ელზა პაპოშვილი
20.08.2021

ადგილობრივ არჩევნებამდე 6 კვირით ადრე ოპოზიციის ნაწილს კანდიდატები წარდგენილიც კი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ეს არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა, მათ ნაწილს აქამდე ამომრჩევლისთვის კანდიდატებიც კი არ წარუდგენიათ. თუმცა, ვინც წარადგინა, მათი მხრიდან მოქალაქეებს ჯერჯერობით საარჩევნო პროგრამა და დაპირებები არ მიუღიათ. ოპოზიციის ერთადერთი დაპირება ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაასრულებენ.   

მმართველი გუნდი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციაში საკადრო შიმშილია და ისინი ადგილობრივ არჩევნებზე ისევ დამარცხდებიან. 

ოპოზიცია ძალიან მძიმე ვითარებაშია - პოლიტიკური ინიციატივა დაკარგული აქვს, არ გააჩნიათ კონკრეტული ხედვა-შეთავაზება და არც საკადრო რესურსი, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ოპოზიცია იძულებულია ადგილობრივ არჩევნებში პარლამენტის წევრები და ცნობადი სახეები წარადგინოს და ამ გზით ხმების რაღაც რაოდენობა მაინც აიღოს.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის მიზანი ადგილობრივ არჩევნებში არა ხმების მოპოვება, არამედ „ქართული ოცნების" დაზიანებაა, რაც წარუმატებლობით დასრულდება. ქადაგიშვილმა ფოთში მერის პოსტზე გიგი უგულავას შანსებიც შეაფასა და როგორც აღნიშნა, უგულავას არჩევის შანსი მიზერული და მინიმალურია.

„რაც არ უნდა იყვიროს, ერთი რამ ფაქტად რჩება - ის მხილებული და გასამართლებული იყო კორუფციაში და ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადგენილი. კორუფცია დაკავშირებული იყო არა მხოლოდ პირად ანგარებასთან, არამედ ქალაქის ბიუჯეტიდან მისი პარტიის დაფინანსებასთან. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მისი შანსები ძალიან დაბალ დონეზე შეფასდეს", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის დანაყოფებს გათავისებული აქვთ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ და კანდიდატებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩევენ, - აღნიშნულ შეფასებას უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აკეთებს.

მაჭარაშვილის თქმით, ფოთში მერობის კანდიდატად ჯერ თინა ბოკუჩავას, ხოლო შემდეგ გიგი უგულავას დასახელება იმას ნიშნავს, რომ მათ ეს მუნიციპალიტეტი წილისყრით შეხვდათ, რადგან არცერთს ფოთთან ბმა არა აქვს.

„მგონი, ოპოზიციას დაავიწყდა, რა ტიპის არჩევნები ტარდება 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რაც მერებისა და საკრებულოების წევრების არჩევას ნიშნავს. ჩვენ კანდიდატებს იმის მიხედვით ვარჩევთ, ვინ რომელ მუნიციპალიტეტში უკეთ შეასრულებს მერისა და საკრებულოს წევრის ფუნქციებს. კანდიდატები სწორედ ამის გათვალისწინებით შევარჩიეთ. 

“ოპოზიცია ძიებაშია, ხოლო ვინც წარადგინა, არის ან ოჯახის წევრი ან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული კანდიდატი. წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობას მუნიციპალიტეტთან ბმა არ გააჩნია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორი იქნება უგულავას შანსები ფოთში. 

„როგორ წარმოუდგენია თავად უგულავას, რომ ფოთის მერად იმუშავებს და ამომრჩეველი მას ამის მანდატს გადასცემს?! მანაც კარგად იცის, რომ ეს არასდროს მოხდება", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად რჩება, მაგრამ იმ ხალხს, ვინც თავის დროზე ამ იდეას დასცინოდა, რეფერენდუმზე საუბარი ნაკლებად დაეჯერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

იაგო ხვიჩია იმასაც ამბობს, რომ ამ რეფედენდუმს ოპოზიცია სათანადოდ ვერ იყენებს, არ მოქმედებს სერიოზულად და არ იქცევა ისე, რაც არჩევნების მოგებას სჭირდება. სწორედ ამ კონტექსტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციური გაერთიანების მიერ არჩეული ტაქტიკა ხელისუფლებას იმდენად აწყობს, რომ ისინი შეკრულიც კი ჰგონია.

მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნები რომ რეფერენდუმია იმითაც იგრძნობა, რომ ამას "ქართული ოცნება" დაჟინებით უარყოფს.

"მე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად იანვრიდან განვიხილავდი. მისული ვარ სათითაოდ ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან და თუ ძველ განცხადებებს გაიხსენებთ, ნახავთ, როგორ არასერიოზულად მიიჩნევდნენ, როცა ვამბობდი, რომ ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმი უნდა ყოფილიყო. ეს ასზე მეტჯერ მითქვამს. იმათაც ასჯერ მეტჯერ უარყოფითი პასუხი გაუციათ - რა სისულელეს ლაპარაკობო! დღეს ერთად არიან დალაგებული და ამბობენ, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და არავის ბოდიში იმაზე არ მოუხდია, როცა ამბობდნენ: რა რეფერენდუმი, საიდან მოიტანა ეს "გირჩმაო", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანში იმყოფებოდნენ, სადაც ამომრჩევლებს შეხვდნენ.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, წელსაც, ისევე როგორც შარშან, გლდანში ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ელენე ხოშტარია დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში გლდანის რაიონში. ელენესნაირი ენერგიული დეპუტატი და შემდგომ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს ქომაგად. ამიტომ წარმატებები ელენეს და წარმატებები გლდანის რაიონს", - განაცხადა მელიამ.

პირველივე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, გლდანმა 2020 წლის არჩევნებზე ძალიან დიდი ბრძოლისუნარიანობა აჩვენა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სიის პირველი ნომერი კი არ ვიყო, არამედ, უშუალოდ ვიყო ამ მებრძოლ ხალხთან ერთად და ამ უბანში დავდოთ გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი, რომ პირველივე ტურში გლდანმა გამარჯვება გამოაცხადოს. გამარჯვება არ მოდის მხოლოდ პოლიტიკოსების ხარჯზე, ეს გამარჯვება მოდის ხალხის შემართების და ბრძოლის ხარჯზე და ეს გასულმა წელმაც გვაჩვენა", - განაცხადა ხოშტარიამ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×