ია აბულაშვილი
19.08.2021

თბილისის მერობის კანდიდატთა დებატებს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს, დიდი ინტერსი უკვე გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით კალაძისა და მელიას საარჩევნო დებატებთან მიმართებაში, თუმცა პოლიტოლოგებს ეჭვი ეპარებათ, რომ ეს დებატები შედგეს.

პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო დებატები უნდა გაიმართოს არა მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, არამედ ნებისმიერი ქალაქისთვის მებრძოლ კანდიდატებს შორის.

"ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში დებატები კონკრეტულ საკიხებთან დაკავშირებით იმართება და კანდიდატები საკუთარ პროგრამებს წარადგენენ, ამომრჩეველიც ყურადღებას ამ პროგრამებზე ამახვილებს, აბა ვინ აჯობებს, ვინ რაში ეჯიბრება ერთმანეთსო? ჩვენთან კი დებატები სადღეგრძელოებს ჰგავს, ქართველი ხალხს კი სადღეგრძელოებით ვერ გააკვირვებ.

"მიიღებს თუ არ მონაწილეობას საარჩევნო დებატებში თბილისის მერობის კანდიდატები კახა კალაძე, თუ ნიკა მელია, დებატებზე არწასვლა იმდენად სამარცხვინო მოვლენაა, არა მგონია რომ უარი თქვან. ამიტომ, თუ შეიქმნა პირობები, არ გამოვრიცხავ, რომ ორივე დადგეს სადისკუსიო მაგიდასთან.

"დღეს "ოცნება" უფრო თავდაჯერებულია, რადგან ოპოზიცია ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნების რეფერენდუმთან მიბმა, მაშინ, როცა ხალხს ადგილობრივი არჩევნები იმისთვის უნდა, რომ პრობლემები ადგილზე გადაიჭრას; ასევე, სხვა შეცდომები, რომელსაც შეიძლება დებატების დროს ფარდა აეხადოს.

"ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა უარი თქვას დებატებზე, მიზეზად კი შეიძლება ბევრი რამ მოიგონონ.

"ჩემი აზრით, დებატები უნდა გაიმართოს არა მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, არამედ ყველა ქალაქისთვის მებრძოლ კადიდატს შორის და უნდა ისაუბრონ ქუთაისის, ზუგდიდის და სხვა ქალაქებში არსებული პრობლემების გადაჭრაზე კონკრეტულად და არა ზოგადად. ასე, რომ სადისკუსიო ტრიბუნები შეიძლება ყველა ადგილობრივ უბანში დაიდგას"- აცხადებს რამაზ საყარელიძე.

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ეჭვი ეპარება, რომ კალაძესა და მელიას შორის დებატები გაიმართოს.

"სამწუხაროდ ჩვენთან დებატების კულტურა არ არსებობს, ჩვენთან არსებობს შეურაცხყოფის კულტურა, კანდიდატები ერთმანეთს აყენებენ შეურაცხყოფას, ერთმანეთს უხსენებენ წარსულს და ა.შ.

"მე ძალიან გამიხარდება თუ საარჩევნო დებატები შედგა, მაგრამ მეეჭვება და განცდა მაქვს, რომ კალაძე საჭიროდ არ ჩათვლის მელიასთან დებატებს. უარის შემთხვევაში კალაძის გუნდი საპასუხოდ რამეს მოძებნის, ისეთს რომელიც დამაჯერებელი იქნება "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის.

"რაც შეეხება მელიას, ის თანხმობას იტყვის, რადგან დარწმუნებული იქნება, რომ კალაძე მასთან დებატებს არ გამართავს და ამაზე ააგებს მთელ კონცეფციას, მაგალითად კალაძეს შეეშინდა და ა.შ.

"ღმერთმა არ ქნას რომ კალაძე დათანხმდეს მელიასთან დებატებს, ერთ წამში დაენგრევა მელიას ეს კონცეფცია. კალაძეს ვურჩევდი, ერთი კარგი ფოკუსი ჩაუტაროს მელიას, უთხრას აი მოვდივარ და დამელაპარაკეო. მერე რა მოხდება? კალაძე ილაპარკებს თბილისზე, მელიამ რაზე უნდა ილაპარკოს, ილაპარკებს ბიძინაზე და პუტინზე"- განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×