თამთა ჩაჩანიძე
07.09.2021

კორონავირუსის ყოველდღიურ მონაცემებში კლების ტენდენციის ფონზე, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა აღარ გაახანგრძლივოს საქალაქო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები. სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, ავტობეუსები, მეტრო და საქალაქო მიკროავტობუსები 13 სექტემბრიდან გაანახლებენ მუშაობას. პარალელურად კი, 13 სექტემბრიდან აცრილ მოქალაქეებს შორის ფულადი პრიზები გათამაშდება.

სპეციალისტები ორივე გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. ვაქცინაციის წახალისების ნაწილში გადაწყვეტილებას სრულიად ეთანხმებიან, საქალაქო ტრანსპორტის გახსნაში კი თეორიულ რისკებს ხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ კონტროლი შესაძლებელია.

როგორ აისახება სტატისტიკაზე საქალაქო ტრანსპორტის ამუშავება

ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები თვალსაჩინოდ იკლებს, რასაც სპეციალისტების უმრავლესობა 14 აგვისტოდან შემოღებულ შეზღუდვებს, ძრითადად კი საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებას უკავშირებს. ამ თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 6 სექტემბერს დაფიქსირდა - 1 120 შემთხვევა, ყველაზე მაღალი კი პირველ სექტემბერს - 3 886. რაც შეეხება ლეტალობას, ამ პერიოდში კოვიდს სულ 509 ადამიანი ემსხვერპლა, ყველაზე დიდი მაჩვენებელი 3 სექტემბერს იყო - 86 შემთხვევით, ყველაზე დაბალი კი 7 სექტემბერს - 50.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ტრანსპორტის ამუშავებაში რისკებს ხედავს, თუმცა ამბობს, რომ რადგან მონაცემებში კლებაა და ტრანსპორტიც საჭიროა, ხალხი გონს მოეგება და აქცენტი პირბადის ტარებაზე გადავა.

„ახლა ყოველდღიური მაჩვენებელი ცოტა შემცირდა და იქნებ ხალხი გონს მოეგოს და პირბადით იაროს და მაჩვენებელზე ცუდად აღარ აისახოს. რისკები ალბათ რა თქმა უნდა ისევ არის, მაგრამ საკოორდინაციო საბჭომ როგორც გადაწყვიტა, რომ სავარაუდოდ აღარ უნდა მოიმატოს.

„რადგან შემცირება დაიწყო, ეს უკვე ძალიან კარგია და ხალხი თუ მოეგება გონს და პირბადით ივლის, ეს ალიან კარგი იქნება. ახლა უფრო მეტად ყურადღება პირბადეზე უნდა გამახვილდეს," - განაცხადა ენდელაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კი „რეზონანსთან" საუბრისას ტრანსპორტის გახსნას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს, თუმცა, მისივე აზრით, არსებობს თეორიული შანსია, რომ ამან სატბილიზაციის პროცესი შეაფერხოს.

„ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც პირველ რიგში ახალი შემთხვევების კლებაში გამოიხატა და 2-3 კვირიანი დაგვიანებით გარდაცვალებულთა რაოდენობის კლება მოჰყვა. თეორიულად შანსია, რომ ტრანსპორტმა კლების ტენდენცია და სტაბილიზაციის პროცესი შეაფერხოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.

„ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მთლად გამართლებული არ იყო და რაც უფრო ადრე მოიხსნებოდა, მით უკეთესი იქნებოდა. ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ რაიმე სხვა შეზღუდვებით ჩანაცვლებულიყო ის და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ემუშავა, რადგან ეს ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის და ეკონომიკისთვის აუცილებელია.

„მაგრამ ეს ერთი აუცილებელი პირობით უნდა მოხდეს - რეგულაციებზე აღსრულების კონტროლი უნდა განკაცრდეს. კონკრეტულად ეს გამოიხატება იმაში, რომ ტრანსპორტში არ იმგზავროს არცერთმა პირმა, ვისაც პირბადე არ ექნება გაკეთებული.

„ამას როგორ უნდა მივაღწიოთ, ეს უფრო საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა იციან, მაგრამ ნებისმიერ ფორმით ყველანაირ ზომაზე წასვლა ღირს, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მივაღწიოთ მხოლოდ იმ ადამიანის ყოფნა, ვინც ნიღაბს ატარებს.

„მე ამისი კონტროლი ასე მესახება - დავუშვათ თითოეულ ავტობუსში, საქალაქო მიკროავტობუსში, ან მეტროს ვაგონში გამოიყოს სპეციალური პირონება, რომელიც ამას გააკონტროლებს. ეს დამატებითი ხარჯია, თუმცა შედეგიანი იქნება, ან შესაძლოა კონტროლი იყოს ჩასხდომის ადგილებში. მიმაჩნია, რომ პირბადის კონტროლი სავსებით შესრულებადია, მოსახლეობას მაინც შინაგანად აქვს მზაობა, რომ პირბადე ატარონ.

