ელზა პაპოშვილი
20.08.2021

გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - კორონავირუსს ბოლო 24 საათის განმავლობაში 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირდა 4743 ადამიანი. ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო, აუცრელი მძიმე პაციენტების გადარჩენას ექიმები ვერ ახერხებენ. მედიკოსები მოქალაქეებს დახმარებას სთხოვენ და მოუწოდებენ აიცრან, რათა დაიცვან თავიანთი და სხვისი სიცოცხლე. 

მძიმე ეპიდვითარების პარალელურად, ქვეყანაში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 24 000-მდე ადამიანი აიცრა.  საქართველოს მასშტაბით 10-მდე ამცრელი ცენტრია გახსნილი, სადაც მოქალაქეებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ აცრა.

ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 506 040-ს. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს პანდემიის გავრცელებიდან საქართველოში 6649 ადამიანი ემსხვერპლა.  

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3393  ინფიცირებული.  ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 440 370-მდე. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 46 389, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 29 181, PCR ტესტით - 17 208. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,22%, ბოლო 14 დღის - 10.86 %, ბოლო 7 დღის - 10.98%. სულ აცრილია - 907 665, დღიურად აცრილია - 23 986 ადამიანი.  

მიუხედავად სიკვდილიანობის გაზრდილი მაჩვენებლისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა.

"ხეზე დავაკაკუნებ, ზრდა არ არის ნახტომისებური. ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეულად იმ შეზღუდვებით, რაც შემოღებულია და იმ რეკომენდაციების უფრო მეტად აღსრულებით, რაც დაწესებულია და არ სრულდებოდა. ასევე გამოწვეულია ქვეყანაში აცრის პროცესის უფრო მეტი ინტენსიფიკაციით. სტაბილიზაციის გაჩენაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი აქვს ყოველდღიურად იმ 24 000-25 000 აცრას, რაც კეთდება," - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.  

ასეთი შემთხვევები ერთეულია, ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მედია ვებინარზე დასმულ შეკითხვას, თუ რატომ გახდა კორონავირუსის ვაქცინით ორჯერადად აცრილი ადამიანების რეანიმაციაში განთავსება აუცილებელი.

გამყრელიძის თქმით, როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია, ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან გადადების შანსი არსებობს.

„ჩემი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ერთეულია, რა თქმა უნდა, ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო. ის, რომ ორჯერ აცრილი იყო, ბევრს ეგონა და ჰგონია, რომ არ დაემართება კოვიდი და უფრო თავისუფლად არიან, არადა როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ გადადების შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს.

უხშირესად, როგორც გითხარით, 98-99% შემთხვევებში ძალიან იოლად წავა, მაგრამ შეიძლება იყოს 1%, ნახევარი პროცენტი, რომ დამძიმდეს ადამიანი. ამის ანალიზი ახლა კეთდება და ალაბთ ერთი თვე დაგვჭირდება, სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ანალიზსაც როგორ წავიდა ვთქვათ რეინფექცია ერთჯერადად და ორჯადად აცრილებში, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, თითზე ჩამოსათვლელია, მითუმეტეს ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიაც აცხადებს, რომ  კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემებით, ეპიდმდგომარეობის სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა.  მისივე თქმით, გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა უკავშირდება შემთხვევების მაღალ გავრცელებას.

"გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა, ბუნებრივია, უკავშირდება შემთხვევების მაღალ გავრცელებას. კლინიკური პრაქტიკის ნაწილში ის შესაძლებლობები და გამოცდილება, რაც დღეს არსებობს, იძლევა შემთხვევების მართვის საშუალებას, თუმცა, კლინიცისტები აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში, შემთხვევების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია და უფრო რთულია პროგნოზირება, რა გამოსავალი დადგება ამა თუ იმ შემთხვევაში და ამდენად, ისევ და ისევ აქცენტს აკეთებენ აცრის და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. ციფრები დღეს არის შედარებით ნაკლები, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც, კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ ნაადრევია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, თუმცა მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად იკვეთება ამ ციფრების საფუძველზე,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჯერჯერობით არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის ცნობილია, რომ ისრაელი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტზე მუშაობს და როცა შესაბამისი კვლევის შედეგი იქნება, უწყება ეცდება, ის საქართველოშიც გახდეს ხელმისაწვდომი.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჯერჯერობით არ არსებობს. რამდენიმე მცდელობა არის, რაც ერთი მხრივ, იქნება პირდაპირ ვირუსზე მიმართული მკურნალობა, ხოლო მეორე მხრივ, იმ დამაზიანებელი შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართული, რომელიც ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენთვის ცნობილია მიმდინარე კვლევების შესახებ და როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი და შედეგი გვექნება, ვეცდებით, რომ ეს მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოება, კლინიკური ჯგუფის გადაწყვეტილება და ის, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც, თუნდაც მესამე ფაზის კვლევის ფარგლებში საქართველოში შემოვა, უსაფრთხოდ იყოს გამოყენებული",-განაცხადა გაბუნიამ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების პარალლეურად ჯანდაცვის სამინისტრომ საველე ჰოსპიტალში პაციენტების შეყვანა უკვე დაიწაყო. დიღმის ოლიმპიურ დარბაზში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები განათავსეს. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საშუალო და მძიმე პაციენტების მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტორში ვეღარ ხდება - ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა საგანგებოდ შექმნილი საველე ჰოსპიტალი აეთვისებინა.

დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. 

"სრული მზაობა გვაქვს. ეტაპობრივად ხდება ჰოსპიტალში პაციენტების შემოყვანა. შემოყვანილია საშუალო სიმძიმის 9 პაციენტი. ამჟამად სტაბილურად არიან, არიან ჟანგბადდამოკიდებულები. ძირითადად, დელტა შტამია,"- აცხადებს რევაზ კუჭუხიძე. 

ამ დროისთვის დიღმის სპორტულ დარბაზში, რომელიც ჰოსპიტლადაა გადაკეთებული, 9 პაციენტი იმყოფება. ჰოსპიტალს აქვს რესურსი, მიიღოს 400-მდე პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსს რამდენიმე დღეში სამი ორსული ქალი ემსხვერპლა.  ახალგაზრდა ექიმ-რადიოლოგს ვირუსი ორსულობისას დაუდასტურდა, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ნაყოფი გადარჩა და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალნამშობიარევი ქალის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობენ ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში. მათი თქმით, ექიმებისა და პაციენტის ძალისხმევის მიუხედავად, ფილტვის ფუნქცია ძალიან დაზიანდა და ლეტალური შედეგი დადგა.

"ქირურგიული ჩვენებით ჩატარდა საკეისრო კვეთა, თავდაპირველად ის იყო CPAP-ზე, ანუ არ იყო სრულად ვენტილირებული, ვეხმარებოდით მას აპარატით. ძალიან მებრძოლი ხასიათის იყო, თვითონ ცდილობდა მაქსიმალურად დახმარებოდა სამედიცინო "სტაფს" მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. შემდგომში მოხდა მისი ინტუბირება, იმიტომ, რომ ძალიან გაფუჭდა ფილტვის ფუნქცია. დაავადების გაუარესება, ზოგადი მდგომარეობა გახდა იმის მიზეზი, რომ გოგონას სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შევძელით," - აცხადებს ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ალექსი ვაჩნაძე.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×