თეონა ვეშაგური
22.08.2021

საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაა მოსახლეობის ვაქცინაცია შთამბეჭდავი ტემპებით მიდის, თუმცა, სპეციალისტთა შეფასებით, ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. საკოორდინაციო საბჭოს გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის სრულ ვაქცინაციას გულისხმობს, მეექვსედით არის შესრულებული.

22 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 10%-ია აცრილი, ერთი დოზით კი - მოსახლეობის 23.7%. სულ ქვეყანაში გაკეთებულია 962 165 აცრა.

აღნიშნულ ფაქტს ინფექციონისტები დადებითად აფასებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვი და ვაქცინაციის ტემპი არასაკმარისია. მათი თქმით, საჭიროა კიდევ უფრო გაიზარდოს მოსახლეობის აქტივობა და გაფართოვდეს ამცრელი ობიექტები.

როგორც „რეზონანსთან" საუბრისას ალექსანდრე გოგინავა და აკაკი ზოიძე აცხადებენ, ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად, თუმცა ვაქცინაზე გაზრდილი მოთხოვნა, მათი აზრით, ნამდვილად გამოღებს შედეგს ეპიდემიური მდგომარეობის სტაბილიზაციის მხრივ.

ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას ანგარიშით, იმისათვის, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილ რიცხვამდე ავიდეთ და მოსახლეობის 60% ორჯერადად იყოს აცრილი, ამისათვის ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გაზრდაა საჭირო.

„ზოგადად მისაღები არ არის ასეთი დაბალი პროცენტული აცრის მაჩვენებელი, მაგრამ, თუ შევხედავთ ბოლო დროს აცრაზე მომატებულ აქტივობას, 2-3 კვირაში სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა გაიზრდება და 15%-მდე მიაღწევს.

„მართალია, დღეის მონაცემებით არ არის იმდენი ვაქცინირებული, რომ ჩვენ შეგვექმნას იმუნური ფენა, თუმცა ასეთი დინამიკით ვაქცინაციის შემთხვევაში, ერთ თვეში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გვეყოლება ვაქცინირებული, რაც თავისთავად გავლენას მოახდენს ეპიდემიური მდგომარეობის დარეგულირებაზე.

„თუ ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზარდა, ჩვენ დეკემბრის ბოლომდე მოსახლეობის 60% გვეყოლება სრულად ვაქცინირებული", - განაცხადა გოგინავამ.

დაახლოებით იგივე მოსაზრება აქვს მოსახლეობის 60%-ის სრული ვაქცინირების ვადებთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე აკაკი ზოიძესაც, თუმცა მისი რეკომენდაციაა, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

„ვაქცინაციის ტემპი დასაჩქარებელია. ერთ თვეში თუ მოვახერეთ დაახლოებით მილიონი ადამიანის აცრა, შედარებით ნორმალური ეპიდ ვითარების იმედი უნდა გვქონდეს შემოდგომაზე.

„მოსახლეობის 60%-ის აცრა წლის ბოლომდე იყო განზრახული, თუმცა სასურველია ამ მაჩვენებელს ბევრად ადრე მივაღწიოთ.

„შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს ვაქცინაციის მობილური ცენტრები და ვინც ვერ ახერხებს ვაქცინამდე მისვლას, ვაქცინის მიტანა მაინც მოვახერხოთ მათთან", - განუცხადა ზოიძემ „რეზონანსს".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემას დღიურად 40 ათასი ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა აქვს.

„რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცული. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ საერთო აცრათა რაოდენობა გვექნება 600-650 ათასი. სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 800-900 ათასზე და რა თქმა უნდა უკეთესი იქნება მილიონი აცრა, ოქტომბერშიც დაახლოებით ამდენი, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში და დავასტაბილიზირებთ ისე, რომ შემდგომ თანდათან გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, მხედველობაში მაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×