თეონა ვეშაგური
24.09.2021

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთა სტატისტიკურმა მაჩვენებელმა იკლო, ეპიდემიოლოგები მაინც მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ ვაქცინაციის ტემპის დაკლების გამო. ამასთან ცნობილი ხდება, რომ ვაქცინების ნაწილს ვადა გასდის.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორ მაია ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის კამპანია უნდა გაძლიერდეს, რადგან მოთხოვნა დაბალია და ფაიზერს ვადა გასდის.

„ასეთი ძვირად ღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ფაიზერი მსოფლიოში ყველაზე უფრო მაღალი დონის ვაქცინად არის აღიარებული, FDA-ის ავტორიზაცია მიიღო. მას მინიჭებული აქვს ვაქცინის სტატუსი, ვაქცინების რიგში ჩადგა, როგორიც არის წითელა, წითურა, გრიპი და სხვა.

„ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე მომართვიანობა და მოთხოვნა ვაქცინაციაზე დაბალია. როგორც გავიგე, ნოემბრის თვეში გასდის ვადა და სამწუხარო იქნება ასეთი ძვირად ღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა. ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

„ალბათ, კამპანია უნდა გაძლიერდეს, ყველა რგოლი უნდა ჩაერთოს. ალბათ, კარდაკარ უნდა ვიაროთ, ვისაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ძალიან ბევრს არ აქვს ინფორმაცია ამ ვაქცინებზე, რა სარგებელი აქვს, რა გვერდითი მოვლენა, როდის არ შეიძლება ვაქცინა. ძალიან შეშინებული და დამფრთხალია საზოგადოება. ჩემი აზრით, ვისაც უნდოდა, უკვე აიცრა. ახლა ის ხალხია, რომელიც ვაქცინაციის ჩატარების სისწორეში უნდა დავარწმუნოთ", - აღნიშნავს ჩხაიძე.

ჩხაიძემ დაავადების ბავშვებში მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა, როგორც ამბობს, იმ ბავშვებში, სადაც კორონავირუსული ინფექცია მსუბუქად და საშუალოდ მიმდინარეობს, ხშირად 5-6 დღეში ეწერებიან კლინიკიდან.

„ამჟამად კლინიკაში 100-ზე მეტი პაციენტია, ბავშვები მშობლებთან ერთად არიან მოთავსებულები. რეანიმაციაში 21 პაციენტი წევს, აქედან, 3 მძიმე პაციენტია. ერთ-ერთი მათგანი ჩვილია, რომელიც სამ კვირაზე მეტია მართვით სუნთქვაზეა. ჩვილი, სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადება აქვს, გარდა იმისა, რომ კორონავირუსული ინფექცია აქვს.

„მეორე ქუთაისიდან გადმოყვანილი ბავშვია, რომელიც 15 წლის არის და ასევე მმართვით სუნთქვაზეა. ერთი პერიოდი მოიხსნა, მაგრამ თანმხლები დაავადება, ეპილეფსია აქვს, კვლავ გადასაყვანი გახდა მართვით სუნთქვაზე. მცდელობა გვაქვს და იმედია, რომ მალე მოიხსნება აპარატიდან.

„სამწუხაროდ, მესამე ბავშვი 4 წელია, რაც კომატოზურ მდგომარეობაშია. სხვა კლინიკაში მკურნალობდა მმართვით სუნთქვაზე იყო, იქ დაემართა კორონავირუსული ინფექცია, ამის გამო გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში.

„გარდა ამისა, რეანიმაციაში წვანან ბავშვები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ. სწორედ ამ თანმხლებ დაავადებებთან ერთად კორონავირუსული ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ეს ბავშვები რეანიმაციაში მკურნალობას საჭიროებენ.

„სხვა განყოფილებაში მწოლიარე ბავშვები მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობით, ხშირად საშუალოდ 5-6 დღეში ეწერებიან კლინიკიდან. ბოლო 2 კვირაა შემოსვლა გაცილებით შემცირებულია. მოგეხსენებათ, ავადობის საერთო რაოდენობამ იკლო. ბავშვების ავადობაც შედარებით შემცირებულია, ვიდრე აქამდე იყო", - აღნიშნავს ჩხაიძე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 692 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 310 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 382 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 698 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 910 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.46%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გარდაცვლილია 38 პაციენტი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×