
არ მისცეს, თუ არ აიღეს - პოლიტიკური პარტიებისთვის მეორე დღეა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის დახმარებას ვერ იღებს, რადგან ვერ ასრულებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში რეფორმები და ვალდებულებები წარმატებით ხორციელდება. ევროკავშირის დახმარებაზე კი უარს ხსნიან იმით, რომ საქართველოს დამატებითი ვალი არ სჭირდება.
არადა ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას რამდენჯერმე მიანიშნა, რომ შეჩერდებოდა 75 მილიონი ევროს გამოყოფა, ვინაიდან არ სრულდებოდა მაკროსაფინანსო დახმარების ამ მორიგი ტრანშის მისაღებად დადებული პირობები და კერძოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის ვალდებულებები.
რას ნიშნავს ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა? რა ფინანსური და პოლიტიკური დატვირთვა აქვს მაკროსაფინანსო დახმარებას საქართველოსთვის და რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ამან სამომავლოდ?
„ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი...“
31 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.
„ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი“ - აცხადებს პრემიერი, რომლის ინფორმაციითაც სწორედ საქართველომ თქვა უარი მაკროფინანსური სესხის მეორე ნაწილზე.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ სესხი 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს აიღო. ამ თანხის ნახევარი ქვეყანამ შარშან მიიღო, მეორე ნახევარის ჩარიცხვა კი უახლოეს პერიოდში იგეგმებოდა.
„მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით - ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“. მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, რამაც რეალურად გამჭვირვალე გახადა და გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმებისა, რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებული 10-12 წელზე მეტია და ამის შედეგად, ჩვენ მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება.
„ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი - ეს ერთი; მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად ვითარებაში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს - ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ერთი ნაბიჯი კრემლისკენ“ და ურთიერთობის გაცივება ევროპასთან
ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, ევროკავშირისა და ზოგადად დასავლეთის მიმართ მმართველი გუნდის დამოკიდებულების გამო, საქართველოს განვითარებას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
„ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობდა, რომ მოეტყუებინა საკუთარი ხალხი, თითქოს ეს დახმარება სესხი იყო და მათ არ სჭირდებოდათ. წინაპირობა ამ თანხის მიცემის საქართველოსთვის იყო დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ განახორციელა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ კომპლექსური ნაბიჯებით ის საქართველოს კიდევ უფრო აახლოებს კრემლთან,“ - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.
ხელისუფლებას აკრიტიკებენ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“, სადაც ამბობენ, რომ დღეს ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭების ფუფუნება არ აქვს.
„დიდ სურათზე თუკი შევხედავთ, ეს არის ურთიერთობების გაცივების მანიშნებელი და საქართველოს დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, ბევრი ნიუანსიდან გამომდინარე - უსაფრთხოებით დაწყებული ეკონომიკით გაგრძელებული, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები გააფუჭოს,“ - აცხადებს პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი გოგუაძე.
როდის გადაწყვიტა „ოცნებამ“ 75 მილიონზე უარის თქმა - ახლა, თუ 2 თვის წინ
ყოფილი სახლმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ის „რეზონანსისთვის“ ჯერ კიდევ ივლისში მიცემული ინტერვიუსას ამბობდა, რომ „ოცნება“ ევროკავშირიდან ტრანშის აღებას არ აპირებდა. როგორც ზაქარეიშილი აცხადებს, თავიდანვე აშკარა იყო, რომ ხელისუფლება სასამართლოს არაფრის დიდებით არ დათმობდა და ამის ნიშნები კარგად ჩანდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის მიერ ივლისში გაკთებული განცხადებიდან. მაშინ, ზაქარეიშვილის თქმით, მინისტრის მოადგილემ თავის დაზღვევის მიზნით თქვაა, რომ კატასტროფული არაფერი იქნებოდა იმაში, თუკი ევროკავშირი 75 მილიონის ტრანშს სესხის სახით არ მოგვცემდა.
„კაკაურიძემ პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ არაფერი ტრაგედია არაა იმაში, თუკი ამ ტრანშს ევროკავშირი არ მოგვცემდა. ზუსტად მაშინ მენიშნა, რომ „ოცნება“ ამას იზამდა. ამიტომ თქვენთნ საუბარში ორი თვის წინ ეს პროგნოზი გავაკეთე. აშკარად ჩანდა ხესლისუფლებამ ეს იცოდა და საზოგადოების შემზადება დაიწყეს.
