ია აბულაშვილი
14.10.2021

გახარია არის „ქართული ოცნების" სამაშველო რგოლი და როცა დასჭირდება მაშინ გამოიყენებს მის ხმებს, შეიძლება გახარიაც წავიდეს და ხმა მისცეს კალაძეს, აცხადებს „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას.

მისი აზრით, თბილისის დაკარგვა „ოცნებისთვის" არის მთლიანად ხელისუფლების დაკარგვა და ყველაფარს გააკეთებს, რომ გაიმარჯვოს.

ექსპერტთა ვარაუდით, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე ქალაქსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ აგროვებს, ამიტომ კოალიციური უმრავლესობის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს გახარიას პარტია. ექსპერმიერის განცხადებით, იგი არ აპირებს მეორე ტურში მხარი დაუჭიროს არც „ოცნებას" და არც „ნაციონალებს", თუმცა საკრებულოების და საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევაში სამმხრივ მოალაპარკებას სთავაზობს.

„გახარია არის „ქართული ოცნების" სამაშველო რგოლი, როცა დასჭირდება „ოცნებას" მაშინ გამოიყენებს მის ხმებს, ისე, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რას ეტყვის გახარია თავის ამომრჩეველს. გახარიას ამომრჩეველი მხარს მაინც „ოცნებას" დაუჭერს, შეიძლება გახარიაც წავიდეს და ხმა მისცეს კალაძეს.

პირველი ტურამდე თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ თბილისში გაიმართებოდა მეორე ტური, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა კალაძე და მელია და ეს გამართლდა. მეორე ტურთან დაკავშირეთი დარწმუნებული ვარ, რომ დიდი უპირატესობით არა, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებს კალაძე.

თბილისის დაკარგვა „ოცნებისთვის" არის მთლიანად ხელისუფლების დაკარგვა, თბილისის მერი ქვეყანაში არის მესამე კაცი და ყველაფერს გააკეთებს, რომ გაიმარჯვოს. „ოცნება" არ დთმობს არც თბილისს და არც ქუთაისს. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ბათუმში და ზუგდიდში მერებად შეიძლება გავიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ საკრებლოში უმრავლესობა ეყოლება „ოცნებას". ეს უკვე მნიშვნელოვანი და საინტრესო მომენტია, როგორც ითანამშრომლებენ სამომავალოდ ერთმანეთთან მერი და საკრებულო. საკრებულო ამტკიცებს ბიუჯეტს, თანამშრომლებს და ა.შ. ასეთია არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდის მოცემულობა, ვნახოთ, რა მოხდება არჩევნების დღეს," - განაცხადა „რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×