“მოვა დრო, როცა აცრას ყველას დაავალდებულებენ, რადგან გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს”
თამთა ჩაჩანიძე
06.09.2021

ბოლო დღეებში აცრაზე დაჯავშნის კლების ტენდენცია შეინიშნება, ყოველდღიურმა ტემპმაც საგრძნობლად იკლო, ამიტომაც, შესაძლოა გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს - სპეციალისტების თქმით, ეს შეიძლება შეეხოთ პირველ რიგში სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალს, ასევე, იმ სფეროს წარმომადგენლებს, ვისაც ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 5 სექტემბერს 16 000 აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია სამიზნე კი წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც 1 700 000 მოსახლეა.

„საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინების გაფართოებაზე. გუშინ 16 000 აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. გასულ დღეებში ყოველდღიურად 23 000-ზე მეტი აცრა გვქონდა. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ტემპი და გვქონდეს მოლოდინი, რომ საყოველთაო იმუნიტეტი სწრაფად ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად 30 000 მაინც იყოს დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა.

"ამ მიმართულებით გარკვეული საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა მეტი აქტივობა არის საჭირო. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხა ბიზნესთან, რათა ვაქცინაციის პროცესი მეტად დაჩქარდეს.

„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარკვეული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყო, რათა მოქალაქეები ვაქცინაციის პუნქტამდე მივიდნენ. გარდა ამისა, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში მოძრაობს სპეციალურად ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები. თუკი მოქალაქეს უჭირს გადადგილება, მას ავტობუსშივე შეუძლია აცრის გაკეთება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზებზე დაჯავშნის კლების ტენდენცია გაჩნდა და თუ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონი აცრა გაკეთდება „პანდემია წელში გადატყდება".

„ქვეყანაში „ფაიზერის" 700 ათასი თავისუფალი დოზაა, ყოველდღე მოსახლეობას ვეუბნები - დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების. დღეში 24 ათასი აცრა გვაქვს საშუალოდ და ეს კარგია, მაგრამ მინდა, რომ სექტემბერში იყოს 30 ათასი აცრა დღეში იმიტომ, რომ სექტემბერ-ოქტომბერი ჩვენთვის არის კრიტიკული. თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას.

"მე მხარს დავუჭერ, პირველ რიგში, რომ სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის და მხარს დავუჭერ, რომ სავალდებულო იყოს, პირველ რიგში მასწავლებლებისთვის, თუ გვინდა, რომ სკოლა გაიხსნას და ბავშვებმა სწავლა დაიწყონ." - განაცხადა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვაქცინაციის კლება გარკვეული მიზეზების გამო მოსალოდნელი იყო, ხოლო გარკვეულ კატეგორიებისთვის სავალდებულო აცრაზე კი აცხადებს, რომ კარგი გამოსავალი იქნება და ამ საკითხის განხილვა აზრს მოკლებული არაა.

„კლება დიდი ალბათობით მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინაცია სურდათ და მოტივირებულები იყვნენ, მათ უკვე ჩაიტარეს და დარეგისტრირდნენ. ახლა დარჩენილია მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ან გარკვეული შეხედულებებიდან გამომდინარე თავს იკავებს, ან ვაქცინაცია არ სურს. რაღაც მომენტში რომ კლება დაიწყებოდა და ბოლომდე ასეთი ტემპით ვერ წავიდოდით, სამწუხაროდ ეს მოსალოდნელი იყო.

„რაც შეეხება იმას, თუ ექიმებისთვის და მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია რამდენად შეიძლება რომ მანდატორული გახდეს, ჩემი აზრით ეს კარგი გამოსავალია, თუმცა, რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი შეიძლება შეგვეწინააღმდეგოს და თქვას, რომ მიზანშეწონილი არაა ვინმეს ვაქცინაცია მანდატორული იყოს.

