რეზონანსი
07.09.2021

საქართველოში სტუდენტებს შორის აცრის მაჩვენებელი დღეს იმდენად დაბალია, რომ ამან შესაძლოა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლება შეაფერხოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციისადმი სტუდენტების სკეპტიკურ დამოკიდებულებას რამდენიმე მიზეზი აქვს.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ სკოლასა და საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სტუდენტებში ვაქცინაცინაციის ტემპი პედაგოგებისგან განსხვავებით მაღალი არ არის, რამაც შეიძლება უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება შეაფერხოს.

„მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი, სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი მაღალი არ არის. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდნენ სტუდენტები და პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად ჩაიტარონ აცრა“, - თქვა თამარ გაბუნიამ.

აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ასაკობრივ ჯგუფებს შორის ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ ახალგაზრდებშია და ამას ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს.

„19-30 წლის ადამიანებში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, რასაც მხოლოდ  ახალგაზრდობის იმედზე ყოფნით ვხსნი. სავარაუდოდ, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ისინი კოვიდს მარტივად გადაიტანენ და ამის გამო უარს ამბობენ ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე“, - განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, მეორე მიზეზი ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის წარმოების ფორმატს უკავშირდება.

„ვაქცინაციის პირველი დღიდან ყველაზე მეტ ყურადღებას ხანდაზმულ და 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობის ნაწილის ინფორმირებას ვუთმობთ. ამ დროს ალბათ ახალგაზრდების კონკრეტული ჯგუფი კომუნიკაციის და სწორი  ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, რაც მათ არჩევანზე და ვაქცინაციის შედეგებზე აისახა“, -აღნიშნა ,,რეზონანსთან“ საუბრისას ზოიძემ.

სწავლის დასაწყებად უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო, მისი აზრით, მარტო სტუდენტების აცრით ვერ შეიქმნება.

„მოსახლეობის 80% უნდა იყოს აცრილი, რომ ყველა მოქალაქემ გადაადგილება და დანიშნულების ადგილას მისვლა  უსაფრთხოდ შეძლოს. სტუდენტების აცრა მხოლოდ უსაფრთხო სასწავლო პროცესს წარმართავს, მაგრამ  უნივერსიტეტებში უსაფრთხოდ მისვლისთვის და სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისთვის სასურველია და უკვე საჭიროც ზრდასრული მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია“, -განაცხადა ზოიძემ.

ხატია ბერიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×