ქრისტინე კაპანაძე
21.08.2021

სახალხო დამცველის განცხადება ეგოისტურია და ვირუსთან ბრძოლის კუთხით საზოგადოების ერთიანობას საფრთხეს უქმნის - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლაში გადაწყვეტილებებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით ღებულობს, რასაც ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ.

ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს არ დაკარგოს ანტივაქსერთა მხარდაჭერა, რის გამოც აცრის პოპულარიზაციაზე უარს ამბობს, ხოლო საზოგადოების ჯანმრთელობის ხარჯზე ეკონომიკას ზრდის და ჯარიმების ჩამოწერის გზით ცდილობს მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვებას.

„ხელისუფლებას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას, კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით, აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით," - ამბობს ლომჯარია.

ლადო კახაძის თქმით, სახალხო დამცველის მხრიდან მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა მოსახლეობის შიგნით უნდობლობა გაზარდოს, ხოლო ხელისუფლების ყველა ქმედება ვირუსთან ბრძოლაში აღნიშნული განცხადების საპირისპიროა.

„სახალხო დამცველი ლაპარაკობს ამას? მოდით მსგავსი განცხადების შინაარსი მოსახლეობამ შეაფასოს. განცხადებამ, რომელმაც შესაძლოა მოსახლეობის შიგნით უნდობლობა გაზარდოს, ესაა ადამიანების დაცვა?

„საკუთარი მოსახლის დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, მატერიალური უზრუნველყოფა, სტრუქტურის მზაობა, ვაქცინაციის თემატიკაში აქტიურობა და მოწოდებების გააქტიურება - ეს ყველაფერი იმ განცხადების საპირისპიროა, რასაც ლომჯარია აკეთებს. ან ერთია სწორი, ან მეორე.

„ასეთი რთული ვითარების დროს მსგავსი განცხადებები სახალხო დამცველის მხრიდან ხალხის ერთიანობის დამაშორებელი განცხადებაა. რასაკვირველია, მისი ნებაა, როგორ განცხადებას გააკეთებს, მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ. მთავარია მოსახლეობამ სწორად შეაფასოს ვითარება," - ამბობს ლადო კახაძე.

კახაძე „რეზონანსთან" საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა, რისთვისაც ადამიანების ერთიანობაა საჭირო, რადგან დღევანდელმა მდგომარეობამ გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მიგვიყვანოს.

„ვითარება რთულია და ამ ვითარებიდან გამოსასვლელად ერთმანეთს ჯიბრში კი არ უნდა ჩავუდგეთ, არამედ ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ, ჩვენი ერთადერთი მოწინააღმდეგე არის ვირუსი, ჩვენ ვცდილობთ ხალხის დაცვას.

„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჩვენ მკაცრად უნდა დავიცვათ რეგულაციები. ეს ჯარიმებისა და სანქციების შიშით კი არ უნდა გავაკეთოთ, არამედ ტვინითა და გონიერებით. ჩვენ არავის ვეჯიბრებით, არავის ვყოფთ ცუდებად და კარგებად, ჩვენ გვინდა ყველა კარგად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

„და, რაც მთავარია, არ მივიღოთ ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლაში მონაწილეობა, რადგან თუ დაავადებულთა რიცხვმა ზრდა განაგრძო, სისტემა უბრალოდ ვეღარ დაიტევს და მივიღებთ საშინელ შედეგებს. ამაში კი მერე დავადანაშაულებთ მთავრობას, პანდემიის ვიღაც ვირტუალურ გამომწვევს, მოკლედ ყველას საკუთარი თავების გარდა.

„სახალხო დამცველიც, ვფიქრობ, საკითხს სწორედ ასე მიუდგა - საკუთარი თავის დადანაშაულების ნაცვლად ყველა დაადანაშაულა. ასეთია ჩემი პოზიცია, დიდი ბოდიშის მოხდით," - ამბობს ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×