თეონა ვეშაგური
01.08.2021

„ნაციონალურმა მოძრაობამ" მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ პარლამენტში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა და ამ გადაწყვეტილების მიზეზიც დაასახელა. „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობას გაზრდის.

უდუმაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის" პარლამენტში დარჩენა საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯერ, ტექნიკურად, „ნაციონალური მოძრაობა" ვრჩებით პარლამენტში, მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას" არ მივცეთ საშუალება, ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის".

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა ნაწილი პარტიის პარლამენტში ყოფნას არასწორად მიიჩნევს, თუმცა არის მეორე მხარეც, რომელიც მხარს უჭერს პარტიის საკანონმდებლო ორგანოში აქტიურობასა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში მონაწილეობას.

„არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი და მეორეც, არსებობს ამომრჩეველთა მხარე, რომელთაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ მირებული ვის დაუჭირონ მხარი. ამიტომ, თუ ამომრჩეველთა მერყევმა ნაწილმაც დაინახა „ნაციონალური" მოძრაობის პარტიაში პოზიტიური ძვრები, არ არის გამორიცხული არჩევნებზე მხარი სწორედ მათ დაუჭიროს.

„ამ ორი კატეგორიის ამომრჩეველთა მხარდაჭერით, არსებობს შანსები, რომ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის გაზრდა არჩევნებისთვის."- განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ტაქტიკურ მიდგომას იწონებს და თვლის, რომ პარტიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ტაქტიკური თვალსაზრისით, პარტიამ სწორი გადაწყვეტიილება მიიღო. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც ეს პარტია ქუჩაში, პროტესტის რეჟიმში იყო გამოსული, მხარდამჭერთა დიდი ნაწილის თავმოყრა ვერ მოახერხა. ამიტომ ეს მოძრაობა კვლავ პროტესტის რეჟიმში დარჩენით შეინარჩუნებდა მხოლოდ რადიკალურ ამომრჩეველთა ხმებს.

„თუ „ნაციონალური" მოძრაობა გამოედევნება მისი რადიკალური მოქმედებების მხარდამჭერებს, შესაძლოა ამომრჩეველთა რაოდენობა ცოტა აღმოჩნდეს, არჩევნებში კი არ აქ მნიშვნელობა ხმა ვინ მოგცა - იმ ნაწილმა, რომელიც აქამდე მერყევი იყო, თუ იმან, რომელიც მხარს რადიკალური მოქმედებებისას გიჭერდა. აქ ითვლება მხოლოდ ხმების რაოდენობა. ამიტომ მიმაჩნია, რომ რადიკალური ქმედებებისგან გამიჯვნა ამ ეტაპზე ამ პარტიისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×