ელზა პაპოშვილი
06.09.2021

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19 დაავადებულთა რიცხვმა იკლო, გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მზარდია. ჯანდაცვის ექსპერტები ელიან, რომ რამდენიმე კვირაში სიტუაცია კიდევ უნდა დასტაბილურდეს, მითუმეტეს თუ აცრილთა რაოდენობა მოიმატებს.   

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 120 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 61 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 4 905 პაციენტი. ბოლო 24 საათში 16 149 ტესტი ჩატარდა. დღიურად აცრილია 16 298 ადამიანი, საერთო ჯამში კი ქვეყანაში 1 326 033 მოქალაქე აიცრა.  

15 წლის მოზარდი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში გადაიცვალა.  დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კლინიკური სიკვდილი გუშინ ღამით დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, მოზარდი ციციშვილის კლინიკაში პირველი სექტემბრიდან მკურნალობდა, მისი მდგომარეობა შესვლისთანავე მძიმედ შეფასდა და პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. პაციენტს დატვირთული ანამნეზი და თანმხლები პრობლემები ჰქონდა. 

ამჟმად ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში 21 პაციანტია მოთავსებულია, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა, მძიმე იყო და მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

"პაციენტს ჰქონდა თანხმლები დაავადებები - ჰიდროცეფალია, სეფსისი, ასევე იყო ჭარბწონიანი, დაახლოებით 120 კილომდე იწონიდა პაციენტი. მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. იმყოფებოდა ჟანგბადის მიწოდებაზე, ჰქონდა დაბალი სატურაცია. მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაფიქსირდა გულის გაჩერება," - აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების და გარდაცვალების მაჩვენებელი იკლებს, თუმცა ეპიდემიოლოგები არსებულ ვითარებას მაინც საყურადღებოდ მიიჩნევენ. მედიკოსები  მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან არსებული რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე და აიცრან“,-ამბობს დირექტორი.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები შემცირებულია, ქვეყანაში ეპიდვითარება ჯერ კიდევ რთული რჩება.

დღეს მძიმე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ, 1500-ზე მეტია, ხოლო ხელოვნური ვენტილაცია 400-ზე მეტ პაციენტს ესაჭიროება.

თუმცა, ამ ფონზე ამირან გამყრელიძის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პირბადის ტარების ნიშნული ქვეყანაში არის შემცირებული და 43%-მდეა ჩამოსული.

"ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება - პირბადე, რომ ყველამ, 95%-მა მოსახლეობის ატაროს - პირიქით, მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. 

“იმიტომ, რომ თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. 

“რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია რთულია და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები - პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების - თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერ-ოქტომბერი კრიტიკული პერიოდია.

„ქვეყანაში „ფაიზერის“ 700 ათასი თავისუფალი დოზაა, ყოველდღე მოსახლეობას ვეუბნები - დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების. დღეში 24 ათასი აცრა გვაქვს საშუალოდ და ეს კარგია, მაგრამ მინდა, რომ სექტემბერში იყოს 30 ათასი აცრა დღეში იმიტომ, რომ სექტემბერ-ოქტომბერი ჩვენთვის არის კრიტიკული. თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა და ზრდასრული ადამიანების მსგავსად, იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, კორონავირუსი განსაკუთრებული რისკია.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები ნამდვილად აღინიშნება, როგორც ახალი ინფექციის გამოვლენის კუთხით, ასევე დადებითობის მაჩვენებლის შემცირების კუთხით. ტესტების ინტენსივობა მაქსიმალური რჩება. 

“ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა. 

“ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება. სხვა შემთხვევებში, ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. იმ ბავშვებს ვისაც აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები მათთვის კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ხელისუფლება პანდემიის დაწყებიდან არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამდა, რაც ამ დრომდე გრძელდება. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკაა და გვიხარია თუ მხოლოდ ცოტა გარდაცვლილია. 

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სახლის პირობებში თვითნებურ მკურნალობას არ მიმართონ. მისი თქმით, ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ჰორმონი ან რამე სტეროიდული საშუალება ძირითადად საჭიროა, როდესაც პაციენტი არის სტაციონარში და დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. როდესაც ამ პრეპარატების მიღებას დაავადების პირველ კვირაში იწყებენ, როდესაც ეს საჭირო არ არის, ეს პირიქით, ხელს უწყობს დაავადების დამძიმებას ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარებას.  

„სახლში მკურნალობისას მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები. მივიღოთ ის რაოდენობა სითხე, რაც საჭიროა, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გამოშრობა და დეჰიდრატაცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გვაქვს ტემპერატურა. 

“სიმპტომურად, თუ გვაქვს ყელის ტკივილი ან რამე მსგავსი სიმპტომები, როგორც სხვა ვირუსულ ინფექციას ვმართავდით, შეგვიძლია სიმპტომურად ვმართოთ, არ ჩავრთოთ ეს მედიკამენტები, რაც აღვნიშნე. თუ გვაქვს საშუალება ვიკონტროლოთ სატურაცია, თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა და არ ემორჩილება სახლში არსებულ სიცხის დამწევ საშუალებებს, ჩავრთოთ ოჯახის ექიმი და მასთან გავიაროთ კონსულტაცია. 

“რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სახლში ამბულატორიულად მყოფი პაციენტების 90%-ს კომპიუტერული ტომოგრაფია არ სჭირდება. ეს სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვისთანაც არის დაბალი სატურაცია ან სუნთქვის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. 

“ამ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა ჩატარდეს. ბინაზე მყოფ პაციენტს, რომელთანაც არის კარგი სატურაცია, არის ახალგაზრდა, არ აქვს რამე ჩვენება, რომ ეს კვლევა ჩაუტარონ, რა თქმა უნდა, ასეთ პაციენტს ასეთი ძვირადღირებული და დამაზიანებელი კვლევა არ უნდა ჩავუტაროთ“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×