ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და საქართველოს როლი „ყირიმის პლატფორმაში“
თეონა ვეშაგური
22.08.2021

ქართულ-უკრაინული დიპლომატური ურთიერთობები განვითარების გზაზეა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მხარე ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგას, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე, რომელიც 21 აგვისტოს დაიწყო და 23 აგვისტომდე გაგრძელდება.

„ვერ ვიტყვით, რომ საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობები ნორმალურად ვითარდება. ეს პროცესი ტალღისებურად მიმდინარეობს, ზოგჯერ საერთოდ ჩერდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი სწრაფად მიდის.

„ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ვიზიტი უკრაინაში. გამომდინარე იქედან, რომ როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე უკრაინულ მხარესაც ერთი სახის პრობლემა აქვს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციისგან და რაც ტერიტორიების ანექსიას წარმოადგენს, უნდა გვქონდეს უფრო სიღრმისეული და განვითარებული დიპლომატიური ურთიერთობები.

„საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ამხელა წყვეტის შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, პრემიერი ჩადის უკრაინაში. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ურთიერთობები გამოსწორდა და უფრო ინტენსიური გახდება, ვიდრე აქამდე იყო.

„მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანია საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს ხელისუფალთა შორის უბრალო დიალოგიც კი საკმაოდ რთული იყო. ეს გარკვეულწილად სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლასაც უკავსირდებოდა", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა იმ გარკვეულ უნდობლობაზე, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხრიდან.

„ამის შემდგომ გაცილებით სწრაფად განვითარდება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ვიდრე პოლიტიკური, რადგან უნდობლობა თუ მიუღებლობა, ამ ვიზიტის მიუხედავად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც დარჩება უკრაინის მხრიდან, რაც თანდათან უნდა აღმოიფხვრას და ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდეს პოლიტიკური თვალსაზრისითაც და იმ მხრივაც, რომ ორივე ქვეყანას აღებული გვაქვს კურსი ევროკავშირისკენ", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია „ყირიმის პლატფორმა" და მასში საქართველოს მონაწილეობაც.

კიევში ხაზგასმით აცხადებენ, რომ სამიტში მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები (ნატო, ევროკავშირი თუ სუამი) ავტომატურად ხდებიან „ყირიმის პლატფორმის" დამფუძნებლები. შესაბამისად, დამფუძნებელი გახდება საქართველოც.

„ყირიმის პლატფორმას" უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების ინსტრუმენტად განიხილავენ. ახალი პლატფორმის კონცეფცია შემუშავებულია უკრაინის საგარეო უწყების მიერ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით.

უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრი, დმიტრო კულება „ფეისბუკში" წერს, რომ ეს იქნება უკრაინისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სამიტი, რომელიც, რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ, მსოფლიო დღის წესრიგში უკრაინის საკითხის აქტუალიზებას ისახავს მიზნად.

„ყველა თემა, რომელიც უკავშირდება ოკუპირებული და მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. საქართველოს აქვს იგივე პრობლემა, რაც ამ შემთხვევაში უკრაინას. რუსეთმა ყირიმი მიიერთა და ფაქტიურად იგივე გააკეთა, მაგრამ, შემოვლითი გზით, ცხინვალსა და აფხაზეთთან მიმართებაში, როცა აღიარა მათი დამოუკიდებლობა. ეს არის პირველი რიგის ერთობლივი პრობლემა.

„თუ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოხსნა მოხდება, ფაქტიურად არცერთ ქვეყანას სხვა პრობლემა რუსეთთან მიმართებით არ აქვს. სწორედ ოკუპაციის პრობლემას უკავშირდება „ყირიმის პლატფორმა", რისი გადაჭრის პასუხისმგებლობაც ამ სამიტის მონაწილე ყველა ქვეყანას ეკისრება", - განაცხადა საყვარელიძემ.

21 აგვისტოს ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი, ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადავოი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე დახვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გაიმართა დახვედრის ტრადიციული ცერემონია.

ოფიციალური შეხვედრები კიევში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება. მთავრობის მეთაური ასევე მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

მთავრობის მეთაური უკრაინის პრემიერ-მინისტრს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა თბილი მიღებისთვის დენის შმიგალს! მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით - თავდაცვის, უსაფრთხოების და ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროების ჩათვლით!" - წერს „ტვიტერზე" ირაკლი ღარიბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 21 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა.

საერთაშორისო ბაზაზე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი უცხოური კონტიგენტის ხელმძღვანელობას გაესაუბრნენ, რომელთა შორის მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე გაეცნენ საიმიტაციო მოდელირების ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, მათ შორის უკრაინაში წარმოებული იარაღი და სასწავლო ბაზაზე საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.

საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრი ყოველწლიურად არაერთ მსხვილ საერთაშორისო სწავლებას მასპინძლობს, რომელშიც ნატოს წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, ქართველი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×