„სამწუხაროდ, შესაძლოა ფინანსურად ეს დიდი არაფერი დანაკარგია, მაგრამ ესაა ქვეყნისთვის ძალიან დიდი რეპუტაციული დარტყმა. მსოფლიოს ინვესტორებისთვის ეს არის ცუდი შეტყობინება.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავის ვალდებულებებს და პირობებს არ ასრულებს. და განსაკუთრებით სად? - არა ეკოლოგიაში და სხვა სფეეროებში, არამედ სასამართლოს რეფორმებში. ინვესტორი ფიქრობს, რომ თუკი ამ ქვეყანას სასამართლო არ აქვს, მე იქ ფული რატომ მივიტანო? ანუ კაცს რაღაც სადავო რომ გაუხდეს, ქვეყანას არ აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც იდავებს. ეს არის უდიდესი დარტყმა მომავალ ინვესტიციებზე, რომელიც საქართველოში უნდა ჩადებულიყო“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.
მისივე აზრით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე უარს ამბობს, რადგანაც ხელისუფლების დათმობა არ უნდა.
„მმართველი გუნდი ახლა მხოლოდ ინსქტიქტების დონეზე მოქმედებს. ეს არის ხელისუფლებას ჩაბღაუჭებული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის ინტერესები არ ადარდებს. ამიტომ რუსეთი ახლა ხედავს, რომ ეს ყველაფერი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და რაკი საქართველო ევროკავშირზე უარს ამბობს, მაშინ ის რუსეთის ლუკმა გახდება.
„საქართველოს ევროპის და ამერიკის გარეშე განვითარება გაუჭირდება. თუ ქართველ ამომრჩეველს ფიქრის უნარი კიდევ შერჩენია, ამაში უნდა ჩაერიოს - 32 დღეში არჩევნებია და მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს. არ მისცეს ხმა, არც „ნაციონალებს“ და არც „ოცნებას“. დანარჩენს ვისაც უნდა, მხარი იმას დაუჭიროს. ეს იქნება ერთ-ერთი შეტყობინება, რომ ქართველი საზოგადოებისთვის მიუღებელია ის პოლიტიკა, რასაც „ოცნება“ ევროკავშირთან მიმართებაში აკეთებს.
„იმას არ ვამბობ, რომ ივანიშვილის თავში მაინც და მაინც რუსეთია. არა, მას უბრალოდ საქართველოში ფეოდალური მმართველობის დამკვიდრება უნდა, სადაც მხოლოდ მისი ოჯახის კეთილდღეობა იქნება გარანტირებული“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
...
„საქართველოს ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციაშია გაწერილი...“
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ერთია რადიკალური ოპოზიცია რას საუბრობს და მეორე რეალობაში რაც ხდება. მისი შეფასებით, „ოცნება“ რეფორმების გზას ადგას და ეტაპობრივად ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმას ახორციელებს, ეს იქნება სასამართლოში თუ სხვა დარგებში. ევროკავშირს სურს, რომ ეს უფრო სწრაფად განხორციელდეს, თუმცა რეფორმები რომ ხორციელდება და ეს შეუქცევადია, ამას არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ამიტომ აჟიოტაჟის ატეხვა 75 მილიონი სესხის არაღებაზე ჭიქაში ქარიშხალის გამოწვევას ჰგავს.
„თუ ცალკეული ევროპარლამენტარი ან უცხოელი ანალიტიკოსი გადაუმოწმებელ განცხადებებს აკეთებენ და საფუძვლიან ფაქტებს არ იშველიებს, რომელიც რეალობაშია, ეს უკვე მათ არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. როგორ შეიძლება საქართველომ ევროატლანტიკურ კურს გადაუხვიოს, როდესაც ამ ხელისუფლებამ ეს კონსტიტუციაში რამდენიმე წლის წინ ჩაწერა?!
„მეორე ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ისაა, რომ ეს უფასო ფული არ არის. თუნდაც ევროკავშირი ამ 75 მილიონს დაბალი პროცენტით გვაძლევდეს, უკაცრავად და სესხი უფასო ფული არ არის.
„75 მილიონი 2%-იანი იქნებოდა თუ 20%-იანი, ის უკან საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა დაბრუნდეს. ამიტომ ბიუჯეტს რომ დამატებით ტვირთი არ დაწოლოდა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ფული არ აეღო. ამის პარალელურად კი ხელისუფლება რეფორმების გატარებას აგრძელებს.
„ეს არის მანიპულატორული განცხადებები, რომლითაც რადიკალურ ოპოზიციას უნდა სურათის შექმნა, თითქოს ქვეყანა იანუკოვიჩის გზას დაადგა. ასევე ადრე დესტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებს მოლდოვურ სცენარს ადარებდა. საუბარი იყო სომხურ სცენარზე და ა.შ. თუმცა არცერთი მათგანი არ განვითარდა, რადგან „ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა არ შეიცვლება,“ - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.