თეონა ვეშაგური
14.10.2021

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში მიმავალ აქციის მონაწილეებს სხვადასხვა რეგიონში „ნაცმოძრაობის" მოწინააღმდეგეები კონტრაქციებით და ე.წ. ცოცხების პერფორმანსით აცილებენ. დიდი შანსია მსგავსი აქცია თბილისშიც ვიხილოთ, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის რომ ამ ორი აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები ვერ მოხდეს, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, მსგავს აქციებს ყოველთვის ჰყავს მოწინააღმდეგეები, ვიღაც იზიარებს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ვიღაც კი ეწინაარმდეგება ამას. ახლა ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს სიტუაციის კონტროლი, რათა თავი ავარიდოთ დაპირისპირებას.

„როცა პოლიტიკას აქციის საშუალებით აკეთებ, რა თქმა უნდა მოიძებნება ამ პოლიტიკური შეხედულების საწინააღმდეგო მხარეც. რის გამოც, შემდეგ აქციისა და კონტრაქციის რეჟიმში მიმდინარეობს პოლიტიკური მოვლენები.

„არც ისინი გამოირჩევიან ნაკლები აქტიურობით, ვინც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის წინააღმდეგია. ამიტომ, ხელისუფლებას მობილიზება მართებს, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ალბათობით, მსგავსი პერფორმანსები თბილისშიც შეიძლება ვიხილოთ", - განაცხადა საყვარელიძემ.

ხუთსაბათს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. პარტიას მხარდამჭერები რეგიონებიდან ჩამოჰყავს.

თბილისში მიმავალ აქციის მონაწილეებს სხვადასხვა რეგიონში „ნაცმოძრაობის" მოწინააღმდეგეები კონტრაქციებით და ე.წ. ცოცხების პერფორმანსით დახვდნენ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც კოლონით თბილისის მიმართულებით მოემართებიან, სწორედ ამ პერფორმანსით გამოაცილეს იმერეთიდან.

აქტივისტები აცხადებეს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალდნენ.

„მე აქ მოვედი იმიტომ, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მიშას რეჟიმმა აწამა, რომელთა სისხლიც დაიღვარა. ზოგი მიდის აქციაზე და ითხოვს, რომ მიშა გაათავისუფლეთო, ჯალათი, რომელიც ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა იყოს მართლმსაჯულების ხელში," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

იგივე განმეორდა სამეგრელოდან მომავალი მხარდამჭერების შემთხვევაშიც.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, სამეგრელოდან მიმავალ ავტოკოლონას სამტრედიაში „ქართული ოცნების" აქტივისტები დახვდნენ და გზა გადაუკეტეს. წითლიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრები.

„სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეტეს. 30 კაცია ცოცხებით, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები: თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო, მამუკა თოლორაია," - წერს ანა წითლიძე ფეისბუქში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×