თამთა ჩაჩანიძე
07.09.2021

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დანარჩენი ოპოზიციისგან არაერთგვროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებზე აქცენტი სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლასზე გაკეთდება, ეს დანარჩენი ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები „ენმ"-სა და „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პოლარიზებულ სიტუაციაში ამომრჩევლის მობილიზებას ვერ ახერხებენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის რეფერენდუმად გადაიქცევა, ეს ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება.

„მიმაჩნია, რომ ახლა არ იყო და არ არის ჩამოსვლისთვის სწორი დრო. ჩვენ თუ ამ არჩევნებს გადავაქცევთ მიშას ჩამოსვლა-არჩამოსვლის რეფერენდუმად, ეს დამაზიანებელი იქნება ოპოზიციისთვის. ეს პოლარიზება, რაც ამ განცხადების შემდეგ მოხდება, ნამდვილად არ ემსახურება იმ მოქალაქეების ინტერესებს, რომლებიც ჩვენგან სასიკეთო ცვლილებებს ყოველდღიურად ელოდებიან", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ლელოს" კი მიაჩნია, რომ სააკაშვილის განცხადებები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და საერთო ოპოზიციურ ფრონტს გამარჯვებაში ხელს შეუშლის.

„მიხეილ სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ივანიშვილის და „ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა. ამ გამარჯვების მისაღწევად „ლელო" აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას არჩევნებში მონაწილე ნამდვილ ოპოზიციურ ძალებთან. 2 ოქტომბერს „ოცნება" დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება", - აცხადებს „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

„როდესაც გესმის, რომ შენ არ ხარ ერთი რიგითი მოქალაქე და შენი არათუ დაბრუნება, არამედ დაბრუნების დაპირებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ განწყობებზე და როდესაც გესმის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ივანიშვილი შენ გიყენებდა საფრთხობელად - გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით, სულ მინიმუმ ლატარიას თამაშობ", - ამ განცხადებით კი სააკაშვილის ვიდეომიმართვას „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა.

„გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ კი თქვა, რომ თუ საკაშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, მზადაა „პორშეთი" დახვდეს და მის ოფისამდე ან პარლამენტამდე მიაცილოს.

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები სააკაშვილს არაერთხელ გაუკეთებია, რაც „ოცნებისა" და „ენმ"-ის წისქვილზე წყამს ასხამს, ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს აზიანებს.

„საერთოდ, სააკაშვილი ძალიან კონტრავერსიული ფიგურაა. ასეთი რამ ადრეც უთქვამს და მერე არ შეუსრულებია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის მობილიზებას ნამდვილად ხელს უწყობს და სტიმულს აძლევს, რომ არჩევნებზე მივიდნენ.

„მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს - ეს არანაკლებ სტიმულს აძლევს მის მოწინააღმდეგე მრავალრიცხოვან ამომრჩეველს, რომ ოღონდ სააკაშვილი არ ჩამოვიდეს და შეიძლება მათი მობილიზება ისევ „ქართული ოცნების" გარშემო მოხდეს.

„ვისაც პოლარიზაცია უნდა, მათთვის კარგი განცხადებაა, ვისაც არა - მისთვის ცუდია. ანუ, თუ ვინმეს ეს არ აწყობს, არ აწყობს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიების რეაქცია გასაგებია.

„ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი უბედურება პოლარიზაციაა. ამ უბედურების დანგრევა კარგი იქნებოდა, სააკაშვილის ასეთი განცხადებები კი ამას ხელს არ უწყობს. ამიტომაც ამას დადებითად ვერ შევხედავ.

„თუმცაღა მიმაჩნია, რომ სჯობს სააკაშვილი საქართველოში იყოს, ვიდრე სხვაგან და იქიდან იმუქრებოდეს, რომ ხვალ-ზეგ ჩამოვალო. ამას სჯობს აქ იყოს - ან ციხეში იჯდეს, ან გარეთ. პრეზიდენტის ადგილას მე საერთოდ შევიწყალებდი და აქ ყოფნის საშუალებას მივცემდი, დამთავრდებოდა ეს სპეკულაციები და ვნახავდით რა შეუძლია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე სააკაშვილი რომ მართლაც ჩამოვიდეს, რეალურად რა შეიძლება შეიცვალოს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ვერაფერს შეცვლის.

„არაფერს. ცოტა ხანს მცირე არეულობა იქნება, მის მომხრეებს იმედი ექნებათ, მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლის. ვთვლი, რომ მისი აქ ყოფნა სასარგებლო იქნებოდა იმ გაგებით, რომ რაღაც ლეგენდარულის საბურველი მოსცილდებოდა, თორემ მე არ მგონია, რომ მან რაღაც შეცვალოს. პირიქით, ის უფრო ავტორიტარული ფიგურაა „ნაცმოძრაობის" ამჟამინდელ ლიდერებთან შედარებით, ვინც საქართველოშია. მათთან დანარჩენი ოპოზიცია უფრო თანამშრომლობს, სააკაშვილთან კი გაუჭირდებათ, რაც ხელს შეუწყობდა ქართული პოლიტიკური სპექტრის უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებას.

„ახლა სხვა ოპოზიციას, რომელთაც ბევრი ამომრჩეველი არ ჰყავთ, ხშირად იმისი იმედი აქვთ, რომ „ნაცმოძრაობის" უფრო კონსტრუქციული ნაწილი სააკაშვილს რაღაცნაირად დააბალანსებს, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად შეუძლებელია. ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, „ენმ"-ის მოხრეებში ლომის წილი სააკაშვილის მომხრეებისაა. ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და სხვა ლიდერები ელექტორალურად რა ღირს, ეს ჩვენ არ ვიცით, რადგან ეს მაინც სააკავშვილის პარტიაა.

„მე პირადად ვისურვებდი, რომ ის საქართველოში ყოფილიყო და პოლიტიკური საქმიანობა აქ წარემართა. მე არ მაქვს იმის შიში, რომ სააკაშვილი ჩამოვა, შევარდება პარლამენტში, დალევს ჩაის და ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებს. განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, სულ არ მგონია, რომ ასე მოხდება," - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×