თეონა ვეშაგური
07.09.2021

ელექტროენერგიის დეფიციტის შემდეგ, აფხაზეთში აგვისტოდან მოყოლებული ახალი პრობლემა გაჩნდა - საწვავის დეფიციტი. უკვე რამდენიმე კვირაა ბენზინგასამართ სადგურებზე დიდი რიგებია. მოსახლეობა იმის შიშით, რომ აფხაზეთში საწვავი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაძვირდება, ან საერთოდ გაქრება, დიდი რაოდენობით იმარაგებს ბენზინს.

დე ფაქტო ხელისუფლება ამას ტურისტების დიდი ნაკადით ხსნის. მათი თქმით, აფხაზეთში დასვენების მსურველთა დიდმა რაოდენობა რუსეთის რკინიგზის გადატვირთვა გამოიწვია. ზაფხულის განმავლობაშ პრიორიტეტული იყო აფხაზეთის მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძღაობა, რის გამოც სატვირთო გადაზიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა და აფხაზეთისთვის განკუთვნილი ბენზინის ცისტერნები ამჟამად ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა სარკინიგზო კვანძებზეა გაჩერებული.

აფხაზეთში დეფიციტის მიზეზების ასეთი ახსნის არ სჯერად. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ უფრო წარმატებული ტურისტული სეზონების დროს მსგავსი პრობლემები არ შექმნილა. გარდა ამისა, ისინი დე ფაქტო ხელისუფლების განცხადების ერთ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ იმაზე, რომ აფხაზეთში რუსეთიდან საწვავის გადასახადის გარეშე შეტანის წლევანდელი კვოტა უკვე ამოიწურა. ეს კი ახლო მომავალშ ბენზინის მნიშნელოვნად გაძვირებას ნიშნავს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთიდან საწვავის ახალი პარტია შევა.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში საწვავის დეფიციტის შექმნას დე ფაქტო ხელისუფლების ცუდ მენეჯმენტს უკავშირებს.

„პრობლემის მთავარი მიზეზი რეალური მენეჯმენტის არარსებობაა დე ფაქტო ხელისუფლების საზღვრებში, ისინი არ ელოდნენ მსგავს გადატვირთვას. მართლაც ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩავიდა აფხაზეთში. ვინაიდან პანდემიის გამო რუსეთის მოსახლეობა ვერ გადის ქვეყნის გარეთ, ისინი შედიან აფხაზეთის ტერიტორიაზე თავიანთი მანქანებით, რის გამოც მოთხოვნა საწვავზე 10-ჯერ გაიზარდა. სწორედ ამან გამოიწვია კოლაფსი.

„აფხაზეთის მენეჯმენტი არ იყო მზად ამისთვის. ამიტომ გაიზარდა ფასებიც და შესაბამისად, გაჩნდა დეფიციტი საწვავზე. ძალიან ბევრი ტურისტი ჩავიდა რისთვისაც აფხაზეთის მმართველობა მოუმზადებელი აღმოჩნდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

კითხვაზე, ხომ არ არის ეს კრიზისი ხელოვნურად შექმნილი და რუსეთი ამ გზით ხომ არ ცდილობს დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლას, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ რუსეთს ეს არაფერში სჭრდება და პირიქით, ასეთი კრიზისი თავად მოსკოვისთვისაც არაა მომგებიანი.

„არ მგონია რუსეთს ეს გაეკეთებინა. მას რაც შეუძლია, იმაზე ახდენს გავლენას, მაგალითად, პენსიებისა და ხელფასების დროულ დარიცხვაზე. საწვავი არის ეკონომიკის ნაწილი და არ მგონია ეკონომიკა ასე მართოს ერთმა ადამიანმა.

„პუტინს თუ რამით ჰყავს მოთაფლული საზოგადოება, ეს არის მცირე ეკონომიკა. არსებობს კერძო, პატარა ბიზნესები, რითიც არსებობს აფხაზი ხალხი. ამიტომ ეჭვი მეპარება ამ დაქსაქსულ სისტემაში პატარა ბიზნესის მართვა, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის მიმწოდებლის გარკვეულ ნაწილს, ვინმეს ინტერესებში შედიოდეს. ეს დაემატება რუსეთის ეკონომიკურ კრიზისსაც და არ უნდა აწყობდეს არც მას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

აფხაზური გამოცემების ცნობით, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ ბენზინის დეფიციტი უკავშირდება სამგზავრო მატარებლების რაოდენობის ზრდასა და ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის გადატვირთვას.

„რკინიგზა ვალდებულია გააგზავნოს ეს მატარებლები პრიორიტეტულად. ვინაიდან დატვირთვის მოცულობა გაიზარდა, სატვირთო ვაგონები სადგურებზე დგას. თუ ნორმალურ ვითარებაში ტვირთის მიწოდების დრო არის დაახლოებით 7-10 დღე, აგვისტოში ეს ვადა გაორმაგდა. აფხაზეთისკენ მიმავალი ტვირთის ნაწილი გადაამისამართეს ჩეჩნეთში. 23 აგვისტოს მდგომარეობით, იქ სადგურებზე დაგროვდა დაახლოებით 140 ვაგონი საწვავი", - განაცხადა ოზგანმა.

მისი ცნობით, 2021 წელს აფხაზეთში ბენზინის მოხმარება რამდენჯერმე გაიზარდა წინა წლებთან შედარებით. ხოლო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ, რომლებმაც გადაკვეთეს დე ფაქტო საზღვარი, უკვე შეადგინა ავტომობილების წლიური რაოდენობის 90 პროცენტი. შესაბამისად, გაიზარდა ბენზინის გაყიდვების მოცულობა 35-40%-ით, რის გამოც საჭორო გახდა აფხაზეთში ნავთობპროდუქტების დეფიციტის პრობლემების გადასაჭრელად, დახმარების ძებნა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და რუსეთის რკინიგზისგან.

ოზგანის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებას სურს რუსეთისგან ე.წ. საბაჟო გადასახადის გარეშე შემოსატანი საწვავის კვოტის გაზრდას მიაღწიოს.

„1 სექტემბრის მდგომარეობით, რვა თვის განმავლობაში, პრაქტიკულად შეივსო უბაჟო იმპორტის წლიური კვოტა. აფხაზური მხარის ინიციატივით, უახლოეს მომავალში შეთანხმდება ოქმი კვოტის მოცულობის შეცვლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ადვილი არ არის, ის არ არის ისეთი კრიტიკული, რომ აუცილებელი იყო საწვავის მარაგის წინასწარ შევსება", - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

დე ფაქტო აფხაზეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის, არსუ ჭითანავას თქმით კი, 15 სექტემბრის შემდეგ რუსული რკინიგზის დატვირთვა შემცირდება, რაც დააჩქარებს აფხაზეთის საწვავის მიწოდების პროცესს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×