ქრისტინე კაპანაძე
21.08.2021

კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა დღითიდღე კრიტიკულად იზრდება. 21 აგვისტოს მონაცემებით, 24 საათში ვირუსს 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს დატვირთვას და უკვე გაჩნდა სერიოზული ხარვეზები მძიმე პაციენტების მართვაში? ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამ ახალ ანტირეკორდს ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას უკავშირებს, რამაც შესაბამისად მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდაც გამოიწვია.

გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს სისტემის კოლაფსის დასაწყის არ ნიშნავს. თუმცა, მისი თქმით, თუ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ არ დაიკლო, მალე დადგება მომენტი, როდესაც ყველა ინფიცირებულისთვის და მათ შორის მძიმე პაციენტებისათვისაც, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა ვეღარ მოხერხდება.

„გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა განპირობებულია იმით, რომ ბოლო ერთი კვირაა დღის განმავლობაში გვქონდა 5 ათასი ახალი შემთხვევა. როდესაც ასეთი ეპიდსიტუაციაა და ადამიანების ამ რაოდენობას უდასტურდება კორონავირუსის ინფექცია, შესაბამისად მძიმე პაციენტების წილიც იზრდება და ამიტომ, სამწუხაროდ, გაიზარდა გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობაც.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლინიკური სექტორი კოლაფსს განიცდის. თუმცა, თეორიულად, ასეთი დინამიკით თუ წავალთ, შესაძლოა ეს პრობლემა დადგეს და უკვე ვეღარ მოხერხდეს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტებზე, განსაკუთრებით მძიმე პაციენტებზე. მაგრამ ახლანდელი მონაცემით მე არ მგონია აქედან იყოს განპირობებული ადამიანთა გარდაცვალების მაღალი შემთხვევები," - ამბობს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 723 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა, ბოლო 24 საათში კი 4 901 ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×