„თუმცა, ჩემი აზრით, სამედიცინო პერსონალი, ვინც მაღალი რისკის ჯგუფშია, თუ ისინი თავისი ნებით ვაქცინას არ იკარებენ, არ აქვთ რაიმე არგუმენტი, რის გამოც ამას არ აკეთებენ, სჯობს, რომ მანდატორული იყოს.

„მასწავლებლებს რაც შეეხება, უკვე ოქტომბერში დაგეგმილია, რომ სწავლა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ, რაც რისკებს გაზრდის, მითუმეტეს ეს რისკები მაღალი იქნება თუ სასწავლებლებში მომუშავე პერსონალი ვაქცინირებული არ იქნება, ამიტომაც ამ საკითხის განხილვაც ჩემი აზრით აზრს მოკლებული არ იქნება.

„არ ვიცი ზუსტად რომელ კატეგორიაზე ფიქრობენ, თუმცა, ჩემი აზრით სამედიცინო პერსონალისთვის, სამხედროებისთვის, საზღვარზე ვინც მუშაობს, ასევე რისკ ჯგუფებს ვინც წარმოადგენს და დაავადებულთა მაღალ პროცენტში აქვთ შეხება, ასეთი ადამიანებისთვის ჩემი აზრით ვაქცინაცია მანდატორული უნდა იყოს, თუ ასეთი კლების ტენდენციით წავა,"- განაცხადა გოგინავამ.

პირველ ეტაპზე გარკვეული კატეგორიებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა ეპიდემიოლოგი და ჯანდაცვის ექპერტი ირაკლი ხმალაძე, იგი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის ტემპის შენელებამ შესაძლოა კიდევ ერთი აფეთქება გამოიწვიოს, ეს კი ერთადერთი გამოსავალია.

„შესაძლოა ვიღაცა არ დამეთანხმოს, მაგრამ ვაქცინაცია ალბათ ყველასთვის უნდა იყოს სავალდებულო, როგორც საფრანგეთში. ყველა ადამიანი პოტენციურად შესაძლოა ინფექციის წყაროს წარმოადგენდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამედიცინო სფეროს წამომადგენლებისთვის, ასევე რესტორნის და ამგვარი თავშეყრის ადგილების თანამშრომლებისთვის, ასევე, ყველა ის ადამიანი, ვისაც ბევრ ადამიანთან უწევს ურთიერთობა.

„თავიდან ალბათ ასე იქნება და ალბათ მოვა ის დრო, როცა აცრას ყველას დაავალდებულებენ, რადგან გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს, თუ ვაქცინაციის კლება წავიდა, არაა გამორიცხული, რომ ახალი აფეთქება მივიღოთ.

„ჩემი აზრით კლება იმიტომ წავიდა, რომ ანტივაქსერები არიან, მაღალმთიან რაიონებში აცრის მნიშვნელობა კარგად არ იციან, მიჯაჭვულები არიან ტელევიზორთან და ანტივაქსერების გამოსვლებს უსმენენ. ერთ-ერთი ქალბატონი კატეგორიულად აცხადებდა, რომ ესაა საშინელება, რომ ადამიანი არ აიცრას.

„ამ ხალხს კარგად უნდა ავუხსნათ, ვაჩვენოთ რეანიმაციაში რა უბედურება ხდება, ჩვენი ექიმები რა დღეში არიან, ათასობით ადამიანი დავკარგეთ, ამდენი ომში არ დაგვიკარგავს, თან რა ხალხი წავიდა ამ ქვეყნიდან - ექიმები დაიხოცნენ, ბავშვები, ორსულები ეწირებიან, მერე ის, რომ ტელევიზიების უმეტესობა არ ამბობს, რომ ძირითადად არავაქცინირებული ადამიანები დაიღუპნენ.

„აი ამაზე უნდა იყოს საუბარი და არა უბრალოდ ის, რომ კუთხეში „აიცერი" რომაა მიწერილი, ეს საკმარისი არაა, ეს არ მუშაობს, მხოლოდ კონკრეტული მაგალითები, ფაქტები მუშაობს,"- განაცხადა ხმალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×