ელზა პაპოშვილი
19.08.2021

ჯანდაცვის სისტემის მოსალოდნელ კოლაფსზე კიდევ ერთხელ საუბრობენ ეპიდემიოლოგები. მედიკოსები თხოვენ თითოეულ მოქალაქეს დაიცვან ელემენტარული წესები, რითაც შესაძლებელი იქნება კოვიდის გავრცელების თავიდან აცილება. 

საქართველო მეოთხე და ყველაზე რთული ტალღის პიკშია. ექიმები იმედოვნებენ, რომ რეგულაციები და მოსახლეობის დამოკიდებულება ვირუსს ეპიდმდგომარეობის უფრო დამძიმების შესაძლებლობას არ მისცემს.

მათი თქმით, ვერცერთ ვარიანტში ვერანაირი ჰოსპიტალური სექტორი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს, ამიტომ მოსახლეობას რეკომენდაციების  მინიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.  

მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია მოხდება, ქვეყანა მესამე დოზაზე დაიწყებს მსჯელობას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბუსტერი გარდაუვალი იქნება.

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, სამედიცინო დაწესებულებებზე დატვირთვა კვლავ ინტენსიურია, თუმცა ჯერ საწოლფონდის სრული ამოწურვა არ ფიქსირდება. საჭიროების შემთხვევაში კი პირველ საველე ჰოსპიტალში უკვე სრული მზადყოფნაა, დაკომპლექტებული სტაფი და სივრცე უკვე მძიმე - სარეანიმაციო პაციენტების მიღებასაც შეძლებს.

ქვეყნის მასშტაბით უკვე ორი საველე ჰოსპიტალია და საჭიროების შემთხვევაში კიდევ რამდენიმეს მოწყობაა შესაძლებელი, თუმცა, მედიკოსები იმედს იტოვებენ, რომ ამოქმედებული შეზღუდვების შედეგები მალე იქონიებს გავლენას კოვიდ სტატისტიკაზე და ახალი სივრცეების მოწყობა საჭირო აღარ გახდება.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 468 ტესტირება ჩატარდა და კორონავირუსის კიდევ 4 921 ახალი შემთხვევა დადასტურდა.კორონავირუსის ინფექციისგან გარდაიცვალა 58 ადამიანი. COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი. 

ჯანდაცვის მინისტრი, თამარ გაბუნია ქვეყანაში ეპიდვითარების საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს და ამბობს, რომ გარდაცვალების მატება შესაძლოა მომდევნო დღეებშიც დაფიქსირდეს. გარდა ამისა, თამარ გაბუნია გადატვირთულ ჰოსპიტალურ სექტორზე საუბრობს.

"სამწუხაროდ, გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 58 გარდაცვალების შემთხვევაა. რაც, ბუნებრივია, საგანგაშოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმის აუცილებლობას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა.

ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით. 

მოსალოდნელი მატება გარდაცვალების კუთხით შესაძლოა კიდევ იყოს მომდევნო დღეებში, რადგან როგორც იცით, მოგვიანებით ხდება სიკვდილობის მატება, დამძიმების შემთხვევები არის რეანიმაციულ განყოფილებაში," - აცხადებს თამარ გაბუნია. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საველე ჰოსპიტლების მოწყობასთან დაკავშირებით, მზადება დაწყებულია აჭარასა და იმერეთშიც. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საველე ჰოსპიტლებს გამოიყენებენ უკიდურეს შემთხვევაში და წარმოადგენს მზადებას ყველაზე ცუდი სცენარისთვის.

“ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ორი დიდი რეგიონია, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სჯობს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში რაღაც გადაწყვეტილებებისა და მზაობის უზრუნველყოფა. ამდენად, მიმდინარე სამუშაოები პროცესშია. იმედი გვაქვს, ეს არ დაგვჭირდება, რადგან ჯერჯერობით ორივე რეგიონში არის იმისი შესაძლებლობა, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდეს, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საავადმყოფოში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უმრავლესობა ვაქცინირებული არ ყოფილა. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს, იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან. 

"ჩვენ გავაკეთეთ ინფიცირებულების ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე, მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით, ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი არ იყო ვაქცინირებული. 

რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით ერთ პროცენტამდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3 პროცენტი, ამ 3 500 პირიდან რეანიმაციაში ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს, იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, ეს არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაქცინაცია გავიკეთოთ," – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კუთხით მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის.

"მდგომარეობა მძიმეა, ყველა ადგილი გადატვირთულია საავადმყოფოში. მოგეხსენებათ, დღეში საშუალოდ 6 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, რისი აწევაც ჰოსპიტალურ სექტორს ძალიან გაუჭირდება. ამ დილისთვის, არცერთი ადგილი არ არის კლინიკაში. ველოდებით, თუ ვინმე გაეწერება, რომ მძიმე პაციენტი შემოვიყვანოთ," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი.

ინფექციონისტ  ალექსანდრე გოგინავას თქმით კი, მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციების მონიტორინგი და ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გაზრდა. სხვაგვარად წლის ბოლოს ძალიან ცუდი სიტუაცია გვექნება. 

გოგინავა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუ გვინდა წლის ბოლოს ზრდასული მოსახლეობის 60%-მდე 2 ჯერ აცრილი იყოს, მაშინ დღეში 30 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას. მისი თქმით, ეს საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის დიდი წარმატება იქნება, რაც მოგვიტანს იმას, რომ წლის ბოლოს გვექნება იმუნური ფენა და ვირუსის გავრცელების ჯაჭვი გაწყდება.   

„რა თქმა უნდა,  ვაქცინირებული ადამიანების დღიური რაოდენობა მომატებულია, თუმცა, უმჯობესი იქნება კიდევ უფრო თუ მოიმატოს და დღიურად 30 ათას მაჩვენებელზე ავიდეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში სწრაფად შექმნის იმუნურ ფენას. ამიტომ, დინამიკა დადებითია, მაგრამ ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი ვაქცინირებული გვყავდეს და მოლოდინი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. 

“წლის ბოლოს ზრდასული მოსახლეობის 60%  2-ჯერ აცრილი რომ იყოს, დღეში 30 ათასიდან 35 ათასამდე უნდა აიცრას. სხვაგვარად ვირუსის გარცელების ჯაჭვი არ გაწყდება. ახლა ქვეყანაში ყველაფერია იმისთვის შექმნილი, რომ ავიცრათ. ვაქცინის მარაგი და სახეობაც საკმარისია. ავირჩიოთ და უპრობლემოდ ავიცრათ. 

“იმედი მაქვს, ყოველდღიური რიციხვი გაიზრდება და სადღაც 2-3 კვირაში როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ისევე იმუნიზაციის კუთხით წინსვლა გვექნება. ასევე მნიშველოვანია დაწესებული რეგულაციების აღსრულება, რაც ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს“, - ამბობს გოგინავა „რეზონანსთან“.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×