„მეორეა ის, რომ ტრანსპორტი გადატვირთული არ იყოს და მხოლოდ იმდენი ადამიანი იჯდეს, რამდენი ადგილიცაა. ეს ძნელია, რადგან მგზავრი ბევრია, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ესეც რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს. ეს ხომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე არავინ არ მგზავრობდეს.

„ძალიან ბევრი პოპულისტი ადამიანი მერიას და მთავრობას მოუწოდებს, რომ საჭირო ავტობუსები დაამატოს. ეს მხოლოდ პოპულისტური განცხადებებია, ასეთი გადაწყვეტილება კიდეც რომ იყოს და თანხებიც არსებობდეს, ამას ხომ რამდენიმე დღეში ვერ გააკეთებ? ჩვენ სტაბილიზაცია მოკლე დროში გვჭირდება, თორე შემდეგში ვაქცინაციაც წამოგვეწევა და სტაბილიზაცია ისედაც მოხდება, შესაძლოა მთავრობასაც და მერიასაც ძალიანაც უნდათ, თუმცა ეს ტექნიკურად შეუძლებელია", - განაცხადა ცერცვაძემ.

რა თანხა შეიძლება მოიგოთ აცრით და როგორ დააჩქარებს ეს ვაქცინაციას

ინფიცირების ახალი შემთხვევების და ყოველდღიური ლეტალობის კლების პარალელურად, ბოლო პერიოდში ყოველდღიური აცრების რაოდენობაც მცირდება. ამ თვეში ყველაზე მეტი აცრა პირველ ქესტემბერს გაკეთდა - 26 201, ყველაზე ცოტა კი 6 სექტემბერს - 16 298.

აცრილთა შორის ფულადი ჯილდოების გათამაშებას სპეციალისტები ასევე სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.

საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის ცნობით, პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე კი მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს" ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

მათივე ინფორმაციით, ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღე 12 საათზე, ყოველკვირეული -ორშაბათს, ასევე 12 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება.

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000 -დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.

რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.

მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ლატარია გარკვეულწილად ვაქცინაციის ტემპს მოამატებს.

„ვაქცინაციის ტემპის ვარდნა, ჩემი აზრით ანტივაქსერების ბრალია. ლატარია ალბათ გარკვეულწილად ტემპს ცოტას მოუმატებს, თუმცა კიდევ უფრო მეტი აგიტაციაა საჭირო, რომ ანტივასერული მოძრაობები შემცირდეს. ასეთი წამახალისებელი პროგრამები კიდევაა საჭირო. ეს ტემპს რაღაც პროცენტით აწევს, თუმცა კონკრეტულად რამდენით, ეს არ ვიცი," - განაცხადა ენდელაძემ.

ანალოგიური აზრისაა თენგიზ ცერცვაძეც, თუმცა მიაჩნია, რომ მოსახლეობას აცრის გასაკეთებლად, რაც მათივე დაცულობისთვისაა საჭირო, წახალისება არ უნდა სჭირდებოდეს.

„მივესალმები. წამახალისებელი ლატარია ვაქცინაციის ტემპზე დადებითად აისახება, ზოგადად მოსახლეობას ლატარიები და ისეთ თოქშოუებში მონაწილეობა უყვართ, სადაც თანხის მოგების საშუალებაა. აქ წარმოიდგინეთ როგორი კარგი მოცემულობაა - ლატარიაში მონაწილეობის და თანხის მოგების საშუალებას გაძლევენ ისეთ რამეში, რომელიც ისევ შენ სასარგებლოდაა მიმართული და შენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემსახურება. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს...

„მე თუ მკითხავთ, მოსახლეობს არანაირი წახალისება არ უნდა სჭირდებოდეს. ისიც დიდი წახალისებაა, რომ სახელმწიფომ აცრები უფასოდ, ყველასთვის ხელმისაწვდომად უზრუნველყო. დღეს არ მგონია ბევრ ქვეყანაში იყოს იმის შესაძლებლბა (დიდი ქვეყნები მხედველობაში არ მაქვს), რომ ვაქცინაზე მოსახლეობას შეუზღუდავი არჩევანი ჰქონდეს, თან საუკეთესოებზე - „ფაიზერი" რეიტინგ ლიდერია, „ასტრაზენეკაც", ასევე „სინოფარმი" და „სინოვაკიც" მსოფლიოში თანდათან პოპულარული ხდება.

„ეს ძალიან კარგი იდეაა, თუმცა უცხოეთში სხვა გზით წავიდნენ. მაგალითად, აშშ-სა და საფრანგეთში გარკვეული ჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახადეს. უკვე კერძო კომპანიებშიც სთხოვენ თანამშრომლებს, რომ ვაქცინაციის საბუთი წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სამსახური დატოვონ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მთავრობას წინსწრებით სდებდა, ბრალს, რომ შესაძლოა აცრა სავალდებულო გახადონო, ამაზე ხომ არ წასულან? შესაძლოა მომავალში ეს მანდატორული ზომები რაღაც ჯგუფებისთვის სჭირო გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით არაა", - განაცხადა ცერცვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×