ბავშვების ინფიცირება და პედიატრიული პაციენტების რაოდენობა. მისი თქმით, სწავლის დაწყებისთანავე მოზარდებში ვირუსის გავრცელების ტემპმა იმატა. 

„სამწუხაროდ, რა მოლოდინიც იყო, გამართლდა და სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, მოზარდებში ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა. მატება არის ასევე მცირე ასაკის ბავშვებში, ბაღის და კიდევ უფრო მცირე ასაკის კონტიგენტში. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ამ ეტაპზე ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილება სრულად არის დატვირთული, სადაც 27 პაციენტი მკურნალობს. დღევანდელი მდგომარეობით მათგან არცერთი არ იმყოფება აპარატულ მხარდაჭერაზე.

მიუხედავად იმისა, რო კლინიკა სრულად დატვირთულია, მხოლოდ 4 მშობელია, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ძირითადი გადადება მოხდა საყოფაცხოვრებო კონტაქტისგან. ამიტომ მოსახლეობას და განსაკუთრებით მშობლებს, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, აუცილებლად აიცრან. სხვაგვარად მძიმე სურათს მივიღებთ,“- ამბობს დავით რეხვიაშვილი.  

ჯანდაცვის ექსპესრტის ვატო სურგულაძის განცახდებით კი ვაქცინაციის ამ ტემპით 2022-შიც შიშის, რისკისა და საფრთხის ქვეშ იქნება ქვეყანა. სურგულაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  ასეთ ვითარებაში ოქტომბრის ბოლოდან კოვიდის და სეზონური გრიპის თანდართვის ფაქტები - ტვინდემია გარდაუვალი, შედეგები კი მძიმე იქნება. ამის თავიდან ასარიდებლად კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. 

 „ჯერ ვაქცინაცია დაგვაგვიანდა, ახლა  გვაქვს და საერთოდ კატასტოფა ხდება, აცრის მსურველთა რაოდენობა თითქმის  განახევრებულია. ეს ასევე არის მოუმზადებელი განათლების სისტემის ბრალი. კი ბატონო, სკოლები უნდა გაგვეხსნა, მაგრამ უმკაცრესი ზომების დაცვით. მასწავლებლების უმრავლეოსბა აცრილი უნდა ყოფილიყო. სკოლებში დამლაგებლების რიცხვი უნდა გაგვეზარდა, რათა სველი წერტილების ხშირი დალაგება ყოფილიყო. ელემენტარული წესების დაცვა არ ხდება და რა  გასაკვირია ზრდა რომ გვექნება.  

შარშანდელზე უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგანაც  ტვინდემიის მართვა კიდევ უფორ რთული იქნება. როცა ადამიანს ერთდროულად შეიძლება გრიპი და კოვიდი შეგხვდეს, ამის მკურნალობა უფრო გაგვიჭირდება. ამიტომ არაა გამორიცხული ხელისუფლება იძულებული გახდეს ისევ ლოქდაუნი შემოიღოს. თუკი დღეში 100-მდე ადამიანი შეიძლება მოგვიკვდეს, მაშინ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ ექნება.  ეს კი გარდაუვალი იქნება, რადგანაც ვაქცინაცია ქვეყანაში ფაქტობრივად ჩავარდა და გრიპის სეზონი ემთხვევა“, - ამბობს სურგულაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×